თოთხმეტი წლის არშემდგარი მილიონერი

ტექნოლოგიურ სამყაროში ამერიკული ოცნება შემდეგნაირად გამოიყურება: მავანი პროგრამისტი, თუ დეველოპერი წერს თამაშს, შემდეგ ამ თამაშით მთელი პლანეტა ავადდება. ფრიკები და გიკები ღამეებს ათენებენ, სანამ ბოლო ეტაპამდე არ მივლენ და არ დახურავენ მას, დეველოპერი კი თავს ანებებს პროგრამების წერას, ვინაიდან მდიდრდება, ფულს შოულობს და სხვა, უფრო საინტერესო საქმიანობით კავდება.

2011 წლის იანვარში კიდევ ერთი ასეთი ამერიკული ოცნება ახდა, ოღონდ სანახევროდ: იუტას შტატში მცხოვრები მერვეკლასელისკენ, რობერტ ნეისკენ ამერიკელი ჟურნალისტები დაიძრნენ და მისი წვალება დაიწყეს. შემდეგ, როგორც ფილმებშია ხოლმე – საქმეში ტელევიზია ჩაერთო, ინტერნეტ-რევიუები დაიწერა, მითქმა-მოთქმა ატყდა, არსაიდან ფანების და მიმბაძველების არმია გამოჩნდა და ამერიკელი მოზარდის დიდების თხუთმეტი წუთიც დაიწყო.

თამაშის შემქმნელის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სკოლაში კარგად სწავლობს, უყვარს მათემატიკა, პიცა და კომპიუტერული თამაშები. იგი წარმატებით უკრავს რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე, თუმცა „დაკვრა” ყველაზე წარმატებით მას კომპიუტერის კლავიატურაზე გამოუვიდა, როდესაც ნოემბერში თავისი iPhone-ისთვის თამაშის წერა დაიწყო. 22 დეკემბერს ერთი შეხედვით პრიმიტიული თამაში სახელწოდებით Bubble Ball მზად იყო და რობერტმა ის App Store-ში, iPhone-ის აპლიკაციების ცენტრალიზებულ საცავში ატვირთა, სადაც 300 ათასი აპლიკაციაა განთავსებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მეტად რობერტ ნეის გაუმართლა.

“მე მხოლოდ ის მსურდა, რომ ჩემი ტელეფონისთვის თამაში დამეწერა, მაინტერესებდა შევძლებდი თუ არა”, – განაცხადა რობერტმა ერთ-ერთ ინტერვიუში და დაამატა: “დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი მსგავს თამაშებს, შემდეგ ჩემი საყვარელი თამაშებიდან ის ნაწილები ამოვკრიფე, რაც მომწონდა, დავუმატე ჩემი იდეები და რაც გამოვიდა, შეგიძლიათ App Store-იდან ჩამოქაჩოთ”.

თამაში სტივ ჯობსის ფილოსოფიას იზიარებს, რაც მაქსიმალურ სიმარტივეში გამოიხატება. ის იმდენად ადვილად გასაგებია, რომ ახსნა-განმარტებებს არ საჭიროებს. თამაშის მიზანია მოთამაშემ ფიზიკის კანონების გათვალისწინებით ბურთი ფინიშის ალამთან მიიტანოს, ასევე უნდა მოიფიქროს თუ სად განათავსოს ხის და ლითონის ბარიერები და საყრდენები, რომ ბურთი დანიშნულების ადგილამდე მიგორდეს. თამაში 21 ეტაპისგან, ანუ ე.წ. ლეველისგან შედგება, რომლებიც თანდათან უფრო რთულდება და საინტერესო ხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვური გულუბრყვილობით, თუ ალტრუისტული ჩანაფიქრით ახალბედა პროგრამისტმა თამაშის ჩამოქაჩვას საფასური არ დაადო და შესაძლოა, ამანაც განაპირობა მისი პოპულარობა.

პირველ ორ კვირაში Bubble Ball ერთმა მილიონმა “ვაშლის მოყვარულმა” ჩამოქაჩა. იანვრის ბოლოსკენ კი მან ყველაზე ჩამოქაჩვად უფასო თამაშს, Angry Birds-ს გაუსწრო და დღესდღეობით კვლავაც პირველ პოზიციას ინარჩუნებს. სიხარულმა და ეიფორიამ რომ ჩაიარა, მერე კი გააცნობიერეს რობერტ ნეიმ და მისმა კეთილისმსურველებმა, რომ თამაშისთვის ტრადიციული ფასი, 99 ცენტი რომ დაედოთ, ამით ახალბედა პროგრამისტი აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლისათვის საჭირო ფულს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი სანათესაოსთვის იშოვიდა, თუმცა რაღას გააწყობდნენ?! მამამისმა Reuters-თან მიცემულ ინტერვიუში კბილებში გამოცრა, რომ – “ბედნიერია, მისმა შვილმა მილიონობით ადამიანს სიხარული რომ მოუტანა” – და იქვე ისიც დაამატა – რობერტმა უკვე დაიწყო ახალ თამაშზე მუშაობა, რომელიც სავარაუდოდ აღარ იქნება უფასოო.

კომენტარები