საქართველოს ცხრა მინუსი და ერთი პლუსი

საქართველოს პრეზიდენტმა თავის არაერთ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარების მისაბაძი მოდელი – „შვეიცარია სინგაპურის ელემენტებით” – უნდა იყოს.  არც ქვეყნების შერჩევა და არც მიზნის ფორმულირება შემთხვევითი არ არის. ორივე ქვეყანასთან საქართველოს რამდენიმე მსგავსება გააჩნია.

საქართველო შვეიცარიასავით პატარა ქვეყანაა, მწირი ბუნებრივი რესურსებით (ორივე შეიძლება მხოლოდ წყალს დაეყრდნოს). შვეიცარიაც და საქართველოც გარშემორტყმულია მათზე გაცილებით დიდი სახელმწიფოებით. საზოგადოება ორივეგან მულტიეთნიკური და მულტიკულტურულია. ორივე ქვეყანას მდიდარი ბუნება აქვს, რაც მათ ტურისტულად მიმზიდველს ხდის.

სინგაპურს, ისევე როგორც საქართველოს, დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდა „კეთილად” და „ბოროტად” განწყობილი გარეშე ძალები, რომლებსაც მისი დაპყრობა სურდათ. სინგაპურის მსგავსად, საქართველოსაც მიმზიდველი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რაც ზრდის მის სავაჭრო ფუნქციას.

ეკონომიკური პოლიტიკა სამივე ქვეყნისთვის საერთოა – ლიბერალური, ღია და ექსპორტზე ორიენტირებული. ამ მიმართულებით საქართველომ ბოლო წლებში ბევრი რამ გააკეთა: მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორია, ბიზნესის წარმოების სიადვილის მიხედვით კი, მე-12 ადგილს იკავებს. 2005-2007 წლებში თხუთმეტი საბაჟო პროცედურა შვიდამდე შეამცირა. 2010 წელს 138 ქვეყანასთან ჰქონდა სავაჭრო ურთიერთობები. იმპორტის თითქმის 86% გადასახადისგან თავისუფალია. 2005-2010 წლებში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი ყოველწლიურად საშუალოდ 120 მილიონი აშშ დოლარით იზრდებოდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მსგავსება ამ სამ ქვეყანას შორის ისაა, რომ სამივე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. 2009 წელს, სინგაპურმა, სადაც 4.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 16.8 მილიარდი დოლარი ინვესტიცია მოიზიდა. შვეიცარიამ, სადაც 7.3 მილიონი ადამიანია – 9.7 მილიარდი, საქართველომ კი, რომლის მოსახლეობაც 4.4 მილიონია – 764 მილიონი დოლარი. შესაბამისად, სინგაპურში მშპ ერთ სულზე 50.5 ათასი დოლარი იყო, უმუშევრობა – 3%, ინფლაცია – 0.2%. შვეიცარიაში – მშპ ერთ სულზე – 43 ათასი დოლარი, უმუშევრობა – 4.4%, ინფლაცია კი უარყოფითი: -0.4%. საქართველოში კი – მშპ ერთ სულზე 4.8 ათასი დოლარი, უმუშევრობა – 16.4%, ინფლაცია – 1.7%. 

რა განაპირობებს სინგაპურისა და შვეიცარიის ეკონომიკურ წარმატებას? ორივე ქვეყანა თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებია. 2011 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში, სინგაპური მსოფლიოში მეორე ადგილზეა, შვეიცარია – მეხუთეზე, საქართველო – ოცდამეცხრეზე.

