ძმები მინესოტადან

0 კომენტარი

არ დავიწყებ მომაბეზრებელ ახსნა-განმარტებებს იმაზე, რომ კინოს ისტორიაში პირველი ფილმის ავტორები ძმები იყვნენ და კინოსამყაროში არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა ტავიანების კინო, ვაჩოვსკების კინო, დარდენების კინო და სხვა. საქმე ის გახლავთ, რომ რამდენიმე დღეში ბერლინის კინოფესტივალს, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ოჯახური ტანდემის შედეგად შექმნილი ფილმი გახსნის. ძმები მინესოტადან, ჯოელ და ეთან კოენები, ადამიანები, რომელთა სახელების ხსენებისას, ხშირად ახსენებენ სიტყვებს – ამერიკული დამოუკიდებელი კინო, კინოხულიგნები, გესლიანი სატირიკოსები. მათი ფილმების ყურებისას ყველაფერი ერთდროულად გემართება: გაოცებს უსაზღვრო ფანტაზია, ივსები შთაბეჭდილებებით, გიპყრობს შიში, ერთდროულად გეცინება და სევდა გეუფლება. ზოგჯერ რეჟისორების ბანალურობაც კი გაღიზიანებს, თუმცა არასოდეს გავიწყდება მათი “შეთამაშება” მაყურებელთან, თუნდაც ასეთი, როდესაც ფილმს “ო, ძმაო, სად ხარ?” (O Brother, Where Art Thou? 2000) წამძღვარებული ჰქონდა ტიტრები: “ეფუძნება ჰომეროსის „ოდისეას”, შემდეგ კი კოენებმა განაცხადეს, რომ ჰომეროსის „ოდისეა” საერთოდაც არ ჰქონიათ წაკითხული.

მათ შორის ასაკობრივი სხვაობა სამი წელია.

ჯოელი 1954 წლის 29 ნოემბერს დაიბადა, ეთანი 1957 წლის 21 სექტემბერს.

ისინი მინესოტას შტატში, მინეაპოლისთან ახლოს იზრდებოდნენ. მამა ეკონომიკის პროფესორი იყო მინესოტას უნივერსიტეტში, დედა ხელოვნების კრიტიკოსი, ძმებს ერთი და ჰყავთ – დები, რომელიც შემდგომში ექიმი გახდა და საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში, მაშინ როდესაც ბიჭების განათლება კინოსამყაროში ძირითადად სატელევიზიო ფილმებით შემოიფარგლებოდა და ეგონათ, რომ ყველა სამუშაო – მონტაჟი, ეფექტები თუ პროექცია – ერთ კამერაში ხორციელდებოდა, ძმებმა დაგროვილი ფულით Vivitar Super-ის 8-მილიმეტრიანი კამერა იყიდეს. კინოკამერასთან ეს მათი პირველი შეხება იყო. 1976 წელს სან ლუი პარკის უმაღლესი სკოლის დამთავრებისთანავე მათ სხვადასხვა გზა აირჩიეს – ჯოელმა საბაკალავრო კინოპროგრამით ნიუ იორკის უნივერსიტეტში ოთხწლიანი კურსი გაიარა; ეთანმა კი პრინსტონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა.

ნიუ იორკის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯოელმა ასისტენტად დაიწყო მუშაობა სხვადასხვა კლიპებზე და პროექტებზე. ზუსტად ამ პერიოდში ის შეხვდა რეჟისორ სემ რაიმის, რომლის ფილმზეც “The Evil Dead” (1981) მემონტაჟის ასისტენტად იმუშავა. ეთანი კი ამ დროს მოთხრობებს წერდა – New Yorker-სა და Playboy-სთან თანამშრომლობდა.

1984 წელს ძმები კოენები ერთად წერენ სცენარს ფილმისთვის “უბრალოდ სისხლი” (Blood Simple). ეს არის კრიმინალური დრამა ეჭვიან ქმარზე, რომელიც დაუნდობელ დეტექტივს საკუთარი ცოლის და ამ ცოლის საყვარლის მოსაკლავად დაიქირავებს, დეტექტივი ცოლისა და საყვარლის მაგივრად თავად ქმარს, დამქირავებელს კლავს. დრამატურგიული მოულოდნელობა და შავი იუმორი, რომლითაც ფილმი უხვად არის გაჯერებული, უკვე ცხადყოფს რეჟისორების ხაზს კინოში. სურათის გამოსვლის შემდეგ ჯოელ კოენი მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობზე, ფრენსის მაკდორმანდზე ქორწინდება. “უბრალო სისხლს” მოჰყვება კიდევ ორი კინოსურათი “არიზონას აღზრდა” და “მილერის გზაჯვარედინი”, რომლის პერსონაჟების და დიალოგების შთაგონების წყარო დეშილ ჰემეთის რომანები “სისხლიანი მოსავალი” და “შუშის გასაღებია”.

რეჟისორებისთვის პირველი საერთაშორისო აღიარება ფილმს “ბარტონ ფინკი” (Barton Fink. 1991) მოაქვს. 1991 წელს სურათი კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი ხდება, მთავარი როლის შემსრულებელს, ჯონ ტურტუროს კი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის აჯილდოებენ. ფილმზე მუშაობისას კოენები პირველად თანამშრომლობენ ოპერატორ როჯერ დიკინსთან, მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში ჯოელი აღნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ საერთო – ორივეს უყვარს ღამის სცენებისა და ინტერიერში გადაღება. სწორედ დიკინსის მიერ შექმნილი გარემო წარმოადგენს კოენების ფილმების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მხარეს: გადათოვლილი, ცასთან შერწყმულ-გადალესილი პეიზაჟები “ფარგოში” (Fargo. 1996), ერთიანი სივრცის, უფრო სწორად უსივრცობის შეგრძნებას რომ იწვევს, ან მზით გადანათებული, ტექსასის უკაცრიელი ლანდშაფტი, შიშისა და სიკვდილის გამომხატველი, თითქმის ალეგორიული გარემო ფილმში “მოხუცებისთვის აქ ადგილი არ არის” (No Country for Old Men. 2007).

კოენები წლევანდელ ბერლინის კინოფესტივალზე, ჩარლი პორტისის ნოველის მიხედვით 1969 წელს გადაღებული საკულტო ვესტერნის რიმეიკს წარმოადგენენ. “ნამდვილი ქვიშა” (True Grit) – ასე ჰქვია სათავგადასავლო ფილმს, სადაც მთავარ როლებს ჰეილი სტაინფელდი, ჯეფ ბრიჯესი, მეთ დეიმონი და ჯოშ ბროლინი ასრულებენ, ფილმი 14 წლის გოგონას, მეთი როსის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მამის მკვლელების ძიებისას ველური დასავლეთის გზებზე უამრავ ხიფათს აწყდება. პირველად ფილმი ჰენრი ჰეთვეიმ გადაიღო, მაშინ მთავარი როლის შესრულებისთვის ამერიკის კინოაკადემიამ ჯონ უეინს ოსკარი მიანიჭა. კოენების ინტერპრეტაცია წლევანდელი ოსკარების ერთ-ერთ პრეტენდენტადაც ითვლება, თუმცა დაველოდოთ შედეგებს და იმედი ვიქონიოთ, რომ თბილისის კინოთეატრები ჩვენს მაყურებელსაც მისცემენ ფილმის ხილვის შესაძლებლობას

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები