ქართული სისხლის სამართლის სისტემის რევოლუციური რეფორმა

0 კომენტარი

ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც 2010 წლის ოქტომბრიდან შევიდა ძალაში, მართლაც რომ რევოლუციურია. ქართული რეფორმა, მსოფლიოს ანალოგიური რეფორმების მსგავსად, მხარეთა თანასწორობაზე დამყარებული შეჯიბრებითი პროცედურების დაწესებას გულისხმობს. ეს უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას მართლმსაჯულების განხორციელებაში და დაიცავს ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების საჯარო ინტერესსაც. თავისი მნიშვნელობით ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი წარმოადგენს მეორე კონსტიტუციას, რომელიც ადგენს გამოძიებისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის აუცილებელ პროცედურებს და სახელმწიფოსა და ინდივიდის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

 ახალმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა (ამოქმედდა 2010 წლის 1 ოქტომბრიდან) მრავალი სიახლე გაითვალისწინა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს შემოღებაა. როდესაც ამერიკის პრეზიდენტსა და ერთ-ერთ უდიდეს კონსტიტუციონალისტს, თომას ჯეფერსონს ჰკითხეს: რომელში – საკანონმდებლო თუ სასამართლო ხელისუფლებაში არ უნდა ჩაერიოს ხალხი, მან უპასუხა: „მიმაჩნია, რომ უმჯობესია ხალხი საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობას არ ეხებოდეს, რადგან კანონების აღსრულებაში მათი მონაწილეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათ შექმნაში...”.
 
ახალი კოდექსის მიხედვით, 12 ნაფიცი მსაჯული მხარეთა მიერ შეირჩევა 50 შემთხვევით არჩეული საქართველოს მოქალაქისგან და 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ის იმოქმედებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეებზე. 2012 წლის შემდეგ ის ამოქმედდება ქუთაისის საქალაქო სასამართლოშიც, ხოლო 2014 წელს მოიცავს საქართველოს მთელს ტერიტორიას იმ დანაშაულის საქმეებზე, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
 
როგორც გამოძიების, ისე საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე ბრალდების და დაცვის მხარე თანაბრად სარგებლობს ყველა საგამოძიებო მოქმედების – ჩხრეკისა და ამოღების გარდა, რისი უფლებაც მხოლოდ ბრალდების მხარის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა – ჩატარების უფლებამოსილებით. სასამართლო მსვლელობისას ორივე მხარეს გააჩნია თანაბარი უფლებები. პროკურორი ვალდებულია, დაამტკიცოს საქმე გონივრულ ეჭვს მიღმა, ხოლო დაცვის მხარე სარგებლობს დუმილის უფლებით. პროცესის დროს მოსამართლე გვევლინება არბიტრის როლში. ის ვერ განახორციელებს საგამოძიებო მოქმედებას მხარეთა შუამდგომლობის გარეშე. მოსამართლეს ასევე ეკრძალება მტკიცებულებების დამოუკიდებლად მოპოვება, რომლის საფუძველზედაც მოხდება პირის ბრალეულობის ან მისი უდანაშაულობის დადასტურება. ეს აშკარად ეწინააღმდეგება საბჭოური ეპოქის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებისათვის დამახასიათებელ “ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის” პრინციპს. მოსამართლე აღარ არის ვალდებული დაადგინოს სიმართლე, არამედ მან უნდა გადაწყვიტოს, დაადასტურა თუ არა ბრალდების მხარემ პირის დანაშაულობა გონივრულ ეჭვს მიღმა. მხარეებს უფლება აქვთ, დააყენონ შუამდგომლობები საკითხებზე, რომლებიც, მათი აზრით, ასაბუთებს მათ პოზიციას. ორივე მხარეს გააჩნია პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის უფლება. 
 
სიახლეს წარმოადგენს საქმის ზეპირი განხილვა. ძველი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პრაქტიკისაგან განსხვავებით, პროკურორს აღარ ექნება უფლება გამოიძახოს და დაკითხოს მოწმე დახურული წინასასამართლო არასაჯარო პროცედურების საშუალებით. გამოძიების ეტაპზე პროკურორსა და გამომძიებელს პირის ნებაყოფლობითი თანხმობის ან კოდექსის მიერ წინასწარ განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში (deposition) შეეძლებათ მისი დაკითხვა. მოწმის სავალდებულო დაკითხვა უნდა მოხდეს მოსამართლის თანდასწრებით. ეს უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლების მკაცრ დაცვას (ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ანალოგი, სადაც მოწმის პროცესზე გამოძახების უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს).
სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი დაპატიმრების ნაცვლად უპირატესობას თავისუფლების პრეზუმფციას ანიჭებს, ანუ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააპატიმრებენ, როდესაც არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ იგი დაიმალება, ჩაიდენს ახალ დანაშაულს ან ხელს შეუშლის გამოძიებას. სიახლეს წარმოადგენს გირაოს მინიმალური ოდენობის შემცირება 1000 ლარამდე (რეფორმამდე იყო 2000 ლარი), რაც საშუალებას მისცემს მოსამართლეს, მეტი ბრალდებულის მიმართ განიხილოს გირაოს გამოყენების შესაძლებლობა. აღკვეთის ღონისძიებებს დაემატა შეთანხმება გაუსვლელობის და სათანადო ქცევის შესახებ. იგი გამოიყენება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე.
 
