რუსეთის 2008 წლის თავდასხმა ისტორიულ პერსპექტივაში

ამ კვირაში 91 წელი შესრულდება იმ დღიდან, რაც დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა უარი თქვა ფართომასშტაბიან გეგმაზე, გაეერთიანებინა ანტიბოლშევიკური კოალიცია, მხარი დაეჭირა რუსეთის თეთრი გვარდიისთვის, დაემყარებინა კონტროლი კასპიის ზღვასა და ბაქო-ბათუმის დერეფანზე და შემდეგ უკვე ძალის პოზიციებიდან გაემართა მოლაპარაკებები საბჭოთა ხელისუფლებასთან, რომელიც ის-ის იყო ყალიბდებოდა. ამ გადაწყვეტილების გეოპოლიტიკური შედეგი საბჭოთა კავშირისთვის ევრაზიის ცენტრალური ნაწილის 70 წლით გადაცემა იყო. 1920 წლის მოვლენების გააზრება გვთავაზობს 2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმისა და მისი გაუნელებელი სურვილის – აკონტროლოს შავი ზღვა და სამხრეთ კავკასია – ისტორიულ პერსპექტივას.

 
1919 წლის დასასრულს სერ ჰალფორდ მაკინდერი სამხრეთ რუსეთში ბრიტანეთის კომისრად დაინიშნა. ის 1920 წლის 1 იანვარს ჩავიდა სამოქალაქო ომისაგან ნანგრევებად ქცეულ რუსეთში. ნოვოროსიისკში მაკინდერი თბილისიდან მომავალ სერ ოლივერ უორდროპს შეხვდა, ამიერკავკასიის მაშინდელ უფროს კომისარს. როგორც მაკინდერი წერდა თავის ანგარიშში: „8 იანვარს ნოვოროსიისკიდან მატარებლით წამოვედი და მეორე დღეს ეკატერინოდარში ჩავედი, იქიდან კი ტიხორეცკაიას სადგურისკენ გავაგრძელე გზა, სადაც გენერალ (ანტონ) დენიკინს მაშინ შტაბი ჰქონდა”. 
 
ტიხორეცკაიაში ჩასულმა მაკინდერმა მაშინვე დაასკვნა, რომ დენიკინის მთავრობა ბოლშევიზმს მარტოდმარტო ვერ დაამარცხებდა. ნოვოროსიისკში დაბრუნებულმა, 12 იანვარს დაწერა: „შექმნილი მდგომარეობის სიმწვავის და ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობის გამო გადავწყვიტე სახლში ჩამოსვლა რამდენიმე დღით”. მისი ანგარიში რადიოგრამით გადაეცა კაბინეტს სამეფო ფლოტილიის გემ „კენტავრიდან” 21 იანვარს. 
 
კაბინეტის მდივნის, სერ მორის ჰენკის, სიტყვებით: მაკინდერმა „უნდა მოიაროს ყველა ანტიბოლშევიკური ქვეყანა ფინეთიდან კავკასიამდე და მათ გარკვეული მხარდაჭერა გაუწიოს... ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ბაქო-ბათუმის სარკინიგზო ხაზის შესანარჩუნებლად და დენიკინის ფლოტზე კონტროლის დასამყარებლად... ჩვენ უფრო ხელსაყრელ პოზიციაში უნდა ვიყოთ საბჭოთა რუსეთთან მშვიდობის დასამყარებლად, რომელსაც ახლა არ ულხინს”.
 
სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ახალი ამბავი არ იყო. ძმებმა როტშილდებმა და მათმა კონკურენტმა ლუდვიგ ნობელმა ნავთობის გადაზიდვა 1883 წელს დაიწყეს ახლად დამთავრებული ამიერკავკასიის რკინიგზით. სამი წლის შემდეგ კი სურამის უღელტეხილი აფეთქდა ბაქო-ბათუმის პირველი ნავთობ-მილსადენისთვის გზის გასაჭრელად. მილსადენი 1907 წელს ამოქმედდა. 
 
1918 წლის ბრესტ-ლიტოვსკის ზავით, რომლითაც დამთავრდა რუსეთის მონაწილეობა პირველ მსოფლიო ომში, გერმანიამ, უინსტონ ჩერჩილის თქმით, მისასვლელი მოიპოვა „უკრაინისა და ციმბირის მარცვლეულის ბეღლებისკენ, კასპიის ნავთობისკენ, უზარმაზარი კონტინენტის რესურსებისკენ”. რეალურად, ამ რესურსებისთვის სავარაუდო მოკავშირეები – თურქეთი და გერმანია – იბრძოდნენ.
 
