ვიკრუტასები

0 კომენტარი

დანელიას ფილმში „ქინ-ძა-ძა” ის მევიოლინეს თამაშობს, რომელიც ვიოლინოზე ცუდად უკრავდა. ბათუმელი გედევანი ყველას ახსოვს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ამ როლის შემსრულებელი ლევან გაბრიაძე, ცნობილი მწერლისა და სცენარისტის რეზო გაბრიაძის შვილია. იგი 90-იანი წლებიდან ამერიკაში მოღვაწეობს და ტიმურ ბეკმამბეტოვთან ერთად კინოკომპანია ბაზელევსს ხელმძღვანელობს. ლევან გაბრიაძე კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტია, ბეკმამბეტოვის სახელგანთქმულ ფილმებში „დღის გუშაგი” და „ღამის გუშაგი” თავისი შემოქმედებითი წვლილი შეიტანა, მაგრამ მისი რეჟისორული დებიუტი მხოლოდ 2010 წელს შედგა ფილმით „ვიკრუტასები” («Выкрутасы»). ასეთ დებიუტს ყველა რეჟისორი ინატრებდა – მთავარ როლებში მილა იოვოვიჩი და კონსტანტინ ხაბენსკი, მთავარი პროდიუსერი – Wanted-ის რეჟისორი ტიმურ ბეკმამბეტოვი. 

 
რას ნიშნავს სიტყვა „ბაზელევსი” და რატომ უწოდეთ ეს სახელი თქვენს კინოკომპანიას? 
 
თავდაპირველად ჩვენს კინოკომპანიას ვუწოდეთ იმპერიალი. ალბათ გახსოვთ, 90-იანი წლების დასაწყისში პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალიან პოპულარული იყო ბანკ იმპერიალის რეკლამები, რომელიც ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა დაამზადა. 90-იანი წლები გარდატეხის პერიოდი იყო ბიზნესისთვის, ამ მხრივ არც ბანკი აღმოჩნდა გამონაკლისი. ამიტომ, როდესაც ბანკი იმპერიალი გაკოტრდა და დაიხურა, კომპანიისთვის ახალი სახელწოდება შევარჩიეთ. ყველანი ვეძებდით ისეთ ჟღერად სახელს, რომელიც კავშირში იქნებოდა ევროპასა და აზიასთან, არ განიცდიდა გაუცხოებას სხვადასხვა ქვეყნის კულტურასთან. ბოლოს ავირჩიეთ ბიზანტიელი იმპერატორების წოდება და ვუწოდეთ კომპანიას ბაზელევსი. 
 
„ვიკრუტასების” სცენარისტი იყო თქვენი მამა, ბ-ნი რეზო გაბრიაძე და ფილმი რაღაცით ჰგავს მის ადრინდელ ნამუშევარს „ფეოლა”. იყო თუ არა „ფეოლა” შთაგონების წყარო „ვიკრუტასებისთვის”?
 
