გუდაური „ჩაინიკებისთვის” და არამარტო მათთვის

კურორტი გუდაური

გუდაურს ყოველდღიურად 5 ათასამდე დამსვენებლის დატევა შეუძლია. ხუთ საბაგირო გზას ერთდროულად 4 ათასი მოთხილამურე მოიხმარს.12 გატკეპნილი სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე 25 კილომეტრს შეადგენს. ტრასის უმაღლესი წერტილი მთა საძელეზეა – 3 300 მ. თვითონ დაბა გუდაური ზღვის დონიდან 2000-2200 მეტრზე მდებარეობს. კურორტის რესურსი ამ დროისთვის სანახევროდაც არაა გამოყენებული: დაზვერილი სათხილამურო ტერიტორია უზარმაზარია და ერთდროულად 15 ათასი მოთხილამურის დატევა შეუძლია. აქაურობის მთავარი კოზირი არასტანდარტული, გაუკვალავი ადგილებია, რის გამოც გუდაურში უცხოელი ტურისტების ძირითადი ნაწილი ჩამოდის.

თუ სპორტის ისეთი ექსტრემალური სახეობების მოყვარული ხართ, როგორიცაა ჰელისკი და ფრირაიდი, მაშინ თქვენს მოთხოვნებს გუდაური აუცილებლად დააკმაყოფილებს. სტანდარტული თხილამურების, სნოუბორდინგის, ჰელისკისა და ფრირაიდის გარდა, იქ პარაპლანით და დელტაპლანით ფრენაცაა შესაძლებელი. სხვადასხვა სახის ექსტრემის მოყვარულებს მეორე საბაგიროს ბოლოსთან სნოუპარკი ელოდებათ, სადაც ტრამპლინებზე და ყინულის კედელზე ადრენალინის მორიგი დოზის მიღებაა შესაძლებელი.

ტარიფები:

სნოუბორდის ან თხილამურის დაქირავება: დღეში 15-40 ლარი

საბაგიროს აბონემენტი: 33 ლარი

სნოუბორდის ან თხილამურების ინსტრუქტორი: საათი 30-50 ლარი

ფრირაიდი: გიდი – 120 ლარი, მანქანა – 100 ლარი

ჰელისკი: ერთდღიანი ტური – 650 ევრო, ერთკვირიანი სტანდარტული პაკეტი – 6000 ევრო.

დეტალები ჰელისკის შესახებ ნახეთ საიტზე:

www.snowhome.ge

პარაპლანი – ერთი ფრენა 50 ლარი

 

სასტუმრო, საოჯახო სასტუმრო, ჰოსტელი

გუდაურში ერთი დიდი და 12 საშუალო და პატარა სასტუმროა. ფასები 60 ლარიდან იწყება და 1000 ლარამდე ადის.

ყველაზე დიდი სასტუმრო, ცოტათი მოძველებული, მაგრამ მაინც ყველაზე მრავალფეროვანი სერვისის მქონე – სასტუმრო გუდაურია (ყოფილი მარკოპოლო). 121 სხვადასხვა კატეგორიის ნომერში 250 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

სასტუმროში მოქმედებს ბარი, ღამის კლუბი, აუზი, საუნა, ჯაკუზი, ჩოგბურთის კორტები და რესტორანი.

ტარიფები:

ნომერი ორ პერსონაზე – 397 ლარი

ნომერი ოთხ პერსონაზე – 1000 ლარი

მოქმედებს შეღავათები 5 ღამის შემდეგ.

სპეციალურ შეთავაზებებს და სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ სასტუმროს საიტზე: www.hotelgudauri.com

შედარებით მცირე ზომის სასტუმროებში ფასები 60 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე ადის. კლიენტს სურვილის შესაბამისად შეუძლია აირჩიოს მომსახურება კვებით ან კვების გარეშე.

შედარებით იაფია ჰოსტელში ანუ გესთ-ჰაუსში ღამის გათევა: აქ ფასები 20-40 ლარამდე მერყეობს.

გუდაურის სასტუმროებისა და გესთ-ჰაუსების ჩამონათვალი შემდეგ ინტერნეტ მისამართებზე შეგიძლიათ იპოვოთ:

http://www.concordtravel.ge

http://info-tbilisi.com/travel/gudaurihotels

თუ თქვენ ზამთრის განმავლობაში დაკავებული ხართ და გსურთ, რომ თქვენმა შვილმა არდადეგები ჯანსაღ გარემოში გაატაროს, მისი სათხილამურო სკოლაში გაშვება იდეალური ვარიანტია. გუდაურში დღეისათვის 8 სათხილამურო სკოლა ფუნქციონირებს. 10-დღიანი სპორტული შეკრების ღირებულება 400-800 ლარამდე მერყეობს. ფასში შედის საცხოვრებელი, კვება, მწვრთნელის მომსახურება და ტრანსპორტირება. გადასახადი წვრთნის ინტენსიობაზე, პროფესიონალურ დონეზე და საცხოვრებელ პირობებზეა დამოკიდებული. არ დაგავიწყდეთ, რომ გუდაურში ფუნქციონირებს არაერთი კაფე, ბარი და რესტორანი და ფასები თითქმის დედაქალაქის მსგავსია.

ღამის გართობის მოყვარულებს მიუზიქ ჰოლი გუდაური ელოდება, რომელიც დამსვენებელს მთელი სათხილამურო სეზონის განმავლობაში ხარისხიან ელექტრომუსიკას შესთავაზებს.

როგორც გითხარით, ამ დროისთვის გუდაურში სრიალი მხოლოდ მთების წვერზე, კუდებთანაა შესაძლებელი. სინოპტიკოსები და შეუმცდარი www.accuweather.com თოვლიან იანვრის ბოლოს და თებერვალს წინასწარმეტყველებენ.

ასე რომ, უკვე დროა დაჯავშნოთ სასტუმრო და მოამზადოთ თხილამურები. გუდაური ბევრ ადრენალინს და ბედნიერებას გპირდებათ.

კომენტარები