მთავრობის თანდაყოლილი ცოდვა

"ინფლაცია ცოდვასავით არის – ყველა მთავრობა მას გმობს, მაგრამ მაინც სცოდავს”, – ამბობდა ბრიტანელი ეკონომისტი ფრედერიკ ლეი როსი და მართალი იყო. გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან, როდესაც ლეი როსი უინსტონ ჩერჩილის მთავრობის ეკონომიკური მრჩეველი გახლდათ, არაფერი შეცვლილა.

საქართველოს მთავრობაც ინფლაციას გმობს, მაგრამ მაინც სცოდავს.

ეროვნული ბანკის სტანდარტული ნარატივი, რომელსაც მისი წარმომადგენლები ბოლო დღეები ყველგან იმეორებენ, შემდეგია: მაღალი, 12-პროცენტიანი ინფლაციის ძირითადი მიზეზი მსოფლიო ბაზრებზე საკვების ფასების ზრდაა; იმის ნახევარი, რასაც საქართველო მოიხმარს, იმპორტირებულია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს ნიუ იორკის ბირჟაზე გავლენა, სამწუხაროდ(!), არა აქვს; შესაბამისად, ინფლაცია არავისი ბრალი არ არის და ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა, როგორც მეწყერი; კარტოფილის ფასის ზრდა რომ არა, ინფლაცია 6 პროცენტს არ ასცდებოდა.

ერთი შეხედვით დამაჯერებელი ნათქვამია. ოღონდ ერთი პრობლემა აქვს: რეალობისგან ისევე შორსაა, როგორც ეროვნული ბანკი – სოფლის მეურნეობისგან. ეროვნული ბანკის მენეჯმენტთან და ეკონომისტებთან გასულ კვირას დისკუსიებმა მხოლოდ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ (ყბადაღებული) კარტოფილი აქ არაფერ შუაშია!

მეტიც, საკვებზე ფასების ზრდაზე ოფიციალური პირების გაუთავებელმა ლაპარაკმა უკვე შექმნა მოსახლეობაში არაჯანსაღი აჟიოტაჟი – ხალხმა პროდუქტების მომარაგება დაიწყო. ასე თუ გაგრძელდა, გაზრდილი მოთხოვნა ფასების მატებას გამოიწვევს, რაც ინფლაციის კონტროლს კიდევ უფრო გაართულებს და, შეიძლება, შეუძლებელიც კი გახადოს.

მსოფლიო ბაზარზე საკვების ფასები, უდავოდ, გაიზარდა. ცხადია, ამან გავლენა იქონია ინფლაციაზე, რომელიც სამომხმარებლო კალათის ფასზე დაკვირვებით იზომება. მაგრამ, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც დამოკიდებულია იმპორტულ საკვებზე. ასეთია აფრიკის ბევრი ქვეყანაც, მაგრამ იქ ინფლაცია გასულ წელს ასეთი მაღალი არ ყოფილა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გასული წლის ოქტომბერში, როდესაც საქართველოში ინფლაცია ჯერ კიდევ 8.8% იყო, ბურკინა ფასოში – 1.98, ალჟირში – 5.25, ალბანეთში – 3%, ყირგიზეთში – 6% გახლდათ.

ახლა კარტოფილს მივხედოთ. საქსტატის მონაცემებით, მისი იმპორტის მოცულობა 700 ათასი დოლარი იყო, ხოლო ექსპორტის – მილიონ 200 ათასი. ეს იმდენი კარტოფილია, რამდენსაც თბილისი მოიხმარს, ალბათ, ერთ კვირაში. მსოფლიო ბაზარზე მასზე ფასის მომატებამ როგორ  უნდა გამოიწვიოს ორნიშნა ინფლაცია საქართველოში, მე პირადად არ მესმის.

სინამდვილეში, საქართველოში ბოლო 14 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი ინფლაცია გამოიწვია იმან, რომ ჩვენმა მთავრობამ გასულ წელს (მათ შორის, ინფრასტრუქტურაზე და ტურიზმზე) დახარჯა იმაზე მეტი, რაც საჭირო იყო. ეროვნულმა ბანკმა კი ამ ხარჯვაში მთავრობას ხელი შეუწყო ფულის მასის ზრდით, ანუ ახალი ფულის ბეჭდვით.

მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხელისუფლებას ეროვნული ბანკის ნარატივის, ეტყობა, სჯერა და ამ სიტუაციიდან თავის დაღწევას სოფლის მეურნეობის ე.წ. სტიმულირებით აპირებს. ამაზე, როგორც მთავრობის მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის მენეჯმენტი ლაპარაკობს.

სტიმულირება, შესაძლოა, ლამაზი სიტყვაა, მაგრამ რეალურად მარტივ რამეს ნიშნავს: ან იმპორტისთვის ბარიერების აღმართვას, ან სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას.

სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოხმარებაში იმპორტის წილი მაღალი იმიტომ არის, რომ საქართველოში მათი წარმოება, ელემენტარულად, ძვირია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ასეთი იმპორტული პროდუქტი (მაგ. ბოსტნეული) საბაჟო 12-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება, ლოკალური ნაწარმი ბაზარზე ფასების კონკურენციას ვერ უძლებს. სხვა პროდუქტებზე საბაჟო განაკვეთების აწევა, მართალია, ეროვნულ სოფლის მეურნეობას ცოტა უფრო მომგებიანს კი გახდის, მაგრამ ზოგადად ფასებს გაზრდის. ეს ისევ ინფლაციას გამოიწვევს, რომლითაც, პირველ რიგში, მოსახლეობის ღარიბი ნაწილი იზარალებს.

იგივე ეფექტი ექნება სუბსიდირებასაც: პირდაპირს – მაგალითად, თუ სახელმწიფო ხელოვნურად მაღალ ფასად შეისყიდის ადგილობრივ ხორბალს, ან არაპირდაპირს – მაგალითად, თუ სახელმწიფო სოფლად რაიმე ახალი ტექნოლოგიების დანერგვას დააპირებს. ორივე შემთხვევაში საჭირო გახდება სახელმწიფო ხარჯების გაზრდა. ვინაიდან, მე არ მჯერა, რომ რაიმე სხვა სექტორში სახელმწიფო ხარჯების შემცირება მოსალოდნელია, სუბსიდირებაც, მგონია, რომ ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდის ხარჯზე მოხდება. ანუ იგივეს მივიღებთ, რამაც ორნიშნა ინფლაციამდე უკვე მიგვიყვანა. ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, ყველაზე მეტად  მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ნაწილი დაზარალდება.

ერთადერთი კარგი, რაც შექმნილ სიტუაციაში შეიძლება მთავრობამ გააკეთოს, არის სახელმწიფო ხარჯების შემცირება. ეს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაა, მაგრამ მას მერე, რაც ინფლაციის თემა აქტუალური გახდა, ფინანსთა სამინისტრო მოკრძალებულად დუმს.

კომენტარები