რამიშვილის ბრძოლა ნატვრისთვალისთვის

3D ფილმს „საახალწლო ზღაპარი – ბრძოლა ნატვრისთვალისთვის” თითქმის ერთი წელი ამზადებდნენ (საკმაოდ დიდი დროა იმისათვის, რომ ხარისხიანი პროდუქტი შექმნა). სცენარის ავტორი და რეჟისორი შალვა რამიშვილია, ანიმაციური პერსონაჟების ანატომისტი – ცნობილი მხატვარი, კარიკატურისტი ზაალ სულაკაური.

ანიმაციის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინის ფონზე (ფილმის ვებგვერდზე ხომ კარგი ხუთვარსკვლავიანი კონიაკის ეტიკეტივით ეწერა: „საახალწლო ზღაპარი მზადდება უახლესი 3D სისტემით, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება დასავლურ სტანდარტებს”) სავსებით კანონზომიერია მაყურებლის კატეგორიულობა და მიუღებელია ავტორების თავის მართლება: 1) ეს ფილმი სწრაფად კეთდებოდა (ანუ სახელდახელოდ, კუსტარულად?); 2) ჰოლივუდის 3D ფილმებთან შედარებით მისი ბიუჯეტი საკმაოდ მწირი იყო (სპონსორები ვერ მოიძიეთ?); 3) ფილმზე პატარა შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობდა (პროფესიონალებმა დიდი თანხა მოითხოვეს?); 4) მთავარია, რომ ეკრანებზე პირველი ქართული 3D ანიმაცია გამოვიდა (მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება?)...

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი დრამატურგიულად სუსტია, ხოლო კომპიუტერული გრაფიკა საკმაოდ უხარისხოა (ასინქრონიზაცია, პერსონაჟების გადაადგილებისას თოვლზე არ ემჩნევა ნაკვალევი, თუმცა გრაფიკოსებისთვის ალბათ მთავარი იყო ქართულ ანიმაციაში კვალის დატოვება... ანუ, მონაწილეობა და არა გამარჯვება!), რამიშვილმა გადალახა მთავარი ბარიერი – პერსონაჟების გახმოვანება, დუბლირება, რომელიც ჩვენი აქილევსის ქუსლია. კარგი დუბლირების მოთხოვნა იზრდება იმ კანონიდან გამომდინარეც, რომელიც ავალდებულებს კინოთეატრებს, ფილმები აჩვენონ ან ორიგინალურ ენაზე ქართული სუბტიტრებით, ან მხოლოდ ქართულად დუბლირებული. არსებობდა უარყოფითი მოლოდინი იმისა, რომ 3D ფილმს „საახალწლო ზღაპარი – ბრძოლა ნატვრისთვალისთვის” კვლავ ზვიო, შონზო და მისთანები გაახმოვანებდნენ ჩვეული კვაზიესთეტურობითა და გაცვეთილი ლექსიკით, თუმცა ამჯერად პერსონაჟები გივი ბერიკაშვილმა და სხვა მსახიობებმა გაახმოვანეს. როგორც იქნა, რამიშვილიც მიხვდა, რომ რადიო 105-ის ხუმრობები და ინტონაცია აქ უადგილო იქნებოდა და მას მართლაც უნდა შეექმნა „პირველი ქართული 3D ფილმი” და არა მორიგი კინოანეკდოტი.

შალვა რამიშვილის ანიმაციურ ფილმს „საახალწლო ზღაპარი – ბრძოლა ნატვრისთვალისთვის”, მის წარსულთან კონტექსტში თუ განვიხილეთ, გამოვა, რომ რამიშვილი იბრძვის ნატვრისთვალისთვის, რომელმაც მხოლოდ ერთი ნატვრა უნდა აუსრულოს – შეცვალოს რეჟიმი! ამიტომ გარკვეული ეპატაჟის მოლოდინი ამ ფილმის შემთხვევაშიც გვქონდა და ამ მოლოდინს  ბავშვებით სპეკულაცია ნაკლებად ანეიტრალებდა. ბრძოლა ნატვრისთვალისთვის იმის მიმანიშნებელი იყო, რომ რამიშვილი დაიწყებდა ერის კრიტიკას: 1) სულ ნატვრისთვალის ძიებაში ვართ! 2) საკუთარი ხელით არაფრის გაკეთება გვსურს! ყველაფერი სხვამ, ანუ ნატვრისთვალმა უნდა აკეთოს და ა.შ. და ა.შ. თუმცა ეს არ მოხდა. მაგრამ პოლიტიკური მოვლენების მიღმა რომ არ დარჩენილიყო რამიშვილი, „საახალწლო ზღაპარში” მსუბუქად პოლიტიზირებულ განცხადებას აკეთებს ხევისბერის პირით, რაც გლეხის მხრიდან გლობალიზაციისა და საერთაშორისო პოლიტიკის მართლზომიერებისა და ავ-კარგიანობის შეფასებას ჰგავს. ხევისბერი ამბობს, რომ „უგუნურმა ადამიანებმა დიდი დანაშაული ჩაიდინეს, დედამიწაზე ყინული და თოვლი დნება და ჩვენს სამყაროს საფრთხე ემუქრება, რადგან გაყინული ბოროტება თავისუფლდება”. ბრავო! ალბერტ გორი იამაყებდა ჩვენით. როლანდ ემერიხის „დღე ხვალის შემდეგ” და „2012”-იც კი ჩამოვიტოვეთ გლობალური დათბობის თემის აქტუალიზაციის მხრივ.

და კიდევ ერთი. ნებისმიერი ბრძოლა – ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, ღმერთსა და ეშმაკს, არქეტიპებსა თუ გამყარებულ სტერეოტიპებს შორის, ამიტომ რამიშვილ-სულაკაურის ტანდემის შეფასებისას იმაზე ლაპარაკი უადგილოა, რომ „ეს სადღაც უკვე იყო და უკვე გვინახავს! ამაზე უკვე გვსმენია!”. ხელოვანი ადამიანი ხომ თითქმის ყოველთვის გამოხატავს სამყაროსა და რეალობას განზოგადებული ფორმითა და სიმბოლო-მეტაფორებით. ნუ განსჯით, თუკი მათ მიერ შეთხზული გმირები და ანტიგმირები მჭიდროდ იქნებიან შეკავშირებულნი „ბეჭდების მბრძანებელთან” (ორკები, სარუმანი და მალხაზის მიერ დროებით მწყობრში ჩაყენებული მკვდარ ხევსურთა სულები, რომლებიც გახსენებენ „ბეჭდების მბრძანებელში” არაგორნის მიერ დამონებულ მიცვალებულთა არმიას...). ნუ განსჯით, რადგან ისინი დასავლურ სტანდარტებზე და ხარისხზე იყვნენ ორიენტირებულნი!

სხვათა შორის, მომეწონა, რომ ამ ფილმში ანტიგმირებად მოგვივლინეს ორკები (ოკუპანტები) და არა ჩვენი საყვარელი დევები. დიდი მადლობა რამიშვილს იმისათვის, რომ ხელი შეუწყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენას და დევების იმიჯის რეაბილიტაციას, რომლებიც, თქმულების მიხედვით, სულაც არ იყვნენ ბოროტები, ველურები, კაციჭამია და ბავშვების საფრთხობელა (თუ არ ვცდები, გადმოცემის თანახმად ეს იყო შორეული სპარსეთიდან გადმოხვეწილი კერპთაყვანისმცემელთა ჯგუფი, რომლის დემონიზირებაც დაიწყეს ჩვენმა ქსენოფობმა წინაპრებმა გარკვეული დროის შემდეგ...). ბუნებრივია, ადგილობრივი დევების რეაბილიტაციას ხელი შეუწყო შრეკის წარმატებამ, რომელიც ძალიან უყვართ პატარებს („ბომბორა” მხოლოდ პარკი თუ იციან ბავშვებმა). ასე რომ, თუ დათრგუნავთ საკუთარ ეგოს, სუბიექტურ რეალობას, შეფასების კრიტერიუმებს, მაშინ შეგიძლიათ წაიყვანოთ თქვენი პატარები 3D ფილმზე „საახალწლო ზღაპარი – ბრძოლა ნატვრისთვალისთვის” იმისათვის, რომ ადრეული ასაკიდანვე გაიგონ ეროვნული ფილმწარმოების „ჭეშმარიტი” ფასი და გაითავისონ, რომ მთავარია გამარჯვება და არა მონაწილეობა, ანუ  ხარისხი და არა რაოდენობა (ქრონომეტრაჟი).

კომენტარები