კონტროლის პალატა: დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის მონაცემები ”საგანგაშოა”

კონტროლის პალატამ სახელმწიფოს დაფინანსებით 2008–2010 წლებში განხორციელებული დაზღვევის პროგრამის აუდიტი ჩაატარა. კონტროლის პალატის ხელმძღვანელის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, აუდიტის წინასწარი მონაცემები „საგანგაშოა“.

წინასწარი დასკვნის თანახმად, სადაზღვევო კომპანიებს 2008–2010 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 284 მილიონი ლარი გამოეყო  დაახლოებით 808 000 ადამიანის ჯანმრთელობის დაზღვევისთვის; კონტროლის პალატის მონაცემებით, მოსახლეობის მომსახურებაზე  აღნიშნული თანხის მხოლოდ 40% -მდე დაიხარჯა და დაზღვეულთა მხოლოდ მეხუთედს მოხმარდა.  

"მკაცრი სახელმწიფო რეგულირების არარსებობის და სადაზღვევო კომპანიების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ბოლო სამი წლის მანძილზე ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამიდან სადაზღვევო კომპანიების მოგების მარჟამ 60%–ს გადააჭარბა. სადაზღვეო პროგრამის ნაკლოვანი მხარეებია სამედიცინო მომსახურების ხელოვნურად შეზღუდული ხელმისაწვდომობა და პროგრამით მოსარგებლეთა არასაკმარისი ინფორმირება,” ნათქვამია საქართველოს კონტროლის პალატის განცხადებაში. საქართველოს კონტროლის პალატა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის კანონიერად მართვაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს.

ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი, GPI Holding–ი სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ათი კომპანიიდან ერთ–ერთი უმსხვილესია. კონტროლის პალატის განცხადებას კომპანია იმავე დღეს გამოეხმაურა და განაცხადა რომ მოტანილი ციფრები ”გაბერილია.” იმავე დღეს კომპანიამ საკუთარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ბოლო 4 წლის მანძილზე მისი მოგების მარჟამ პროგრამიდან, დაახლოებით, 7.1% შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ 2007–2010 წლებში 5.5 მილიონ ლარს მიაღწია. კონტროლის პალატის წინასწარი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სადაზღვევო კომპანიების შემოწმება დაიწყო.

კონტროლის პალატის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ალასანიამ არც უარყო და არც დადასტურა ინფორმაცია, რომ   საგამოძიებო ორგანოს მიერ კომპანიების შემოწმება კონტროლის პალატის აუდიტის წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების საფუძველზე დაიწყო. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, ინფორმაციას შემოწმების შესახებ  სადაზღვევო კომპანიების ნაწილიც ადასტურებს, თუმცა კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი  გურამ ჩახვაძე ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული აუდიტის შედეგებზე პარლამენტისგან რეაგირებას მოითხოვს. ედპ-ის ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, კონტროლის პალატის შემოწმებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და დაადასტურა, რომ სოციალური სფეროს კომერციალიზაცია ”სიკეთის მომტანი არ არის.”  

კომენტარები