აქ­ლე­მის დი­ე­ტა

 სპორტი ფაუნასთან გრძელვადიან ხელშეკრულებას აფორმებს. კლუბები თავის ფასში შეიძენენ პატარა, საყვარელ არსებებს და კლუბის ტერიტორიაზე გაზრდიან. ხელშეკრულებაში აუცილებლად იქნება შეტანილი პუნქტი, რომლის მიხედვით, ამ პერსონაჟებს თაობათა და კლუბის მფლობელთა ცვლა არ უნდა შეეხოთ. თუ დუბაის გასახდელში გაზრდილი ორი აქლემი 7-8 წლის შემდეგ აქლემების სამოთხეში წავა, კლუბმა ახალი თაობის კუზიან თილისმას უნდა მოუაროს. პრინციპში, უვლის კიდეც.

დუბაიში საფეხბურთო ოაზისია. 41 წლის წინ იქ შეიქმნა კლუბი ალ აჰლი. 40 წლის წინ კი კლუბის ერთ-ერთი მოწილის შვილის მეგობარმა, ფეხბურთელების ბაზაზე 3 თვის აქლემი მიიყვანა. იუმორი დააფასეს და აქლემს ბაზაზე თავისი კუთხე მიუჩინეს. ავსტრიის ზოოლოგიური ბაღიდან ჩამოიყვანეს დიეტოლოგი და ალ აჰლის ბაზაზე ორი კვირით დაიტოვეს. ზალცბურგში დაბრუნების წინ, ჰერ ტობიას გროთს ბენტლი აჩუქეს.

აქლემი კლუბის თილისმა გახდა. ყოველ დილით პატარა ჟირუს (სახელი მოწილის შვილის მეგობრის დედის მეგობარმა, რეზაი ფატიმა ბინტ მურავაიმ შეარჩია) 35 ბანანის, 2 კილოგრამი კივის და ვაშლის კოქტეილს ასმევდნენ, რომ შუადღის, ოდნავ მძიმე საკვების შემდეგ, ჟირუს კუჭი არ შეკვროდა. შუადღეზე პატარას ეძინა, საღამოს 2 საათით სასეირნოდ გაჰყავდათ და ძილის წინ აბრეშუმის ტილოთი მტვერს აშორებდნენ. ჟირუ 1983-ში გარდაიცვალა. ალ აჰლის მფლობელები 2-3 მილიონ დოლარს უფრო ახალ აქლემს დაახარჯავენ, ვიდრე  – კლუბის ლიდერს ხელფასს გაუზრდიან. დღეს ბაზაზე მონტი და აბდულა ცხოვრობენ. მონტი 3 წლის გახდა და აბდულას დაბადების მოწმობა არ არსებობს. კლუბს ორი თილისმა წლიურად (ჯამში) 12 მილიონი დოლარი უჯდება.

რომში, ლაციოს ფანები ყოველი საშინაო VS-ის წინ ლავეცის ფინტებზე უფრო, არწივის გაშვებას ელოდებიან. 2 წლის ოლიმპია, ბერლინის აუქციონზე ლაციოს პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ 2 700 ევროდ შეიძინა. არწივი ყოველი თამაშის წინ სტადიონს სამ წრეს ურტყამს და პრეზიდენტის ლოჟაში ბრუნდება. რომასთან მატჩის წინ არწივი არ გაუშვეს – ოლიმპია გაცივდა. რომამ ლაციოს მასტერკლასი ჩაუტარა, 2:0 მოუგო. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ედუარდო რეიამ, ლოტიტოსთან შეხვედრა მოითხოვა. არწივი დააბრუნეს, ლაციომ კალიარის შეუსრულა და ოლიმპიას კლუბის ტერიტორიაზე ორი უზარმაზარი ოთახი აჩუქეს. პრეზიდენტის მძღოლს ლაციოს რომაულ მატჩამდე არწივი ბაზაზე მიჰყავს, სადაც ოლიმპიას ასვენებენ და წნევას უზომავენ.

დეტროიტში 1989 წლიდან, რედ უინგზის ფანები, სტენლის თასზე სტივი აიზერმანის, სერგეი ფიოდოროვის და სხვა მაგარი ბიჭების ზუსტი გასროლის შემდეგ, ყინულზე 6 დოლარად შეძენილ სათამაშო რვაფეხებს აგდებენ. შარშან კურიოზი მოხდა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ყინულზე ცოცხალი რვაფეხა გადაუშვა, რომელსაც ნიკლას ლიდსტრიომმა ხუმრობით შაიბა მიარტყა. რვაფეხა იქვე, ყინულზე გარდაიცვალა. ლიდსტრიომმა ყველას ბოდიში მოუხადა. რვაფეხა ნიკლასის ეზოში დაასაფლავეს.

R.I.P.

კომენტარები