ელექტრომობილი, ჩვენი მომავალი

მსოფლიო საავტომობილო ბაზარს ელექტრომობილების ბუმი უახლოვდება. თუმცა არსებობს რამდენიმე პრობლემა, რომელთა მოგვარების გარეშე, მოლოდინი მოლოდინადვე დარჩება.

ჯერ ერთი, თანამედროვე ელექტრომობილები სიძვირით გამოირჩევა, რასაც ლითიუმ-იონური აკუმულატორების მაღალი ფასი განაპირობებს. თავის მხრივ, ასეთ აკუმულატორებს დღეს კონკურენტი არ მოეპოვება. მეორეც, პრობლემაა სვლის სიშორე – მართალია, ავტომფლობელთა ყოველდღიურ მოთხოვნებს თანამედროვე ელექტრომობილები თავისუფლად აკმაყოფილებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არაა. და მესამე: ჯერჯერობით, ელექტრომობილების ნორმალური ექსპლუატაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ამ ინფრასტრუქტურიდან ყველაზე მთავარი დასამუხტი წერტილებია, მის განვითარებას კი დრო და უზარმაზარი ინვესტიციები დასჭირდება.

1. ფასის ფაქტორი მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ლითიუმ-იონური აკუმულატორების „წყალობით”, თანამედროვე ელექტრომობილების ფასი, შესაბამისი კლასის შიდაწვისძრავიან ავტომობილებზე 2-2.5-ჯერ ძვირია. თავად განსაჯეთ, კომპაქტური შევროლე ვოლტის საბაზო ღირებულება 42 ათასი დოლარია, იმავე კლასის ნისან ლიფი კი 35 ათასი ღირს. მათი ღირებულების ნახევარზე მეტს, სწორედ აკუმულატორები განაპირობებს.

სიძვირესთან ერთად, ასეთ აკუმულატორებს შეზღუდული სამუშაო რესურსიც აქვს. კერძოდ, მაქსიმუმ 1 000 დამუხტვა-განმუხტვას უძლებს (ჩინური BYD უფრო მეტს გვპირდება), რის შემდეგაც ისინი შესაცვლელია. ესე იგი, დამატებით ხარჯს მოითხოვს. სამაგიეროდ, ჯენერალ მოტორსმა გამოიკვლია და დაადგინა, რომ თუ შევროლე ვოლტით დღეში საშუალოდ 60 კილომეტრს გადიხართ, წლიურად დაახლოებით 1 700 ლიტრ ბენზინს დაზოგავთ. და თუ დღიური გარბენი 100 კილომეტრია, მაშინ საწვავის დანაზოგი 2 200 ლიტრს მიაღწევს. გარდა ამისა, ამერიკული კომპანიის ევროპული შტოს, ოპელის მარკეტოლოგებმა გამოითვალეს, რომ ელექტრომობილით კილომეტრის გავლა დაახლოებით 0.02 ევროცენტი ჯდება, როცა შიდაწვისძრავიანი ავტომობილის შესაბამისი მაჩვენებელი 0.09 ევროცენტია (ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ლიტრი ბენზინი 1.16 ევრო ღირს).

მოკლედ, საექსპლუატაციო ხარჯის სიმცირე ნაწილობრივ აბალანსებს აკუმულატორების მაღალ ფასს. ამასთან, ელექტრომობილების მასობრივად წარმოება, აკუმულატორების ფასის შემცირებას განაპირობებს. ესეც რომ არა, ამჟამად ავტომწარმოებლები და ელექტრონიკის სფეროში მომუშავე კომპანიები, საავტომობილო აკუმულატორების ფასის შემცირების და მახასიათებლების გაუმჯობესების გზებს ინტენსიურად ეძებენ და ამ პროცესის შედეგიც, აკუმულატორების ფასის შემცირება იქნება.

კანკუნში (მექსიკა), გაეროს კლიმატთან დაკავშირებულ სამიტზე, რომელიც დეკემბერში ჩატარდა და რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანმა სტივენ ჩუმ განაცხადა, რომ ფასის მხრივ, ელექტრომობილი შიდაწვისძრავიან ავტომობილს, რეალურ კონკურენციას ხუთ წელიწადში გაუწევს.

