შერმადინმა და ბოისამ სლოვენიის თასი მოიგეს

გასულ უქმეებზე სლოვენიაში საკალათბურთო თასის მფლობელი გამოვლინდა. საქართველოს ნაკრების მოთამაშების, გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას ოლიმპიამ ეს ტიტული არავის დაუთმო.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველმა ცენტრმა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა: შერმადინმა ნახევარფინალში მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიიღო, ზლატოგორთან 85:73 მოგებულ შეხვედრაში ორმაგი დუბლი გაიფორმა - 20 წუთში 17 ქულა, 10 მოხსნა და 1 დაფარება. 7-დან ხუთი ორქულიანი და 8-დან შვიდი საჯარიმო ჩააგდო. იმავე თამაშში ვლადიმერ ბოისამ 13 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება ჩაიწერა პირად აქტივში.

უკვე ფინალში ოლიმპიამ მეტოქე ჰელიოსს კარგი გაკვეთილი ჩაუტარა და 92:55 დაამარცხა. შერმადინი ამ შეხვედრაშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო თანაგუნდელთა შორის. 22 წუთში 12 ქულით, 5 მოხსნით, 2 პასით, 2 ჩაჭრითა და 2 დაფარებით. ამასთან ერთად, სროლისას საოცარი სიზუსტე გამოიჩინა - 4-დან ოთხი ორქულიანი და 4-დან ოთხი საჯარიმო ჩააგდო.

ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ ვლადიმერ ბოისაც ნელ-ნელა შედის ფორმაში. ფინალში მან 15 წუთი გაატარა მოედანზე. ამ დროში 4 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მის მიერ ნასროლი 4 ორქულიანიდან 2 ზუსტი გამოდგა.

ამ გამარჯვებით ლიუბლიანის ოლიმპიამ სლოვენიისას თასი დაისაკუთრა. ეს წლევანდელ სეზონში ქართველი კალათბურთელების მიერ მოპოვებული პირველი ევროპული ტიტულია.

კომენტარები