სირია ეგვიპტურ გაკვეთილებს სწავლობს

0 კომენტარი

ეგვიპტეში მიმდინარე დაუჯერებელი ამბოხებები საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ მოვლენები არაბულ სამყაროში „დომინოს ეფექტით” განვითარდება. ერთი არაბული ქვეყნის წარმატება დიქტატორის ჩამოგდებაში ავტორიტარული რეჟიმების მქონე დანარჩენ არაბულ ქვეყნებსაც აღაფრთოვანებს  და  მის მაგალითს გაჰყვებიან. ფიქრობენ, რომ სირია, იემენი და ალჟირი ამგვარი ტრანსფორმაციის მომავალი კანდიდატები არიან.

სირიასა და ეგვიპტეს ბევრი საერთო აქვთ. შესაძლოა ბაშარ ალ-ასადმაც მუბარაქის ბედი გაიზიაროს – ორივე სეკულარული რესპუბლიკაა, რომელთა რეჟიმები სამხედრო გადატრიალების გზით დამყარდა; ორივე მათგანის მმართველი ცდილობდა, გადადგომის შემდეგ ხელისუფლების სათავეში საკუთარი ვაჟები დაეტოვებინა. სირიაში, 2000 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ ბაშარ ალ-ასადმა სახალხო წინააღმდეგობის გარეშე შეძლო ხელისუფლების გადაბარება; იგივეს აპირებდა მუბარაქის ვაჟი ეგვიპტეში, რაშიც მას აგორებულმა საყოველთაო აჯანყებამ შეუშალა ხელი. ორივე ერთპარტიული სახელმწიფოა და პარტიების ქმედება სტატუს-კვოს შენარჩუნებითა და გამყარებით შემოიფარგლება. სირიაში, ეგვიპტის მსგავსად, საშინელი კორუფციაა – ახლახან იგი მსოფლიო ბანკის ანგარიშით ბიზნეს-მეგობრულ ქვეყნებს შორის ყველაზე წარუმატებელად დასახელდა. პრეზიდენტის გარემოცვა ფლობს დიდ, მონოპოლიურ კომპანიებს. სირიაც, ეგვიპტის მსგავსად, სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის: ბოლო პერიოდში, პურსა და ნავთობზე გაუქმებული სუბსიდიების ფონზე, სიღატაკისა და უმუშევრობის დონემ აიწია.

ტუნისისა და ეგვიპტის ქუჩის აქციებმა სირიის ოპოზიცია აღაფრთოვანა. მათ ამბოხების დღედ 4 თებერვალი გამოაცხადეს. პროტესტის ორგანიზატორები მოსახლეობის მობილიზაციისათვის Facebook-სა და Twitter-ს იყენებდნენ. ისინი ხალხს მოუწოდებდნენ აჯანყებულიყვნენ კორუფციის, რეპრესიების, ადამიანის უფლებების დარღვევის, ეკონომიკური თავისუფლების დაბალი დონის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ. მაგრამ, განსხვავებით ეგვიპტისა და ტუნისისაგან, სირიას უფრო მცირე სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს. შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ შეძლებს ოპოზიცია, ამ პროტესტს ორგანიზება გაუწიოს. პოტენციური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, Facebook-ითა და საერთოდ, ინტერნეტით სარგებლობა დაუყოვნებლივ აიკრძალა. რეჟიმის მიერ კონტროლირდება პროფესიული კავშირებიც, რომლებმაც ტუნისში დიდი როლი შეასრულეს. ხელისუფლებისადმი  რელიგიური წრეებიც ლოიალურადაა განწყობილი.

სირიის ხელისუფლება მიმდინარე მოვლენებს სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს, თუმცა ამას არ აღიარებს. გასულ კვირას, Wall Street Journal-ისათვის მიცემულ რიგით ინტერვიუში ბაშარ ალ-ასადმა მომავალში შიდა რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ პოლიტიკური რეფორმების გზით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უნდა გაიზარდოს და ბიზნესის წარმოება გამარტივდეს. მაშინ, როცა მიმდინარე მოვლენებს ახლო აღმოსავლეთში ახალი ერის დასაწყისად აფასებენ, იგი 1979 წლის ირანის რევოლუციაზე, როგორც ამ ახალი წამოწყების წყაროზე, მიუთითებს.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები