Nokia-მ კონკურენტებთან ბრძოლაში მარცხი აღიარა

მობილურების მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის, Nokia-ს ხელმძღვანელმა, სტივენ ელოპმა კომპანია ნავთობის აალებულ ტანკერზე მყოფ ადამიანს შეადარა.  Nokia-ს ხელმძღვანელის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ მემორანდუმში ნათქვამია, რომ კომპანია კრიზისს განიცდის.  წერილი ჟურნალისტებს შემთხვევით ჩაუვარდათ ხელში. ელოპის თქმით, Nokia-ს პრობლემები Apple-ის მიერ გამოშვებული ტელეფონის iPhone-ისა და Google-ის მიერ  წარმოებული Android-ის წარმატებას უკავშირდება. 

”დადგა დრო, რომ Nokia-მ ბიზნესის წარმართვის სტილი შეცვალოს,” ნათქვამია დირექტორის განცხადებაში ”პირველი iPhone-ი 2007 წელს შემოვიდა და ჩვენ დღესაც არ გვაქვს მსგავსი პროდუქტი.” ელოპი თავის წერილში აღნიშნავს, რომ Android-ი ბაზარზე ორი წლის წინ გამოვიდა და გასულ კვირას უკვე წაართვა Nokia-ს სმარტფონების გაყიდვებში ლიდერობა. ”ეს გასაოცარია,” აღნიშნავს ფინური კომპანიის ხელმძღვანელი.

ოფიციალური მონაცემებით, Nokia-ს გაყიდვების წილი მსოფლიო ბაზარზე 2009 წლის შემდეგ 38 პროცენტიდან 28 პროცენტამდე დაეცა. 

კომენტარები