ტაბლეტური კომპიუტერების ომი

იანვარში ტაბლეტური კომპიუტერების მწარმოებელი გიგანტები ორგანიზაციული პრობლემებით იყვნენ დაკავებული. სტივ ჯობსმა მესამედ დატოვა კომპანია Apple ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით და მის ადგილას “ადამიანი-საათი”, ადმინისტრაციის უფროსი, ტიმ კუკი დაინიშნა. Google-ში გენერალური დირექტორის (CEO) პოსტზე ლარი პეიჯმა ერიკ შმიდტი შეცვალა და ამით საბოლოოდ გაეცა პასუხი შეკითხვას – კომპანიის შემქმნელ “ბიჭუნებს”, ლარი პეიჯსა და სერგეი ბრინს შორის რომელია მთავარი?!
იანვრის მონაცემებით კომპანია Apple ტაბლეტური კომპიუტერების ბაზრის 75%-ს აკონტროლებდა, რაც 20%-ით ნაკლებია ექვსი თვის წინანდელ მონაცემებთან შედარებით. ბაზარზე ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე ტაბლეტური კომპიუტერების გამოსვლის შემდეგ “ვაშლის გამყიდველები” მიხვდნენ, რომ iPad-ის ზეობის დაღმასვლა დაიწყო და ცვლილებების დროა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ფართო აუდიტორიამ უკვე იხილა როგორ გამოიყურება Motorola Xoom, რომელიც სპეციალურად ტაბლეტური კომპიუტერებისათვის შექმნილ, ოპერაციული სისტემა Android-ის უახლეს 3.0 ვერსიაზე მუშაობს.

სანამ Motorola Xoom ფართო გაყიდვაში გამოსულა – ეს თებერვლის შუა რიცხვებშია ნავარაუდევი, ექსპერტები უკვე იმაზე ალაპარაკდნენ, რომ iPad-ი iPhone-ის ბედს გაიზიარებს და ბაზარზე ლიდერობას დაკარგავს. საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად მათ ტექნიკური მახასიათებლები მოჰყავთ: გაუმჯობესებული ორბირთვიანი პროცესორი, ჩამონტაჟებული 5-მეგაპიქსელიანი კამერა, USB პორტი და ინტეგრირებული Flash-პლეერი. მათი აზრით, ზემოჩამოთვლილი ტექნიკური დეტალები, რომლებიც iPad-ს არ გააჩნია, კომპანია Apple-ს ბაზარზე ლიდერობას წაართმევს.

“ვაშლის” მოყვარულთა საიტებზე აქა-იქ უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ Apple-ის თავკაცები გულხელდაკრეფილ ჯდომას არ აპირებენ და ისინი საპასუხოდ iPad 2-ს ამზადებენ, თუმცა დანამდვილებით ძნელია იმის თქმა, თუ როგორია ის. ინტერნეტში გაჟონილი ინფორმაციისა და ჭორების თანახმად, iPad 2-იც ორბირთვიან პროცესორზე გადავა, ორი კამერით აღჭურვილი და გაუმჯობესებული გრაფიკული გამოსახულებით – უფრო თხელი იქნება და ასევე შესაძლოა ოპერაციული სისტემა iOS-ის მეხუთე ვერსიაც ვიხილოთ.

საინტერესოა ერთი დეტალიც: Google-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე აპლიკაციების შემქმნელი პროგრამისტებისა და დეველოპერების დამოძღვრა და კონსოლიდაცია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მათი რიცხვი მანამდეც არ იყო მცირე, კომპანია Google-ის შემქმნელები მათ მრავალ სიურპრიზს დაპირდნენ, რაც პირველ რიგში განახლებული აპლიკაციების დასაპროგრამებელი ინტერფეისი (API) იქნება, რომელიც Google-ის ინჟინერთა განცხადებით უფრო ვრცელი და მოსახერხებელი გახდება, ვიდრე ეს უწინ იყო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ისმის შეკითხვა – ვინ გაიმარჯვებს Google თუ Apple? – რაზედაც, მიუხედავად ზემოხსენებულ ექსპერტთა დასკვნისა, ცალსახა პასუხი არ არსებობს, ვინაიდან ჯერ კიდევ უცნობია, თუ რა “კარტებს” მალავენ თავის სახელოებში Apple-ის “მამები”. ამასთან მთავარ როლს ამ “ომში” Motorola Xoom-ის და iPad 2-ის ფასი ითამაშებს და რომელი უფრო იაფი იქნება, ჯერ უცნობია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ ბრძოლაში “ვაშლის გამყიდველები” არა მხოლოდ Google-ს უპირისპირდებიან, როგორც ოპერაციული სისტემის, Android-ის მწარმოებელს, არამედ თავად მოწყობილობის მწარმოებელ Motorola-საც, რაც Apple-ის გამარჯვების შანსებს ამცირებს, თუმცა მის უიმედო აუტსაიდერობაზე ლაპარაკი გადამეტებულია.  

კომენტარები