სინგაპურმა თავისი სამოქმედო პრინციპები 1966 წლიდან შეიმუშავა და მისი ერთგული რჩება: ამ ქვეყნის სამთავრობო ხარჯი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მცირეა (მთლიანი სამთავრობო ხარჯები ყოველთვის მშპ-ს 20%-ზე ნაკლები იყო, 2010 ფისკალურ წელს, მაგალითად, 16.7%); კანონის უზენაესობის კუთხით საუკეთესო ათეულში შედის (საკუთრების უფლებათა დაცვის ინდექსის მიხედვით შედგენილ საერთაშორისო რეიტინგში, 2010 წლის მონაცემებით, მე-8 ადგილზეა); მკაცრ მონეტარულ (ფულის მასის კონტროლი და დაბალი ინფლაცია) და ფისკალურ (დაბალი გადასახადები და მინიმალური სამთავრობო ხარჯები) პოლიტიკას ატარებს. შესაბამისად, 2010 ფისკალურ წელს, სინგაპურის საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ს 2% იყო, თითქმის იგივე, რაც შვეიცარიაში. ეს უკანასკნელი ფინანსური სტაბილურობის მაღალ ხარისხთან ერთად, განსაკუთრებით მიმზიდველი კარგი მმართველობის, ძლიერი დამოუკიდებლობის (ფედერალიზმის ხანგრძლივი ტრადიცია) და ეკონომიკური მოქნილობის გამოა (შვეიცარიის თითოეულ კანტონს (რეგიონს) ფართო უფლებამოსილება აქვს, თავად განსაზღვროს დაბეგვრის რეჟიმი, ასევე, ჯანდაცვის, ეკონომიკური და საჯარო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები).

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელსაც Heritage Foundation-ი 1995 წლიდან ადგენს, ყველა ამ პარამეტრს აფასებს. 1995-2011 წლების ანალიზი აჩვენებს, რომ ეკონომიკური თავისუფლების კვლევის მთელ პერიოდში სინგაპურის და შვეიცარიის ეკონომიკა თავისუფალი და მეტწილად თავისუფალი იყო. საქართველომ კი, ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე დაბალი ნიშნულიდან (რეპრესირებული) დაწყებული ყველა ეტაპი გამოიარა: მხოლოდ 2006 წელს გადავიდა ნაწილობრივ თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების კატეგორიაში. 2009 წლიდან დღემდე კი მეტწილად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა.

ეკონომიკური თავისუფლების კომპონენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ის, რაც ყველაზე პრინციპულია სინგაპურისა და შვეიცარიის შემთხვევაში – მთავრობის ზომა და საკუთრების უფლებები – საქართველოში მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე ნაკლები ქულით ფასდება. მთავრობის ზომისა და საკუთრების უფლებების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 3.6 პუნქტით ჩამორჩება.

ეკონომიკური თავისუფლების კვლევის მთელი 6 წლის განმავლობაში, მთავრობის ზომის კომპონენტის მიხედვით, საქართველოს ინდექსი 2011 წლამდე ყოველთვის აღემატებოდა მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს. ამ კომპონენტის მიხედვით, ქვეყანა, საშუალოდ, ყოველთვის მეტწილად თავისუფალ კატეგორიაში ხვდებოდა. მაჩვენებლის გაუარესება 2009 წლიდან დაიწყო: საქართველომ ჯერ ნაწილობრივ თავისუფალ და შემდეგ, მეტწილად არათავისუფალ კატეგორიაში გადაინაცვლა.

საკუთრების უფლებების მხრივ, საქართველო ყოველთვის ჩამორჩებოდა მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს. თუმცა 2009 წლიდან უმნიშვნელო გაუმჯობესება მაინც შეიმჩნევა.

მთავრობის ზომის კომპონენტის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 113-ე ადგილზეა. სინგაპური საქართველოზე 31 ქულით, ხოლო შვეიცარიაზე – 22 ქულით წინაა. 2011 წელს სინგაპურის მთავრობის ზომის კომპონენტი 4 პუნქტით გაუარესდა. მთავარი მიზეზი მთლიანი სამთავრობო ხარჯის მშპ-ს 17%-მდე გაზრდა გახდა. ეკონომიკაში ჩარევა ძირითადად სახელმწიფო კომპანიების მხრიდან ხდება. სინგაპურს მალე ახალი სახელმწიფო კომპანიებიც შეემატება – ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში. შვეიცარიამ მთავრობის ზომის კომპონენტი 0.4 ქულით გააუმჯობესა. ამის მთავარი მიზეზი ვალის მშპ-ს 40%-მდე შემცირებაა. მთავრობის პირდაპირი ჩარევა ეკონომიკაში შემოიფარგლება ფოსტის, რკინიგზისა და თავდაცვის რეგულირებით. საქართველოში მთავრობის ზომის კომპონენტი 5 ქულით გაუარესდა. მთავარი მიზეზია სამთავრობო ხარჯის ზრდა მშპ-ს 36.4%-მდე. საბიუჯეტო დეფიციტის ნიშნული 9.3%-ზე და მშპ-ს 30%-ზე მეტი საგარეო ვალი, ასევე, სახელმწიფო კომპანიების პრივატიზების შენელებული ტემპი. ამ კომპონენტის მიხედვით, საქართველო მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს 3.6 ქულით ჩამორჩება. მთავრობის ზომის გლობალური მაჩვენებელი 1.1 ქულით გაუარესდა. გლობალური ფინანსური კრიზისის საპასუხოდ, ბევრი ქვეყნის მთავრობამ, განსაკუთრებით კი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში, აამოქმედა სხვადასხვა მასტიმულირებელი პროგრამა და გაზარდა მთავრობის ზომა. მთავრობის ზომის გლობალური მაჩვენებელი 33.5%-ია, რაც წინა წელთან შედარებით, 0.7 პუნქტით მეტია.

