ავღანეთში სამშვიდობო მისიაში საქართველო სამოქალაქო პირებსაც გაგზავნის

 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ავღანეთში საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტის გაზრდასთან დაკავშირებით, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  დავით ჯალაღანია გამოეხმაურა. მან განმარტა, რომ ავღანეთში საქართველო დამატებითი კონტინგენტის სახით სამხედროების გარდა, სამოქალაქო პირებსაც გაგზავნის. რა რაოდენობის იქნება სამოქალაქო და სამხედრო პირებისგან შემდგარი დამატებითი კონტიგენტი, ჯალაღანიას თქმით,  ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა ავღანეთს გამოცდილება გაუზიაროს როგორც პოლიციის რეფორმის, ისე ეკონომიკის სფეროში. ”ჩვენ  ასევე გავაცნობთ  ავღანეთს ჩვენს საარტილერიო გამოცდილებას. შესაძლოა თანამშრომლობა გაღრმავდეს ტრენერების გაგზავნის სახითაც," განაცხადა მან.

ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს როლის გაზრდის ინიციატივა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას წამოაყენა.ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ISAF(საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები), საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია.  ISAF-ის მისიით ავღანეთში ამ დროისთვის ათასამდე ქართველი ჯარისკაცი მსახურობს. 

კომენტარები