ახალი კოდექსის ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე საქმის მსვლელობის დროს დაზარალებულის სტატუსის შეცვლაში მდგომარეობს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, საქმეში დაზარალებული არის არა მხარე, არამედ მონაწილე. ეს ნიშნავს, რომ დაზარალებული კარგავს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. როგორც ამერიკელმა მაგისტრატმა მოსამართლემ, არენასმა მართებულად აღნიშნა: „სისხლის სამართლის პროცესში მისაღებია დაზარალებულის მხარედ არყოფნა, ვინაიდან მისი ინტერესები უნდა წარადგინოს პროკურორმა. როდესაც მსხვერპლი არის ფაქტის შემსწრე, მაგალითად ყაჩაღობის შემთხვევაში, იგი ყოველთვის ატარებს ემოციურ ელემენტებს, რაც ხელს უშლის სიმართლის დადგენას და ზეგავლენას ახდენს დანაშაულის შედეგებზე”.
 
კოდექსს შემოაქვს დისკრეციული დევნის პრინციპი. ეს ნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს ღირს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. პროკურორის უარი საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე სასამართლოში არ საჩივრდება. იგი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან.
 
ჩამოყალიბდა ბრალდებულის ერთიანი დეფინიცია, რომელშიც გაერთიანდა ეჭვმიტანილის და განსასჯელის ცნებები. 
ახალმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა შემოიღო ე.წ. მტკიცებულებათა ორმხრივი მოძრაობის პრინციპი. იგი გამომდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატების სისხლის სამართლის სისტემიდან. მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე გააცნობს დაცვას საქმის მასალებს, იგი აღიჭურვება უფლებამოსილებით, მოითხოვოს იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც უნდა გამოიყენოს ამ უკანასკნელმა სასამართლო პროცესზე. ეს არის შეჯიბრებითობის მეთოდოლოგიის არსებითი ნაწილი, სადაც საქმის ორივე მხარე საკუთარი პოზიციის დასაბუთების თანაბარი შესაძლებლობით სარგებლობს. 
 
ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს “Amicus Curiae”. აღნიშნული პირი (ორგანიზაცია) არ წარმოადგენს პროცესის მხარეს, არამედ იგი სასამართლოს აწვდის ობიექტურ ინფორმაციას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და ამით გარკვეულწილად აბალანსებს დაზარალებულის მხარედ არყოფნას.
 
აღარ არის გათვალისწინებული დამსწრის ინსტიტუტი. დამსწრე შენარჩუნებულია მხოლოდ გარდამავალ პერიოდში (კოდექსის ამოქმედებიდან პირველი 2 წლის განმავლობაში).
 
გაუქმებულია ექსპერტის აცილების ყველა საფუძველი. ექსპერტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი.
 
პატიმრობის მაქსიმალური ვადა გამოძიების ეტაპზე შემცირდა 60 დღემდე (აქამდე იყო 4 თვე). 60-დღიანი ვადაა დაწესებული გამოძიებისათვის იმ საქმეებზე, სადაც ბრალდებული არსებობს. ბრალდებულად ყოფნის 12-თვიანი ვადა მოიცავს, როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლო განხილვას, რადგან აღარ არსებობს განსასჯელის ინსტიტუტი, შესაბამისად, პირი ბრალდებულის სტატუსს ინარჩუნებს განაჩენის გამოტანამდე. პატიმრის საქმე სასამართლოში უნდა გადაწყდეს მისი დაკავებიდან 9 თვეში, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი უნდა გათავისუფლდეს.
კოდექსის თანახმად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს განჩინებას მედიის, გამომცემლობის, რედაქციის, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რელიგიური, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების სათავსოებში ჩხრეკის, ამოღებისა და დაყადაღების შესახებ, თუ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება არ გამოიწვევს კონსტიტუციით დაცული სიტყვის, გამოხატვის, რწმენის, აღმსარებლობის, სინდისის ან გაერთიანების უფლების ხელყოფას.
 
პროკურორი აღარ ითხოვს სასჯელს სასამართლოში, არამედ მხოლოდ სასამართლო წყვეტს სასჯელის სახესა და ოდენობას.
 
საქმის სასამართლოში გადაცემისთანავე გაუქმებულია მისი გამოძიებაში დაბრუნების ყოველგვარი შესაძლებლობა. 
 
საქმის საკასაციო განხილვის ეტაპზე გაუქმებულია მისი ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების შესაძლებლობა.
საკასაციო განხილვის ეტაპზე შესაძლებელი გახდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ვინაიდან სასამართლოს განჩინების ნაცვლად გამოაქვს განაჩენი, ხოლო საპროცესო შეთანხმების გაფორმება შეიძლება მხარეთა კამათამდე.
 
ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის შეტანის უფლება მიენიჭა დაცვის მხარესაც და ის თანაბრად გავრცელდა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის სასარგებლოდ გამოვლენილ გარემოებებზეც.
 
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ამ რეფორმით საქართველომ ცალსახად აირჩია შეჯიბრებით პროცედურებზე დაფუძნებული საერთო სამართლის ქვეყნების მსგავსი სისხლის სამართლის სისტემის მოდელი. ამავდროულად, ახალმა კოდექსმა განსაზღვრა ხალხის ჩართულობა მართლმსაჯულების განხორციელებაში (ნაფიც მსაჯულთა სასამართლო). 
 
როგორც შეჯიბრებითი პროცედურები, ისე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო წარმოადგენს ფუფუნებას, რაც წარმოუდგენელია ყველა სისხლის სამართლის საქმეზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს საპროცესო შეთანხმებისა და სისხლის სამართლის ალტერნატიული ზომების გამოყენების როლი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები