ელ კლასიკო თასის ფინალში

გუშინ ესპანეთში სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. მადრიდში რეალმა 2:0 მოუგო სევილიას, ბარსელონამ კი გასვლაზე 3:0 დაამარცხა ალმერია.

ფეხბურთის ნებისმიერი გულშემატკივრისათვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სანახაობა ელ კლასიკოა, დღე, როდესაც ერთმანეთს მსოფლიო ფეხბურთის ორი გრანდი - მადრიდის რეალი და ბარსელონა უპირისპირდება.

ძირითადად წელიწადში ორი ასეთი შეხვედრა იმართება ხოლმე. მხოლოდ ხანდახან თუ გამოერევა იმავე წელს ამ გუნდების დაპირისპირება ესპანეთის ჩემპიონატის გარდა რომელიმე სხვა სარბიელზე. ასეთი შემთხვევები კი ფეხბურთის გულშემატკივარს ყოველთვის ახარებს, რადგან ერთით მეტი კლასიკოს ხილვის საშუალება ეძლევა.

წელს დამატებითი ელ კლასიკო უკვე გარანტირებული აქვთ ფეხბურთის ნამდვილ მოყვარულებს. ეს 20 აპრილს სევილიაში მოხდება, სადაც ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ერთმანეთის პირისპირ ბარსელონა და რეალი წარდგებიან.

თუმცა აპრილში ეს ერთადერთი კლასიკო არ იქნება. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ 17 აპრილს ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში მადრიდში რეალი ბარსელონას დაუხვდებოდა.

ესპანეთის სამეფო თასი ყველაზე მეტჯერ სწორედ ბარსელონას აქვს მოპოვებული. ამ ტიტულისათვის ბრძოლა 1902 წლიდან იმართება და ამ დროის მანძილზე კატალონიურმა გრანდმა ეს ტიტული 25-ჯერ დაისაკუთრა. მადრიდის რეალი კი სულ 17-ჯერ ფლობდა თასს და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ბარსას და ბილბაოს ატლეტიკს ჩამორჩება.

რაც შეეხება, ელ კლასიკოში ამ ორი გრანდის ურთიერთობას, აქ მცირე უპირატესობა მადრიდის რეალს აქვს. დღემდე გამართული 163 მატჩიდან 68-ში დედაქალაქელებმა იმარჯვეს, 65-ჯერ კატალონიელებმა, 30 კი ფრედ დასრულდა.

ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან ხუთივეში ბარსელონას ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს, კულმინაცია კი 29 ნოემბერს იყო, როდესაც ამბიციური პორტუგალიელის, ჟოზე მოურინიოს გუნდი ბარსელონაში 0:5 განადგურდა.

ახლა უკვე მთელი საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღება სწორედ აპრილში გასამართი ორი ელ კლასიკოსკენ იქნება მიმართული, სადაც რეალი რეპუტაციის აღდგენისათვის, ბარსა კი გამარჯვებების სერიის გაგრძელებისათვის იბრძოლებენ.

კომენტარები