აპატურაი: NATO იარაღით არ ვაჭრობს

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ ორშაბათს რადიო ეხო მოსკვის ეთერში საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქვეყნის შეიარაღებაზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ აგრძელებს NATO საქართველოს შეიარაღებას, აპატურაიმ უპასუხა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაცია არც ერთ ქვეყანას არ ამარაგებს იარაღით, რადგან ”NATO იარაღით არ ვაჭრობს.”

”ორგანიზაციის მოკავშირეებს აქვთ უფლება მიჰყიდონ იარაღი ვისაც სურთ, თუ ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს შეესაბამება,” აღნიშნა აპატურაიმ ”როგორც ვიცი, საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო არ არის დაწესებული. უნდა ავღნიშნო, რომ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. ეს ასეც რომ იყოს, კანონიერია,” დასძინა მან.

საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრისას აპატურაიმ ზუსტი თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავა. ”ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის ქვეყანამ ალიანსის ნორმები უნდა დააკმაყოფილოს,” განაცხადა აპატურაიმ. მისი თქმით საქართველოს სწრაფვას გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა, ალიანსი მხარს უჭერს. ”თუმცა, აქამდე ჯერ გრძელი და რთული გზაა გასავლელი,” აღნიშნა NATO-ს წარმომადგენელმა. მისი თქმით, გასატარებელ რეფორმათა შორის არის სამხედროებსა და პოლიციაზე დემოკრატიული კონტროლის გაძლიერება და კორუფციასთან ბრძოლა. ”ამ კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს. ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას,” განაცხადა აპატურაიმ.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საუბრისას აპატურაიმ ხაზი გაუსვა, რომ ამ ორ რეგიონთან დაკავშირებით ”მთავარი პრობლემა ის კი არ არის ვინ დაიწყო ომი, არამედ ის რომ რუსეთმა ეს ორი რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.” NATO-ს ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას ალიანსის არც ერთი მოკავშირე არ ეთანხმება. ”ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ ეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის. ეს არის, და იქნება ფუნდამენტური განსხვავება NATO-ს მოკავშირეებისა და რუსეთის  მოსაზრებებს შორის,” განაცხადა აპატურაიმ. 

კომენტარები