რა მივაყოლოთ წინანდალს

0 კომენტარი

ამ თემაზე ლაპარაკს, როგორც სათაურიდანაც ჩანს, წინანდლით დავიწყებთ. წინანდალი საფლაგმანო ქართული ღვინო და კახეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილწარმოშობაა. აქ რქაწითლიდან და კახური მწვანედან აყენებენ სასიამოვნო მჟავიანობის, ძალიან ცოცხალ ღვინოს, რომელიც კერძების საკმაოდ ფართო სპექტრს შეიძლება შეეხამოს. არსებობს მუხაში დავარგებული წინანდლებიც და ხალასი, უმუხო წინანდლებიც, შესაბამისად, ცოტათი განსხვავებული უნდა იყოს მათი მისაყოლებელიც. ზოგიერთი მაღალმჟავიანი წინანდალი აპერიტივადაც კარგი იქნება, ზოგადად უმუხო წინანდლებთან კი კარგი იქნება ქათმის სალათები, მშრალი ყველები, კიბორჩხალა და სხვა ზღვის ნაწარმი, ასევე მოხარშული თევზი, ინდაურის და ქათმის თეთრი ხორცი, ხოლო მუხაში დავარგებულებთან წავა – ლორიანი სალათები, სუნელებში დაბუღული კალმახი, შემწვარი ქათამი და ინდაური, საქონლის ტვინი.

ასევე უნდა ვახსენოთ ადგილწარმოშობის ღვინოები გურჯაანი, ვაზისუბანი, ნაფარეული, მანავი და სხვა. ამ ღვინოთაგან ზოგიერთს ძალზე მდიდარი სურნელები ახასიათებთ, გვხვდება უაღრესად ხალისიანი ნიმუშები, სხვები კი ფოლადისებული ხასიათით, ნეიტრალური გემოთი და მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა. ასეთი ღვინოები ხშირად რქაწითლისა და კახური მწვანის კუპაჟს წარმოადგენს, თუმცა არის მონოვარიეტალებიც, სადაც მხოლოდ ერთი ჯიშია გამოყენებული. რამდენიმე წელია, რაც ქართველმა მეღვინეებმა დაიწყეს ძალზე საინტერესო ევროპული ტიპის ღვინოების წარმოება ქისისა და ხიხვის ჯიშებიდანაც.

შესანიშნავი ღვინო დგება მწვანე კახურის ჯიშიდან გარე კახეთში. პირველ რიგში ლეგენდარული მანავის მიკროზონა უნდა აღვნიშნოთ. ასევე გამორჩეულია ალაზნის მარცხენა ნაპირის მწვანეები, ახმეტის რაიონის სოფლებით დაწყებული – ყვარლის ზონით დამთავრებული. ამ ღვინოებთან, რა თქმა უნდა, თევზეულია საუკეთესო მისაყოლებელი, მსუბუქად გამოყვანილი, მოხარშული, შემწვარი... შედარებით ეგზოტიკურია ქისისა და ხიხვის ჯიშებიდან დამზადებული ევროპული ტიპის ღვინოები, ამიტომ მსუბუქ სალათებთან და ორთქლზე მოხარშულ თევზთან ჯობია მივირთვათ. ხიხვში, მაგალითად, ბზისა და სხვა უცხო მცენარეული ტონებიც მოჩანს, ამიტომ მასთან, მემგონი კარგად შეკმაზული, ორთქლზე მომზადებული თევზიც შეიძლება წავიდეს.

დაკვირვებული მომხმარებელი ასევე იშოვის კახეთის რეგიონში მოწეული შარდონესა და სოვინიონ ბლანისგან დაწურულ ღვინოებსაც. რა თქმა უნდა, ეს ღვინოები ისეთი გამორჩეული და ტიპური არაა, როგორც, ვთქვათ, შაბლის რეგიონის შარდონეები ან სანსერისა და პუიი ფიუმეს სოვინიონ ბლანები, მაგრამ მისგან მაინც საკმაოდ თვითმყოფადი ღვინოები დგება და იგი თავის მეწყვილეს ადვილად იპოვის – პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზღვის ნობათს უნდა მივაყოლოთ, მიდიების სუპს, კრევეტებს და სხვა.

ევროპული ტიპის კახური ღვინოები პირობითად ორ კატეგორიად შეიძლება გაიყოს: ხასიათიანი, ჯიშური არომატებისა და მდიდარი ბუკეტის ღვინოები (მუხაში დავარგებული წინანდალი, საუკეთესო ნაფარეული და მანავი, ხიხვი და ქისი), რომლებიც ძალიან მშრალებიც ინარჩუნებენ ხილის სურნელს და მეორე, შედარებით ორდინარული ღვინის არომატებიანი მაღალი მჟავიანობის ღვინოები (ასეთები ძირითადად გურჯაანული და საგარეჯოული ყურძნისგან მზადდება). ეს ორდინარული “ევროპული კახურები” აპერიტივად არ გამოდგება, სამაგიეროდ შემწვარ თევზთან და ფრინველის ხორცთან ისინიც შეუცვლელნი არიან, ზოგიერთი მათგანი მწარე და შეკმაზული კერძების ზეწოლასაც უძლებს (ასეთ შემთხვევაში ღვინო სასურველია გრილი მივირთვათ), უხდება უმარტივეს სადილებს, სხვადასხვანაირ ყველს, კარტოფილიან კერძებს, სალათებს, ხორციან წვნიანებს, მწვანე ლობიოსა და ხაჭაპურს, ღვეზელებს

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები