იორდანიის მეფემ მთავრობა დაითხოვა

 ეგვიპტეში მიმდინარე მილიონიანი საპროტესტო მარშის პარალელურად, იორდანიის მეფემ აბდულა მეორემ მთავრობა დაითხოვა და ახალი პრემიერ მინისტრი დანიშნა. ახლადდანიშნულ პრემიერს მეფემ ისეთი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება დაავალა, რომელიც ”ჭეშმარიტ პოლიტიკურ რეფორმებს” გაატარებს. ”მთავრობამ უნდა გადადგას პრაქტიკული, სწრაფი და კონკრეტული ნაბიჯები ჭეშმარიტი პოლიტიკური რეფორმის, ყოვლისმომცველი განვითარების პროცესის დასაწყებად, ასევე დემოკრატიის გასაძლიერებლად,” ნათქვამია მეფის მიერ ახალი პრემიერ მინისტრისადმი მიწერილ ინსტრუქციების წერილში.

აბდულა მეორემ კაბინეტის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება გასულ კვირას იორდანიაში გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. ტუნისსა და ეგვიპტეში მიმდინარე დემონსტრაციებით შეგულიანებულმა იორდანიის მოქალაქეებმა პრემიერ მინისტრის გადადგომა და პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება მოითხოვეს. დემონსტრანტები იორდანიის ყოფილ პრემიერ მინისტრს საწვავზე და საკვებზე ფასების აწევაში ადანაშაულებდნენ. 

კომენტარები