საკუთრების უფლებების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 73-ე ადგილზეა. სინგაპური ორივე ქვეყანას – საქართველოს და შვეიცარიას მნიშვნელოვნად – საშუალოდ 50 ქულით უსწრებს. ამ კომპონენტის მხრივ, საქართველოს 2011 წლის ინდექსში ყველაზე დაბალი ქულა აქვს. მთავარ მიზეზად, კვლევა დაუცველ კერძო საკუთრებასა და  სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხს ასახელებს. მსოფლიო მასშტაბით საკუთრების უფლებები 0.2 პუნქტით გაუარესდა. მთავარი მიზეზი გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, ბევრი ქვეყნის მთავრობის მხრიდან საკუთრების ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება გახდა. საკუთრების უფლებების დაცულობა მთელს მსოფლიოში მხოლოდ 15 ქვეყანაში გაიზარდა.

საქართველოს ქულები აკლდება მონეტარულ თავისუფლებაში, შვეიცარიასა და სინგაპურთან შედარებით, მაღალი ინფლაციის გამო: 2007-2009 წლებში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი სინგაპურსა და შვეიცარიაში მშპ-ს 1.5% იყო, საქართველოში – 4.4%. 

ფისკალური თავისუფლების კუთხით, საქართველო შვეიცარიაზე წინაა, თუმცა 2011 წელს შვეიცარიამ და სინგაპურმაც თავიანთი მაჩვენებლები გააუმჯობესეს, საქართველომ კი გააუარესა. ორივე ქვეყანაში გადასახადები შემცირდა: სინგაპურში კორპორატიული 18-დან 17%-მდე, შვეიცარიაში ფედერალური საშემოსავლო, რომელიც კანტონურ დონესთან შედარებით, თითქმის სამჯერ ნაკლებია. საქართველოში საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე შემცირება გადავადდა. სინგაპურთან და შვეიცარიასთან შედარებით, ქვეყანაში მაღალია სავაჭრო ტარიფებიც: შვეიცარიასა და სინგაპურში შეწონილი საშუალო ტარიფი 0%-ია, საქართველოში 0.4%.

თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს აქვს ის, რაც შვეიცარიამ და სინგაპურმა უკვე გამოიარეს – სწრაფი განვითარების შანსი. ამის საფუძველს წლების განმავლობაში საინვესტიციო თავისუფლების განვითარების ტენდენციაც იძლევა.

2011 წლის რეიტინგში, საინვესტიციო თავისუფლების მიხედვით, სამ ქვეყანას შორის ლიდერი საქართველოა. ის სინგაპურსა და შვეიცარიაზე წინაა, შესაბამისად, 5 და 10 ქულით. 2009 წელს გლობალურად უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული 102 გადაწყვეტილება მიიღეს. აქედან 71 ემსახურებოდა ლიბერალიზაციასა და ინვესტიციების წახალისებას. მსოფლიო მასშტაბით, საინვესტიციო თავისუფლება 1.3 ქულით გაუმჯობესდა.

ეკონომიკური თავისუფლების კვლევას ერთი მთავარი შედეგი აქვს: ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს სცემს პატივს და კერძო ბიზნესის წახალისებას უწყობს ხელს, დადებითი შედეგები მოაქვს ნებისმიერი ქვეყნისთვის, მისი ისტორიის, რესურსების ან განვითარების დონის განურჩევლად.

 

კომენტარები