”დიქტატორი უნდა წავიდეს!” - ეგვიპტეში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები დაიწყო

 ეგვიპტის რამდენიმე ქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების დასაშლელად ქაიროში, ალექსანდრიასა და სუეცში სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებენ. დემონსტრანტები კი პოლიციას ქვებს უშენენ. ტელეკომპანია სი-ენ-ენი იუწყება, რომ  სამართალდამცველები ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნობელის პრემიის ლაურეატს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, მუჰამედ ალ-ბარადეის ქაიროს ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მეჩეთიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.

უსაფრთხოების ზომები ეგვიპტეში დილიდან გააძლიერეს, რადგან ხელისუფლება პარასკევის ლოცვების დასრულების შემდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დაწყებას ელოდა. მთავრობამ განაცხადა, რომ დიალოგისთვის მზად არის, თუმცა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ არეულობების შემთხვევაში ”გადამწყვეტ ზომებს” მიიღებდა. 

უცხოური მედიის ცნობით, დღეს დილიდან ქაიროს ქუჩებში სამხედროებით სავსე სატვირთო მანქანები მოძრაობდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ლოცვების შემდეგ ქაიროსა და ეგვიპტის კიდევ რამდენიმე ქალაქში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა და შეძახილებით ”დიქტატორი უნდა წავიდეს” პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომა მოითხოვა. საპროტესტო აქციები ეგვიპტეში სამი დღის წინ დაიწყო. არეულობებს უკვე 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი სამართალდამცველია. 

კომენტარები