„ვიკრუტასები” პროვინციელი მასწავლებლის სლავა კოლოტილოვისა (კონსტანტინ ხაბენსკი) და მოსკოველი ლამაზმანის ნადიას (მილა იოვოვიჩი) სიყვარულზეა. „ფეოლაში” კი სიყვარული არ არის. „ვიკრუტასები” რომანტიკული კინოკომედიაა იმის შესახებ, თუ როგორ იბრძვის ორი მამაკაცი ერთი ქალის სიყვარულისთვის და ამ ბრძოლაში მათ უამრავი ფათერაკის გადატანა და ბარიერის გადალახვა უწევთ; კოლოტილოვი ტიპური „ლუზერია”, რომელსაც მოულოდნელად გაუმართლა და ახლა უნდა დაუმტკიცოს ბედისწერას, რომ შესწევს უნარი შეინარჩუნოს ნადია, რომელზეც ყოფილი საქმრო (ივან ურგანტი) ნადირობს. როდესაც ფილმის სცენარი იწერებოდა, იმაზე ვფიქრობდით, რომ „ვიკრუტასებმა” ბავშვებიც უნდა დააინტერესოს და მოიზიდოს კინოთეატრებში. ბავშვი ყველაზე ერთგული მაყურებელია და თუ შენ მოახერხებ მისი ყურადღების მოპოვებას, ეს სეგმენტი სამუდამოდ დარჩება შენი ერთგული და არასოდეს გიღალატებს. მარკეტინგულადაც ხომ ასეა – ნებისმიერი ბრენდი თავის მომხმარებელს ადრეული ასაკიდანვე ლოიალურს ხდის ამა თუ იმ პროდუქტისადმი. 
„ვიკრუტასების” მთავარი სამიზნე სწორედ ბავშვები არიან. მით უმეტეს, რომ ფილმი ეხება მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სპორტს, ფეხბურთს, თან თხრობა მიმდინარეობს კომედიურ ჟანრში და სპეცეფექტების თანხლებით. ეს ფილმი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო როგორც კომედია. მსოფლიოში კომედიური ჟანრის ფილმებს მაყურებლის 95% უყურებს და ამ ჟანრის ფილმები ახდენენ ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას. ეს ფაქტორი კი კონკურენტუნარიან გარემოს უქმნის კომედიას ტრილერის, საშინელებათა თუ ფანტასტიკის ჟანრის ფილმების ფონზე. მაყურებელს სურს განიცადოს ბედნიერება, სიცილი, სიხარული, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით აჯანმრთელებს. მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი და მსურდა გადამეღო ბავშვებისთვისაც და ფეხბურთის გულშემატკივრებისთვისაც, საინტერესო და ცოცხალი სანახაობა. რუსეთში დაახლოებით 1 მილიონი უსახლკარო ბავშვი ცხოვრობს. ჩვენი ფილმით აუცილებლად უნდა გვეთქვა, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერია შესაძლებელი. ეს თავისთავად ახდენს ამ სპორტის პოპულარიზაციასაც და უღვიძებს ამ კატეგორიის ბავშვებს გამარჯვების წყურვილსა და მადას. 
 
მართალია, რომ ფილმს „ვიკრუტასი” საწყის ეტაპზე სცენარის დაახლოებით 40-მდე ვარიანტი ჰქონდა? 
 
თუ ფილმს სცენარის 40-ზე მეტი ვარიანტი არ ჰქონდა, ესე იგი მასზე ბევრი არ უფიქრიათ. თუ სცენარის წერის დიდი გამოცდილება არ გაქვს, მაშინ სცენარის წერის დროს ექსპერიმენტატორობა სასარგებლოც კი არის. „ვიკრუტასების” სცენარის შემთხვევაში იცვლებოდა ძირითადად დიალოგები... დროდადრო გეუფლება განცდა, რომ ეს ხუმრობა არ „მუშაობს” და არ მოახდენს სათანადო ზემოქმედებას მაყურებელზე. ამის შემდეგ კარდინალურად იცვლება დიალოგიც და გეგიც. არის ხოლმე, რომ პროდიუსერი, რომელიც ნაკლებად ერევა და ინტერესდება შემოქმედებითი პროცესით და მხოლოდ საბოლოო პროდუქტი აინტერესებს, დათქმულ დროს გთხოვს სცენარის სამუშაო ვარიანტს. შენც იძულებული ხარ მისი მოთხოვნა ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილო და შუალედური შედეგის, ან თავისებური ძვალის სახით აძლევ სცენარის ერთ-ერთ ვარიანტს, რომელსაც მთელი ძალით „ღრღნის” პროდიუსერი. სწორედ ამ დროს ხდება ხოლმე სცენარის ტირაჟირება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია, როდესაც რეჟისორი თავისივე ფილმის პროდიუსერია. მაგალითად, ეს მოახერხა ტიმურ ბეკმამბეტოვმა – მასში ორი კონფლიქტური პიროვნებისა და ინტერესის კომპრომისია მიღწეული. ინტერესების კონფლიქტი ხომ თავიდანვე დევს რეჟისორსა და პროდიუსერს შორის.
მე გამიმართლა, რომ ჩემი ფილმის მთავარი პროდიუსერი იყო ტიმურ ბეკმამბეტოვი და შემეძლო მისთვის შუა ღამით დამერეკა, გამეღვიძებინა და მეთქვა, რომ სცენარი საჭიროებს დამუშავებას, მოითხოვს ცვლილებების შეტანას და ა.შ. და ა.შ. გამიმართლა,  ტიმური ძალიან გამბედავია. 
 
