სენატორების მოწოდება: NATO-ს რადარები საქართველოში

ოთხი რესპუბლიკელი სენატორი ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებს, მგრძნობიარე რაკეტსაწინააღმდეგო რადარები თურქეთის ნაცვლად, საქართველოს ტერიტორიაზე განათავსოს. „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს რესპუბლიკის გეოგრაფიული მდებარეობა მას იდეალურ ადგილად ხდის ირანისკენ მიმართული რაკეტსაწინააღმდეგო რადარისთვის”, – წერენ სენატორები – ჯონ კილი, ჯეიმს რიში, მარკ კირკი და ჯეიმს ინჰოფი ამერიკის თავდაცვის მდივან რობერტ გეიტსს. „საქართველო უნდა იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი მომავალ თავდაცვით თანამშრომლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც NATO-ს მომავალი წევრი და სხვა სახითაც. ის უკვე არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირე NATO-ს ავღანეთის მისიაში”, – ვკითხულობთ წერილში.

ეს წერილი მოჰყვა თურქეთის განცხადებას, რომ ისინი არ დათანხმდებიან რაკეტსაწინააღმდეგო რადარების განთავსებას მათ ტერიტორიაზე, თუ, თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები არ აიღებს ვალდებულებას, რადარით შეგროვებული ინფორმაცია ისრაელს არ გაუზიაროს. „აშკარაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ და არ უნდა დათანხმდეს ამგვარ შეზღუდვებს”, – წერენ სენატორები. თავის მხრივ, ეს რადარი იმ თავდაცვითი სისტემის ნაწილია, რომელიც NATO-ს უკანასკნელ, ლისაბონის, სამიტზე განიხილეს. თურქეთს ასევე სურს, რომ NATO-მ აღარ მოიხსენიოს ირანი, როგორც თავდაცვითი ფარის მიერ სამიზნეში ამოღებული საფრთხე.

Foreign Policy წერს, რომ რადარის საქართველოში განთავსება ნაკლებ მოსალოდნელია, რადგან საქართველო NATO-ს წევრი არ არის. გარდა ამისა, ეს გააუარესებს რუსეთ-ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-რუსეთის ურთიერთობებს. თუმცა, აქ ხაზგასმულია, რომ ეს წერილი არის ნიშანი იმისა, რომ ახალი კონგრესი მზადაა გააძლიეროს მხარდაჭერა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის გასაღრმავებლად თავდაცვის სფეროში, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საგრძნობლად შესუსტდა.

თავდაცვის მდივნისადმი მიწერილ წერილში სენატორები სთხოვენ რობერტ გეიტსს, რომ მიაწოდონ ინფორმაცია, განიხილება, თუ არა საქართველო, როგორც პოტენციური მასპინძელი რაკეტსაწინააღმდეგო რადარისთვის. ისინი ასევე ითხოვენ ანალიზს რადარის პოტენციური მასპინძლებისა – რაც მოიცავს თურქეთს, საქართველოს და სხვა ქვეყნებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რომლებთან შედარებითაც, სენატორების თქმით, საქართველოს, გეოგრაფიული თვალსაზრისით, აშკარა უპირატესობები აქვს.

კომენტარები