2. სვლის სიშორის მაჩვენებლით, სუფთა ელექტრომობილი დღეს შიდაწვისძრავიან ავტომობილს ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამერიკაშიც კი, სადაც საშუალოსტატისტიკური ავტომფლობელი დღეში 60-100 კილომეტრს გადის, ელექტრომობილი მათს მოთხოვნილებებს სრულად დააკმაყოფილებს.

სვლის სიშორის გასაზრდელად, აკუმულატორების ტევადობის გაზრდაა საჭირო, რაც ამ ეტაპზე, მხოლოდ ბლოკში ელემენტების დამატებით შეიძლება. ეს კი ავტომობილს გააძვირებს. არსებობს მეორე გზაც, რომელიც ჯენერალ მოტორსმა შევროლე ვოლტისთვის გამოიყენა – ძალურ დანადგარს მცირელიტრაჟიანი შიდაწვის ძრავი დაამატა, რომლის დანიშნულებაც მხოლოდ გენერატორის ამუშავებაა. მათი ტანდემი დენს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიმუშავებს, როდესაც ელექტრონიკა დაადგენს, რომ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია გამოლევაზეა.

რა თქმა უნდა, დამატებითი აგრეგატები ავტომობილს აძვირებს, მაგრამ ფასის მატება უფრო მცირეა, ვიდრე აკუმულატორების დამატების შემთხვევაში იქნებოდა. სამაგიეროდ, (შევროლე ვოლტის) სვლის სიშორე 500 კილომეტრამდე გაიზარდა. მართალია, ამის გამო, ვოლტი ლიფზე 7 ათასი დოლარით ძვირია, მაგრამ ამერიკაში ჩატარებული გამოკითხვები ცხადყოფს, რომ იქაური მყიდველი უპირატესობას უფრო ძვირ ვოლტს ანიჭებს. და აქ ამერიკელების პატრიოტიზმის ფაქტორი არაფერ შუაშია...

3. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აქ ერთი საინტერესო ფაქტის მოყვანა შეიძლება – ელექტრომობილის მფლობელს შეუძლია, რომ აკუმულატორები შინ, იმ დროს დამუხტოს, სანამ მანქანა ფარეხში დგას. ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო შტეფსელით დამუხტვას 6-8 საათი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამის განმავლობაში, აკუმულატორები სრულად შეივსება. თუ სწრაფი დამუხტვაა საჭირო, არც ესაა პრობლემა – სპეციალური მოწყობილობით, აკუმულატორები ნახევარ საათში, დაახლოებით 80 პროცენტით ივსება.

დაბოლოს, იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობას თავისი ავტოპარკის ელეტრომობილებით შეცვლა აქვს გადაწყვეტილი. The New York Times-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, 4 ათასი ცალი შევროლე ვოლტი (სწორედ ამდენი ელექტრომობილის შეძენას ვაპირებთ) 164 მილიონი დოლარი დაჯდება, ამდენივე ნისან ლიფი კი – 128 მილიონი. თუ ჩვენი მთავრობა ცოტას მოიცდის და ამ განზრახვას სისრულეში ორი წლის შემდეგ მოიყვანს, ფასები აუცილებლად, მნიშვნელოვნად დაიწევს.

აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯენერალ მოტორსის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, რომელზეც ზემოთ ითქვა, 4 ათასი შევროლე ვოლტი ჩვენს მთავრობას წლიურად 6.8-8.8 მილიონ ლიტრ ბენზინს დააზოგვინებს.

სხვათა შორის, მალე ელექტრომობილების ბაზარზე კიდევ რამდენიმე ახალი ავტომობილი გამოჩნდება, რომლებსაც ვოლტსა და ლიფზე უკეთესი საფასო მაჩვენებლები ექნებათ. იმ დროისთვის კი, როცა ახლა შეძენილი ელექტრომობილების აკუმულატორები შესაცვლელი გახდება, ლითიუმ-იონური ელემენტების ფასიც საგრძნობლად (2-3-ჯერ) შემცირებული იქნება და ელექტრომობილების ექსპლუატაციაც, მთავრობის პარკში არსებულ შიდაწვისძრავიან ავტომობილებზე გაცილებით იაფი დაჯდება.

ჰო, მართლა, ნისან ლიფი ახლახან ევროპის 2011 წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელეს, შევროლე ვოლტმა კი საუკეთესოს წოდება ჩრდილოეთ ამერიკაში დაიმსახურა...

კომენტარები