ბრიტანეთის ძალები შეტევაზე გადავიდნენ. 1918 წლის ზაფხულის მიწურულს გენერალ-მაიორი ლ. გ. დანსტერვილი მესოპოტამიიდან და სპარსეთიდან ჩრდილოეთისკენ დაიძრა და ერთი თვით ბაქო დაიკავა. ნოემბერში კი ბაქოში ბრიტანეთის, საფრანგეთის, ამერიკისა და რუსეთის დროშებს ქვეშ დაფრინდა გენერალ-მაიორი ვ. მ. ტომსონი. ერთი თვის შემდეგ გენერალ ფორესტიერ-უოლკერმა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები სალონიკიდან ბათუმში გადმოისროლა. ომი დამთავრდა, მაგრამ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები ბოლშევიკებისთვის სტრატეგიული პოზიციების დათმობას არ აპირებდნენ.
 
მაგრამ ომმა ბრიტანეთს წაართვა ცოცხალი ძალა, სახსრები და ენერგია. 1919 წელს აჯანყება მოხდა ინდოეთში, ომი – ავღანეთში, თურქეთში მუსტაფა ქემალი ორგანიზებულ წინააღმდეგობას უწევდა მოკავშირეთა საოკუპაციო ძალებს. იმ დროისთვის, როცა მაკინდერი ბრიტანეთის კაბინეტს ანგარიშს აბარებდა, ბათუმში დისლოცირებულ მეთაურს უკვე ბრძანება ჰქონდა მიღებული, რომ ქალაქის დასატოვებლად მომზადებულიყო.
 
ბრიტანეთის არმიამ ბათუმი 1920 წლის ივლისში დატოვა. აზერბაიჯანში ბოლშევიკები ხელისუფლებაში 1920 წლის აპრილში მოვიდნენ, სომხეთში კი იმავე წლის ნოემბერში. 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკებმა სამოქალაქო არეულობის პროვოცირება მოახდინეს ბორჩალოში (ამჟამად მარნეული). ამ საბაბით საქართველოში 15 თებერვალს მე-11 წითელი არმია შემოვიდა და 25 თებერვლისთვის თბილისი დაეცა. ამგვარად, 70 წლით ჩაიკეტა ერთადერთი ჭიშკარი ევრაზიის ცენტრალური ნაწილისკენ.
 
შვიდი ათწლეულის შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა. ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა, რომლებიც, მართალია, მოსკოვის გავლენისადმი მგრძნობიარენი არიან, მაინც მოიპოვეს დამოუკიდებლობა. აზერბაიჯანი და საქართველოც გათავისუფლდნენ. 1999 წელს აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ხელშეკრულებას. „რუსეთი ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს გვიკარნახებს”, – განაცხადა ჰეიდარ ალიევმა, აზერბაიჯანის აწ გარდაცვლილმა პრეზიდენტმა.
საქართველომ მიზნად დაისახა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება. მან ამერიკელი ინსტრუქტორები მოიწვია და მუშაობდა ატლანტიკურ ალიანსთან „ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაზე”. 2008 წლისთვის კი ის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის, MAP-ის კანდიდატი გახდა.
 
მაგრამ გეოგრაფია და კულტურა უფრო მდგრადია, ვიდრე ამას ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი დასავლელი, ფიქრობდა და იმედოვნებდა. ეს იყო კონტექსტი პუტინის მიერ ფედერალურ ასამბლეაში 2005 წლის 25 აპრილს გაკეთებული განცხადებისა, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლა გასული საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო”.
 
ასეთი იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანზე პუტინის კარგად გათვლილი და დიდი ხნით ადრე მომზადებული შეტევის კონტექსტი. და – არ შეგეშალოთ – ეს კონტექსტია აგრეთვე საქართველოს უწყვეტი ოკუპაციისა რუსეთის მიერ, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ევროკავშირის შუამავლობით დადებული ხელშეკრულებების უტიფარი დარღვევისა, ჟენევის მოლაპარაკებების ობსტრუქციისა, გაეროსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის (ეუთოს) მისიების გაწვევის საქართველოში, სინამდვილეში კი ეუთოს მთლიანად ჩაკვლისა, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების შეჩერებისა და 1999 წელს სტამბოლში საქართველოდან და მოლდოვიდან გასვლის შესახებ აღებული ვალდებულებების უგულებელყოფისა.

კომენტარები