“ზემაღალი მოგება”

ტერმინს “ზემაღალი მოგება” მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში იყენებენ. ინგლისურად მისი შესატყვისი არ არსებობს. ინგლისური ბიზნესის ენაა, ბიზნესი კი “ზემაღალ მოგებას” არ იცნობს. მან მხოლოდ „მაღალი მოგება” იცის, რომლის სიდიდეც  სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ბოლო პერიოდში, ინფლაციის მაღალი ტემპის მიზეზებს მეწარმეებისგან „ზემაღალი მოგების” მიღების არგუმენტიც შეემატა, რომელსაც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები უნისონში იმეორებენ.

თავისუფალ საზოგადოებაში კერძო ბიზნესს ყოველთვის ერთი ძირითადი მიზანი აქვს – კაპიტალის მფლობელმა რაც შეიძლება მაღალი მოგება უნდა ნახოს.  ინვესტორიც იმ საქონლის ან მომსახურების წარმოებაში დებს ფულს, საიდანაც უფრო მეტ მოგების ნორმას მოელის. მოგების ნორმა ის დამატებითი შემოსავალია, რასაც ინვესტორი ყოველ დაბანდებულ ერთ ლარზე იღებს. მაგალითად, თუ 1 მილიონი ლარი მოუტანს 200 ათასი ლარის მოგებას, მოგების ნორმა 20 პროცენტია.

კერძო კაპიტალი ყოველთვის იქით მიისწრაფვის, სადაც მოგების ნორმა მაღალია. ამიტომ განვითარებადი ქვეყნები პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის მიმზიდველია.

განვითარებულ ქვეყნებში მოგების ნორმა 5-დან 10%-მდეა. განვითარებად ქვეყანაში, ცალკეულ დარგში, შესაძლოა, 100%-საც აღწევდეს. ამის მიზეზი არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო, ეკონომიკის თავისუფლების დაბალი დონეა. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის პირველ ოცეულში მხოლოდ 3 განვითარებადი ქვეყანაა. ამათგან პირველ ათეულში ვერც ერთი ვერ ხვდება.

პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა, სახელმწიფოს ეკონომიკაში მოულოდნელი ჩარევა რისკ-ფაქტორია ინვესტიციებისათვის. მოულოდნელია ჩარევა, როცა ქვეყნის კანონმდებლობა არ არის სტაბილური ბიზნესგარემოს მიმართ და მოსალოდნელია ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის მასშტაბების ზრდა.

საქართველოში ინვესტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიაა. ბიზნესი ყოველთვის გაურბის ფულის ჩადებას იქ, სადაც არსებობს ინვესტიციების ფიზიკური განადგურების საფრთხე – ომი, სტიქია, კრიმინალი, კონფისკაცია.

 რუსეთის ფაქტორი ერთადერთი არ არის, რომელიც ინვესტორებისთვის საქართველოს რისკიანობას ზრდის. ბევრი სხვა ფაქტორიც არსებობს, რომელთა განეიტრალება მთლიანად საქართველოს ხელისუფლებაზე და მოქალაქეებზეა დამოკიდებული.

ეკონომიკას ქვეყნის რისკიანობასთან შესაბამისობაში თავად მოჰყავს მოგების ნორმა. მაგალითად, საქართველოს ეკონომიკის ბევრ დარგში მოგების ნორმა საკმაოდ მაღალია, ანუ ქვეყანას ბევრი ინვესტიციის მიღების პოტენციალი აქვს. ინვესტიციების ზრდის გარეშე მაღალი (7 პროცენტზე მეტი) ეკონომიკური ზრდის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

რომელიმე დარგში მაღალი მოგების ნორმას სახელმწიფო მანქანით თუ შევებრძოლებით და ბიზნესს ვაიძულებთ ხელოვნურად შეამციროს – არასასურველ შედეგებს მივიღებთ. ამით ქვეყანაში არ შემოვუშვებთ, და მეტიც, შესაძლოა, ქვეყნიდან გავდევნოთ, საქართველოს ეკონომიკის განვითარების, მოსახლეობის შემოსავლების ზრდის, უმუშევრობის შემცირების ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა – ინვესტიციები.

სახელმწიფოს ისეთი კანონები უნდა ჰქონდეს, რომლებიც არ შეაფერხებს მაღალი მოგების მქონე სექტორებში ახალი ინვესტიციების შემოდინებას. ეს გაზრდის კონკურენციას, გააუმჯობესებს ტექნოლოგიებს, ამ სექტორის პროდუქციის ფასებს უბიძგებს შემცირებისკენ და მოგვცემს გაფართოებულ წარმოებას – მეტ დასაქმებულ ადამიანს, სიღარიბიდან გამოსულ ოჯახებს.

თუ ქვეყანაში არ არსებობს ხელოვნური მონოპოლიები და მთავრობა დისკრიმინაციულ პოლიტიკას არ ატარებს დარგების მიმართ, დარგებს შორის მომგებიანობა თანდათან გათანაბრდება.

საქართველოში პოლიტიკოსები ხშირად მაღალ მოგებასაც უარყოფითად წარმოაჩენენ ხოლმე, იმის დასტურად, რომ ხელისუფლება ხალხზე უფრო ზრუნავს, ვიდრე „მტაცებლურ” ბიზნესზე. ეს დაყოფა ძალიან პირობითია, რადგან ყოველი დასაქმებული ადამიანი ბიზნესის ნაწილია, ხოლო დაუსაქმებელი ბიზნესმა უნდა დაასაქმოს. არ არსებობს ხალხის კეთილდღეობა სამუშაო ადგილების გარეშე, ხოლო სამუშაო ადგილები – ბიზნესის გარეშე.

მთავრობამ მოგების ნორმა და პროდუქციის ფასები კი არ უნდა არეგულიროს, ყველა ის დაბრკოლება უნდა აღმოფხვრას (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თვითონ არ უნდა შექმნას დაბრკოლებები), რაც აფერხებს თავისუფალ კონკურენციას, ახალი საწარმოების ბაზარზე შესვლას, თავისუფალ ფასწარმოქმნას.

როდესაც იმ ქვეყნებში, საიდანაც იმპორტს ვახორციელებთ, პროდუქციის ფასი საქართველოზე ნაკლებად იზრდება – პროდუქციის იმპორტიორის მოგება იმატებს. თუ პროდუქციის იმპორტირებაში თავისუფალი კონკურენციაა, იმპორტირებული საქონლის რაოდენობის ზრდის შედეგად შემცირდება მოგების ნორმა და იმპორტირებული საქონლის ფასი. საერთაშორისო ვაჭრობის დროს, ქვეყნებს შორის ფასების ზრდის ტემპებში სხვაობას ქვეყნების მონეტარული პოლიტიკა განსაზღვრავს და არა ბაზარზე გამოტანილი პროდუქტის ეროვნული წარმომავლობა. მაღალი ინფლაციის პირობებში, ფირმები ვერ გაზრდიან მოგების ნორმას და კიდევ უფრო ვერ გააძვირებენ ფასებს, თუ ქვეყანაში თავისუფალი კონკურენციის პირობები დაცულია და ბაზარზე არ დომინირებენ ხელოვნურად შექმნილი მონოპოლიები.

სახელმწიფოს ჩარევით მაღალი მოგების აღმოფხვრა კიდევ უფრო გაზრდის საქართველოში ინვესტირების რისკს, ხოლო მომგებიანობას შეამცირებს. შედეგად, საქართველო აღარ იქნება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციებისათვის და მაღალი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი გამოუყენებელი დარჩება.  

კომენტარები