ლიდერის დაბრუნება

თავისი პრეზიდენტობის ძირითადი პერიოდის განმავლობაში რეიგანი ძლიერი მაპოლარიზებელი ფიგურა იყო. რეიგანის რეიტინგი პირველი საპრეზიდენტო ვადის შუა პერიოდში 35%-მდე დაეცა, მაგრამ მან ვაშინგტონი უფრო პოპულარულმა დატოვა, ვიდრე იქ მისვლამდე იყო. აშშ-ში, მსგავსი რამ მხოლოდ ერთხელ და ისიც დუაიტ ეიზენჰაუერის დროს მოხდა. თუმცა ამ ორ პიროვნებას შორის მხოლოდ ეს მსგავსება არ არის. „იცი რატომ მომწონხარ, აიკ?” – ჰკითხა ერთხელ უინსტონ ჩერჩილმა ეიზენჰაუერს. „იმიტომ რომ შენ არ ხარ დიდების მაძიებელი”. ოვალურ კაბინეტში ეიზენჰაუერს ლათინური წარწერა ჰქონდა გამოკიდებული – „მოკრძალებული ქცევაში, ძლიერი საქმეში”. დაახლოებით იმავე შინაარსის იყო წარწერა, რომელიც რეიგანის ოვალურ კაბინეტს ამშვენებდა – „არ არსებობს ლიმიტები იმისა, თუ რა შეუძლია ადამიანს გააკეთოს, ან სადამდე მივიდეს, თუ მას არ აინტერესებს ვის მიეწერება ეს”.

ოვალური კაბინეტის ყველა ბინადარს, როგორც წესი, წინამორბედთა აჩრდილები დასდევს თან. რითი ვიქნები მათგან გამორჩეული? რა ადგილს მომანიჭებს მე ისტორია?

6 თებერვალს აშშ-ის მე-40 პრეზიდენტს – რონალდ რეიგანს 100 წელი შეუსრულდებოდა. ადამიანს, რომელმაც ამერიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რადიკალურად გარდაქმნა. მან სწორედ რომ საკუთარი წინამორბედების დაშვებული შეცდომების გამოსწორებითა და ამერიკელი ხალხის თვითშეფასების ამაღლებით გამოიჩინა თავი. „რეცესია ეს არის მდგომარეობა, როდესაც შენი მეზობელი კარგავს სამსახურს, დეპრესია – როცა თვითონ კარგავ, ხოლო აღორძინება მაშინ იწყება – როდესაც ჯიმი კარტერი კარგავს სამსახურს”, – სწორედ ამ ხუმრობით შეუდგა რეიგანი საკუთარი პოლიტიკის გატარებას.

დღემდე მიმდინარეობს დავა რონალდ რეიგანის გავლენისა და მნიშვნელობის შესახებ, მაგრამ მისი მემკვიდრეობა თანამედროვე პოლიტიკურ რეალობაში აქტუალობას არ კარგავს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რეიგანიზმი ამერიკაში თავიდან იბადება.

გასულ თვეს, როდესაც აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი წლიური ანგარიშით კონგრესის წინაშე წარდგა, ანალიტიკოსებს რეიგანი გაახსენდათ. მისი გამოსვლიდან რეიგანის პიროვნება და პოლიტიკა გამოსჭვიოდა. ბარაკ ობამა, რომელიც ვერ ახერხებს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგების აღმოფხვრას, ცდილობს,  შინაარსით თუ არა, ფორმით მაინც მიბაძოს ამერიკელების საყვარელ პრეზიდენტს. პარალელურად, 2012 წლის არჩევნებისთვის, რესპუბლიკურ პარტიაშიც აქტიურად ემზადებიან. სავარაუდო კანდიდატები ერთმანეთს ასწრებენ საკუთარი პერსონის რეიგანის პოლიტიკურ მემკვიდრეობასთან იდენტიფიკაციას.

1964 წელს, საკუთარი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში, რეიგანმა მოამზადა სიტყვა, რომელიც ტელევიზიით გადაიცა. ის აკრიტიკებდა ამერიკის მაშინდელ მთავრობას, ეკონომიკასა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მისი როლისა და, შესაბამისად, ხარჯების ზრდას. რეიგანის თქმით, მოცემული კონკრეტული მომენტი ამერიკისთვის ბედისწერასთან შეხვედრას წარმოადგენს. მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ ამ შეხვედრამ 16 წლით, 1980 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადაიწია. ამერიკის ახლანდელი საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრობლემებიდან გამომდინარე კი, ანალოგიური შეხვედრა შესაძლოა, მოახლოებული იყოს.

რეიგანის პოლიტიკური მემკვიდრეობის აქტუალობის მიზეზი ეკონომიკურ, საგარეო პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში მისი პოლიტიკის წარმატებაა. 1930-იან წლებში ფრანკლინ დელანო რუზველტის ახალმა კურსმა დროის გასვლასთან ერთად ეფექტი დაკარგა და თავად გახდა პრობლემების სათავე. 1970-იანი წლების ბოლოსთვის ამერიკის ეკონომიკა კრიზისში იყო. ინფლაციამ ათ პროცენტს გადააჭარბა, ინფლაციისგან განსხვავებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ვერ იზრდებოდა. ჯიმი კარტერმა (1977-1981) არათუ ვერ მოახერხა ახალი მიმართულების გამონახვა, არამედ მის დროს კრიზისი უფრო გაღრმავდა. 1980 წელს რეიგანი ამერიკას დაჰპირდა გადასახადების შემცირებას, ბიზნესის დერეგულაციას, სოციალური პროგრამების ფედერალურიდან შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების დონეზე გადატანას. მიმომხილველი რიჩარდ ნორტონ სმიტი აღნიშნავს, რომ რეიგანმა ამერიკული კონსერვატიზმი რეფორმის ინსტრუმენტად აქცია. მისმა რეფორმებმა ამერიკის ეკონომიკა გამოაცოცხლეს და გრძელვადიან ზრდას ჩაუყარეს საფუძველი.

რეიგანმა მოახერხა დაერწმუნებინა ამერიკელები, რომ მათ საკუთარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აეღოთ. ერთ-ერთ წინასაარჩევნო მიმართვაში მან განაცხადა, რომ ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ აქვთ თუ არა თვითმმართველობის უნარი, თუ სურთ, რომ მათი მომავლისთვის გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა ერთ ქალაქში თავმოყრილ ინტელექტუალებს გადაულოცონ.

ვიეტნამის ომით შოკირებული ამერიკული საზოგადოება მზად იყო მიეღო მსოფლიოში საბჭოთა კავშირის არსებობის ფაქტი. რეიგანი საბჭოთა კომუნისტურ სახელმწიფოს მიიჩნევდა ავადმყოფურ გადახრად, რომელსაც მომავალი არ აქვს, რადგან ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება. 1982 წელს ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას რეიგანმა განაცხადა, რომ მშვიდობისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვა მარქსიზმ-ლენინიზმს საბოლოოდ ისტორიის ნაგავსაყრელზე მიუჩენს ადგილს. უფრო ცნობილი მისი 1983 წლის გამოსვლაა, როდესაც მრჩევლებისა და გარემოცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერიად მოიხსენია. ამ განცხადებას თავად საბჭოთა კავშირშიც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. იმ დროისათვის პატიმრობაში მყოფი დისიდენტი ანატოლი შჩარანსკი იხსენებს, რომ რეიგანის ეს განცხადება მორზეს ანბანით მთელს გულაგში გავრცელდა. რეიგანი თეტჩერთან ერთად ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი იყო საბჭოთა კავშირში. მისმა უკომპრომისო დამოკიდებულებამ გორბაჩოვს არ დაუტოვა სხვა გზა, გარდა რეფორმებისა. რეიგანის რწმენამ და მტკიცე პოზიციამ, რომ მილიონობით ადამიანი იმსახურებს თავიანთი უფლებების დაცვისა და დემოკრატიის შანსს, შესაძლებელი გახადა ბოროტების იმპერიის დანგრევა.

რეიგანის შესაძლებლობებში ეჭვი როგორც მისი მოწინააღმდეგეებს, ისე მის თანამოაზრეებსაც შეჰქონდათ. თუმცა მან მოახერხა, ეს ფაქტი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, რეიგანი არ იყო დამოკიდებული მხოლოდ მრჩევლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე და თავად ეცნობოდა დიდი რაოდენობის მასალას. მას ერთკაციან ანალიტიკურ ცენტრსაც უწოდებდნენ. სწორედ ცოდნისა და შესანიშნავი ორატორული მონაცემების ხარჯზე ახერხებდა ის ადამიანების დარწმუნებას. 

ბერლინის კედლის დანგრევისა და რკინის ფარდის დაშვებიდან ოციოდე წლის შემდეგ ევროპელებმა ძალაუფლების ნაწილი ბრიუსელში განლაგებულ ბიუროკრატებს გადაულოცეს, რომელთაც თავიანთი პოზიციები არჩევნებით არ მოუპოვებიათ. ამერიკის წინაშე დგას ტერორიზმის გავრცელებისა და ავტორიტარული რეჟიმების მომრავლების საფრთხე. ამას ხელს უწყობს ჩინეთის, როგორც დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივის, წინ წამოწევა. Wikileaks-ის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის დისკრედიტაციას დასავლეთშიც კი არ გაურბიან. მთელს მსოფლიოში გაბნეულ, დემოკრატიაზე ორიენტირებულ პატარა ქვეყნებს კი რეიგანის მიერ საბჭოთა იმპერიის დანგრევით დაწყებული საქმის დასრულება სჭირდებათ. 1989 წელს, საკუთარი რვაწლიანი პრეზიდენტობის შეფასებისას რეიგანმა განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი ხელისუფლებაში ამერიკის შესაცვლელად მოვიდა, საბოლოოდ კი მსოფლიო შეცვალეს. შესაძლოა, რეიგანისთვის ეს უკანასკნელი სიურპრიზი არ აღმოჩნდეს და მისმა იდეებმა კიდევ ერთხელ შეცვალონ მსოფლიო.  

კომენტარები