თვის მუსიკალური ალბომები

 Destroyer - Kaputt  (Release date: January 25 / 2011) 5/4

 
ახალი 2011 წელი მუსიკის მოყვარული ადამიანებისთვის ნამდვილად იმედის მომცემად გაიხსნა. კანადური Indie ჯგუფ  Destroyer-ის ახალი და რიგით მეცხრე ალბომის – „Kaputt” გაყიდვა  25 იანვარს დაიწყო.
მასში ცხრა თრექია და თავიდან ბოლომდე მშვიდ და ლამაზ ატმოსფეროს ინარჩუნებს. რამდენიმე მათგანში კი საქსოფონიც შემოდის, რაც ჯაზური ელემენტებით ამრავალფეროვნებს ალბომს. მრავალფეროვნება ამ დუეტს არც წარსულში აკლდა, მაგრამ როგორც ჩანს, გამოცდილი მუსიკოსები ახალ ფორმას ეძებენ ერთგული მსმენელისთვის, რაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ ერთხელ ნამდვილად წარმატებით გამოუვიდათ.
 
British Sea Power - Valhalla Dancehall (Release date: January 10 / 2011) 5/3
 
British Sea Power ინგლისური Alternative Rock  ბენდია, რომელიც 2000 წლიდან მოღვაწეობს. ამა წლის 10 იანვარს მათ ახალი, რიგით მეოთხე დისკი „Valhalla Dancehall” გამოუშვეს.
ალბომში ცამეტი თრექია და დიდად საინტერესოს ვერაფერს ვიპოვით. სტანდარტული, ნორმალური ალბომია, რომლის მოსმენაც ნამდვილად ღირს.
 
 
Talib Kweli - Gutter Rainbows (Release date: January 25 / 2011) 5/4
 
25 იანვარს New Era New York Flagship- ში აწ უკვე ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის – Talib Kweli-ს ახალი ალბომის “Gutter Rainbows”-ის პრეზენტაცია გაიმართა.
ეს მისთვის რიგით მეოთხე სოლო ალბომია, რომელიც ჩემი აზრით საუკეთესო ნამუშევარია 2002 წელს გამოსული „Quality”-ს შემდეგ. ბევრი მისი კოლეგისგან განსხვავებით, Talib Kweli ჰიპ-ჰოპში მოღვაწე იმ მუსიკოსების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც მეინსტრიმის სივრცეშიც ცდილობენ ხარისხიანი პროდუქტი შექმნან და ძველი თაყვანისმცემლების პატივისცემა შეინარჩუნონ. 
 
Smith Westerns  - Dye It Blonde (Release date: January 18 / 2011) 5 / 4.5
 
Smith Westerns  შედარებით ახალბედა ჯგუფია ილიონისის შტატიდან, რომელიც 18- 20 წლის მუსიკოსებისგან შედგება. 2009 წელს მათ თავიანთი სადებიუტო ალბომი ჩაწერეს. ამა წლის 18 იანვარს კი რიგით მეორე დისკი “Dye It Blonde” გამოუშვეს.
ალბომში ათი თრექია და ახალგაზრდული ენერგიით სავსე. შეიმჩნევა გლემ როკის და 60-იანების გარაჟ როკის გავლენა. ვგულისხმობ ისეთ მუსიკოსებს, როგორებიც T-Rex და The Modern Lovers-ში უკრავდნენ. “Dye It Blonde” მშვენიერი ალბომია, რომლის მოსმენაშიც დროის დახარჯვა ღირს. რა იცით, იქნებ შეგიყვარდეთ კიდეც. 
 

კომენტარები