სოციალური მედიის აქილევსის ქუსლი

ინტერნეტის განვითარებისა და მისი მომხმარებლების რაოდენობის მატების კვალდაკვალ, სოციალური მედიის როლი ადამიანების ცხოვრებაში სულ უფრო იზრდება. მთავარი მახასიათებელი, რომელიც სოციალურ მედიას ტრადიციულისგან განასხვავებს, ისაა, რომ მისი ძირითადი ნაწილი მომხმარებლების მიერვე იქმნება. ძველი ვერსიის ინტერნეტსაიტებზე ინფორმაციის ნაკადი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდიოდა – საიტის ადმინისტრატორიდან მისი მომხმარებლებისკენ. ამ უკანასკნელს საკუთარი მოსაზრების გამოხატვის ან სულაც ინფორმაციის განვრცობის და შევსების საშუალება არ ჰქონდა. Web 2.0-თან ერთად საიტებზე ინტერაქციის შესაძლებლობა გაჩნდა. ინფორმაციის გავრცელება გამარტივდა, რამაც მის გამრავალფეროვნებასაც შეუწყო ხელი. სწორედ ინტერაქციის შესაძლებლობა უდევს საფუძვლად სოციალურ მედიას.

ინტერაქტიული ურთიერთობა ყველასთვის მომგებიანია. მომხმარებელს საშუალება ეძლევა გამოხატოს საკუთარი აზრი ამა თუ იმ პროდუქტთან დაკავშირებით. მის ავტორებს კი მომხმარებლის დამოკიდებულების შესახებ ექმნებათ წარმოდგენა.

კომერციული საქმიანობა სოციალური მედიის მხოლოდ ერთი მხარეა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობის ეს ფორმა კარგი ინსტრუმენტია ერთნაირი ინტერესების მქონე ადამიანთა ჯგუფებისთვის.  მათ საშუალება ეძლევათ, დაგეგმონ და განახორციელონ ესა თუ ის აქტივობა: უბრალოდ შემოიკრიბონ თანამოაზრეები, ან რაიმე ერთობლივი საქმე გააკეთონ. მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტში ინიცირებულ აქტივობათა უამრავი მაგალითი არსებობს. მაგალითად, 2009 წლის გაზაფხულზე მოლდოვაში განვითარებული მოვლენები  „Twitter-ის რევოლუციად” მოინათლა. ამ პერიოდში კომუნისტური მთავრობის საწინააღმდეგო მოთხოვნებით ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციების მასშტაბურობაში დიდი როლი სწორედ სოციალურმა საიტმა Twitter-მა შეასრულა – მისი მეშვეობით ახდენდნენ ორგანიზატორები აქციების მონაწილეთა კოორდინაციას. მაგალითად, 2004 წელს საქართველოში ინტერნეტჯგუფ „რე–აქციას” მიერ წამოწყებული საზოგადოებრივი პროტესტიც  გამოდგება. მისი მონაწილეები წლების განმავლობაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ორგანიზება ამ შემთხვევაშიც ინტერნეტფორუმების დახმარებით მოხდა.

ეს  მაგალითები მართლაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სოციალურმა ქსელებმა აქტივობის ფორმა თვისობრივად შეცვალა. მეტიც, ინტერნეტმარკეტოლოგების და აქტივისტების წრეში უფრო და უფრო ხშირად ისმის მოსაზრება მის ყოვლისშემძლეობაზე. თუმცა, ზოგიერთი ასპექტით ეს შეფასება გადაჭარბებულია. გარდა მისი საყოველთაოდ აღიარებული სიკეთეებისა, არსებობს ისეთი რამ, რაც სოციალურ მედიას არ შეუძლია. ეს კი ხშირად რჩება ყურადღების მიღმა.

სოციალური მედია საზოგადოებრივი აქტივობის ერთადერთი ინსტრუმენტი არ არის. ვირტუალურ ქსელში ატეხილი აურზაური ხშირად ქსელშივე რჩება, ან მხოლოდ შესუსტებული სახით თუ გადმოდის საზოგადოების რეალურ ცხოვრებაში. სინამდვილეში, იმედი რეალური კავშირებისა გაცილებით უფრო მყარია, ვიდრე ათასობით ინტერნეტ „მეგობრის”, რომლებთანაც უმეტეს შემთხვევაში რეალური ნაცნობობა არ გვაკავშირებს. ძლიერი კავშირების უქონლობა Facebook-ის გვერდის წევრებს შორის, რომლითაც მონაწილეები ურთიერთობენ, ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ვირტუალურ სივრცეში დაგეგმილ და შემდგომ განხორციელებულ პროტესტს ხშირად არ აქვს ჩაფიქრებული მასშტაბი. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში, ნებისმიერ იდეაზე იმდენივე აზრი არსებობს, რამდენიც მის გარშემო მოწყობილი დისკუსიის მონაწილეა. არ არსებობს მომხმარებელთა იერარქია, რაც საერთო იდეის გარშემო გაერთიანებას და რაიმე სახის აქტივობის დაგეგმვას ართულებს. ყოველთვის უფრო მარტივია, დააჭირო თანხმობის ღილაკს და თავი აქტივობის მონაწილედ მოიაზრო, ვიდრე მართლაც ჩაერთო მასში. მით უმეტეს, თუ ეს რაიმე სახის რისკთან, ან სოციალური პრესტიჟის დაკარგვასთანაა დაკავშირებული. თუმცა ურთიერთობის ინტერაქტიული ფორმა ჯერჯერობით მაინც ახალი ხილია და შეიძლება ეს არის კიდეც მისი ნაკლები ეფექტიანობის მიზეზი.

სფერო, სადაც ინტერაქტიული ურთიერთობების გამოყენება კარგ შედეგს იძლევა – ინტერნეტმარკეტინგია. თუმცა იქ მოღვაწე საიტ iMedia Connections-ის ავტორების აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რაშიც სოციალური მედია უძლურია, არის თავად მარკეტინგის სტრატეგიის ჩანაცვლება. თუკი არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული მიზანი და ამა თუ იმ იდეის განვითარების მიმართულება, ყველაზე სრულყოფილი ინსტრუმენტითაც კი შეუძლებელია მისი სიცარიელიდან შექმნა. ეს მოსაზრება ასევე ვრცელდება ნებისმიერი სახის საზოგადოებრივ აქტივიზმზე.

ყველაზე პოპულარული და აქედან გამომდინარე, ეფექტიანი საშუალება ინტერაქციისთვის დღეს Facebook-ია. გლობალურად მისი მომხმარებლების რაოდენობამ 500 მილიონს მიაღწია. „ალექსას” რეიტინგის მიხედვით იგი საქართველოშიც პოპულარულია და Google-თან ერთად, ვიზიტორების რაოდენობით, პირველ-მეორე ადგილს იყოფს. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად ეფექტიანად ხდება აქედან რაიმე სახის სარგებლის მიღება. ხშირად ბრენდის წარმატების ძირითად კრიტერიუმად აღებულია Facebook-ის გვერდის ფანების, Twitter-ის ანგარიშის მიმდევრების და Youtube-ის არხის გამომწერების რაოდენობა. საქართველოს შემთხვევაში ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს, თუკი დავაკვირდებით როგორი მონდომებით ცდილობენ ცნობილი ქართული კომპანიები ინტერნეტფანების მოზიდვას. ზოგიერთი მათგანი ამისთვის სხვადასხვა კონკურსებსაც ატარებს და ფასიან პრიზებს აწესებს. Facebook-ის გვერდის ფანების რაოდენობის თვლა აზრს მოკლებულია, თუკი არ გავითვალისწინებთ, რეალურად აინტერესებთ მათ ეს გვერდი თუ უმიზნოდ არიან მასზე გაწევრიანებულები.

როდესაც 2009 წელს ირანში სტუდენტების პროტესტმა მთელი ქვეყანა მოიცვა, Twitter-მა, ერთი შეხედვით, დიდი როლი შეასრულა ამ ტალღის აგორებაში. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მისთვის უჩვეულო ნაბიჯიც კი გადადგა და Twitter-ის ადმინისტრაციას თხოვნით მიმართა, უზრუნველეყო საიტის განსაკუთრებულად სტაბილური მუშაობა. „Twitter-ის გარეშე ირანის საზოგადოება ვერ იგრძნობდა იმხელა ძალაუფლებას, რაც საკმარისი იქნებოდა დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩაბმისათვის”, – აღნიშნა მოგვიანებით ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა, მარკ ფეიფლმა. თუმცა სხვა შეფასებებით, Twitter-ის როლი აქაც გადაჭარბებითაა აღქმული. ამის შესახებ საუბრობს ირანელი რეპორტიორი, გოლნაზ ესფანდიარი. „დასავლელმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ვერ მოახერხეს, ან უფრო, არ შეიწუხეს თავი ირანში ჩამოსვლით და აქაურ ხალხთან საუბრით, უბრალოდ Twitter-ზე მონახეს ინგლისურენოვანი ახალი ამბები, რომლებიც გაერთიანებული იყო ირანის არჩევნების სათაურის ქვეშ. იმაზე კი არ დაფიქრდნენ, რატომ გამოიყენებდნენ პროტესტის მონაწილეები ერთმანეთთან ურთიერთობისთვის ინგლისურ ენას და არა ფარსის დიალექტს” – წერს ესფანდიარი.

სოციალური მედიის როლის გადაფასება, ერთი მხრივ, მოსალოდნელიც იყო, რადგან ეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ტექნოლოგიებია. ინოვატორები ყოველთვის ცდილობენ ყველა ფაქტის ერთ თარგზე მორგებას. ამ შემთხვევაში ეს სოციალური მედია აღმოჩნდა, რომელსაც ხშირად ისეთ დამსახურებებსაც მიაწერენ, რაც მას არ აქვს. კავშირის თანამედროვე ტექნოლოგიებმა არასწორი წარმოდგენა შეგვიქმნა იმ პერიოდზე, როდესაც ისინი არ არსებობდა. როდესაც ვუყურებთ ახალ ტექნოლოგიებს, ინტერნეტს, ტელეფონსა და ტელევიზიას, გვავიწყდება, რომ ადამიანები მათ შექმნამდეც ახერხებდნენ კომუნიკაციას და არანაკლები წარმატებითაც.

სოციალურ მედიას კარგი დახმარების გაწევა შეუძლია საკუთარი საქმიანობის და იდეების, მსოფლიოსთვის ან თუნდაც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის გასაცნობად, რაც უდავოდ პლუსია. ამის მიუხედავად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი შესაძლებლობები არ არის უსასრულო. ახალი ტექნოლოგიები ჭკვიანი მფლობელის ხელში კარგი ინსტრუმენტია, მაგრამ მას არ შეუძლია წყალი ღვინოდ აქციოს.

კომენტარები