ფილმის პირველ ტრეილერში მთავარ როლში სულ სხვა მსახიობ ქალს ვხედავთ და, ამასთანავე, მოვლენებიც სხვაგან ვითარდება. საიდან გაჩნდა ფილმში მთავარ როლში მეგავარსკვლავი მილა იოვოვიჩი?
 
სცენარისა და ფილმის თავდაპირველ ვარიანტში მოვლენები ერთი პროვინციული ქალაქიდან, მეორე, ასეთივე პატარა პროვინციულ ქალაქში ინაცვლებდა და სანახაობისა და დრამატურგიის თვალსაზრისით არ იქმნებოდა სასურველი კონტრასტი. პირველ ვარიანტში ნადია პროვინციელი გენერლის ქალიშვილი იყო, საბოლოოდ კი, როდესაც სასიყვარულო ისტორია მოსკოვში განვითარდა, გადაწყდა, რომ ნადია მეგაპოლისის მკვიდრი და დახვეწილი მანდილოსანი უნდა ყოფილიყო. მოსკოვში მოქმედების გადატანამ მოითხოვა სხვა განწყობა და სხვა ტიპაჟი. იმაზე ვფიქრობდით, თუ ვინ იქნებოდა პროვინციელი კოლოტილოვისთვის საოცნებო ქალი? უიღბლო პროვინციელი მასწავლებლისთვის მოსკოველი ქალი თავისთავად ოცნების მწვერვალი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ უფრო შორს წავედით! მოსკოველი და თან მილა იოვოვიჩი, რომელიც მშვენივრად ლაპარაკობს რუსულ ენაზე. ბეკმამბეტოვი მილას ტელეფონით დაუკავშირდა, შემდეგ სცენარიც გადავუგზავნეთ, რომელიც მსახიობს ძალიან მოეწონა. ფილმის გადასაღებად ჯამში 50 დღე გვქონდა გამოყოფილი, ამიტომ იოვოვიჩის სცენები 10 დღეში გადავიღეთ. 
 
ქართულ კინოში ნელ-ნელა აქტუალური ხდება Product Placement-ი. თქვენ კინოში რეკლამიდან მიხვედით და მშვენივრად იცით, როგორ მოიზიდოთ და გამოიყენოთ კინოში რეკლამა. ფილმში „ვიკრუტასი” ბევრი Product Placement-ია?
 
Product Placement-ის გამოყენებისას ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს როგორც რეჟისორს, ისე დამკვეთს. Product Placement-ისადმი არასწორმა მიდგომამ შეიძლება უარყოფითი მიმართულებით გაზარდოს ბრენდის ცნობადობა და იმიჯი და ეს მეტწილად იმიტომ ხდება, რომ როდესაც კინოთეატრში რელაქსაციისთვის მოსულ მაყურებელს შენ გამუდმებით უწყვეტ კავშირს ფილმთან დრამატურგიულად უადგილო სარეკლამო ჩანართებით – მაიონეზის, ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელის, სიგარეტის, ავტომობილის Product Placement-ით, შენ აღიზიანებ მას!
ის Product Placement-ია კარგი, რომლის გარეშეც ფილმის სიუჟეტი უბრალოდ არ იმუშავებს და არ შედგება. რეჟისორიც და კლიენტიც იმით უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მისი ბრენდი დრამატურგიულად იყოს გამართლებული. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ „ვიკრუტასებში” საერთოდ არ არის Product Placement-ი. ბუნებრივია, რაღაც-რაღაცა ბრენდი ფილმში ჩანს, მის გარეშე ცხოვრება არ არსებობს და ბუნებრივია, ვერც სურათი იარსებებდა, მაგრამ ისინი მონაწილეობენ ფილმში ზედმეტი აქცენტირების გარეშე. ამ ბრენდებისგან კაპიკი არ აგვიღია! მიხარია, რომ ეს „ჩვენი” ფილმია ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით. თბილისში ფილმ „ვიკრუტასების” პრემიერას 25 თებერვალს ვგეგმავთ და იმედია, ქართველი მაყურებელი დიდ სიამოვნებას მიიღებს ამ კინოკომედიისაგან.
არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები