თანხის მითვისების ბრალდებით სახელმწიფო მოხელეები და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები დააკავეს

ბიუჯეტიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სუბსიდიების სააგენტოს მოხელეები და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები დააკავა. დაპატიმრებული არიან  სუბსიდიების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იოსებ ლობჟანიძე, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი გელა ჩივიაშვილი, ასევე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა წიქარიშვილი, სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი მამუკა შალამბერიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის უფროსი თეიმურაზ გოგოლაძე, ამავე სამსახურის სოციალური აგენტები - მამუკა ბოკერია და ალექსანდრე შავლაყაძე.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თაღლითობის და სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით  დააკავეს  სადაზღვევო კომპანია "ალფას" სახელმწიფო პროგრამების შესყიდვებისა და მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ამბროლიანი, სახელმწიფო პროგრამების მენეჯერი გივი წულეისკირი და ჰოსპიტალურ კლინიკებთან ურთიერთობის და მონიტორინგის სამსახურის უფროსი ილია ხომერიკი. ამავე ბრალდებით დაკავებულები არიან სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" პროექტების განვითარების მენეჯერი რატი ნოდია, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი სი აი-ს" საცალო გაყიდვების დეპარტამენტის სახელმწიფო პროგრამების განყოფილების უფროსი ივანე კახიძე, სადაზღვევო კომპანია "იმედი-L-ის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ჩიხლაძე, სადაზღვევო კომპანია "ირაოს" რეგიონალური მართვის დეპარტამენტის უფროსი ივანე მელიქიშვილი, სადაზღვევო კომპანია "აი-სი ჯგუფის" სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ყოფილი სამედიცინო მენეჯერი მაია ცანავა და სადაზღვევო კომპანია "ჯი-პი-აი ჰოლდინგის" სახელმწიფო სოციალური პროგრამების მენეჯერი თეიმურაზ ჩიხლაძე.

”გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, სადაზღვევო კომპანიების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების უგულვებელყოფით და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, არ დაარიგეს სოციალურად დაუცველი ფენებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო პოლისები და შესაბამისად, თავი აარიდეს გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს,” ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  სამართალდამცველების თქმით, დაკავებულებმა სადაზღვევო პროგრამისათვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხიდან ჯამში 5 მილიონ 700 ათას ლარზე მეტი მიითვისეს.

საგამოძიებო სამსახური არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გამოძიება აღნიშნულ კანონდარღვევებზე კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე დაიწყო.  

კომენტარები