სამაუწყებლო მედიის მფლობელები გამადიდებელი შუშის ქვეშ

მედიასამართლის ამერიკელი ექსპერტი ბარბარა სვანი ჟურნალ ტაბულას უცხოელი მრჩეველია სარედაქციო საკითხებში. ბოლო 15 წელია, იგი საქართველოში მოღვაწეობს. ბარბარა სვანი დახმარებას უწევს საქართველოს და სხვა ქვეყნების პარლამენტარებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მედიის შესახებ კანონმდებლობის, ინფორმაციის თავისუფლების და საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტის საკითხების კომენტირებითა და ანალიზით. სხვადასხვა დროს იგი აშშ-ის მედიასამართალსა და რეგულაციებს ასწავლიდა; აქვეყნებდა ნაშრომებს ევროპული მედიაპრაქტიკისა და იურისპრუდენციის საკითხებზე; მუშაობდა საერთაშორისო მედიაკომპანიების სასამართლო საქმეებზე; აშუქებდა იურიდიულ საკითხებს როგორც ბეჭდვით, ასევე ელექტრონულ მედიაში და კონსულტაციას უწევდა საზოგადოებრივ მაუწყებლებს პროგრამების დაგეგმვაში.
2011 წლის თებერვალში ბარბარა სვანი საქართველოს წამყვანი იურისტების საერთაშორისო პროექტის – The International Senior Lawyers Project (ISLP), ფარგლებში ეწვია. ნიუ იორკში რეგისტრირებული ეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული IREX G-MEDIA პროგრამასთან ერთად მუშაობს საქართველოს მედიაგარემოს გაჯანსაღებაზე. ბარბარა სვანი მაუწყებლობის საკუთრებისა და ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გვთავაზობს.

საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობა ამჟამად მაუწყებლობის საკუთრების საკითხზეა კონცენტრირებული. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს კანონში მაუწყებლობის შესახებ შესატანი ცვლილებების პროექტი შეიმუშავა. შემოთავაზებული ცვლილებების ალტერნატიული პაკეტი მედიასამართლის ქართველმა სპეციალისტებმა მოამზადეს. ამ პაკეტს საპარლამენტო უმცირესობა უჭერს მხარს. დღეს, ეს ორი მხარე ამ ვარიანტების შეჯერებას ცდილობს. ცვლილებებს, რომლებმაც სამაუწყებლო მედიის საკუთრების და ფინანსური გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს, პარლამენტი, სავარაუდოდ, მარტში უყრის კენჭს.

რატომ უნდა აღელვებდეს ვინმეს აღნიშნული საკითხი  ხელისუფლებისა და მედიის სფეროს გარდა? იმიტომ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში არაფერია იმაზე უფრო ფუნდამენტური, ვიდრე გამოხატვის თავისუფლების უფლება. იმიტომ, რომ ადამიანთა უფლებას, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, სერიოზული საფრთხე ემუქრება, როდესაც ეთერი საკუთრების ფარული ინტერესებით კონტროლდება. მედიაორგანიზაციების მესაკუთრეთა გამჭვირვალობა ფარული ინტერესებით (იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ უცხოური) ამცირებს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამოქალაქო დისკურსის მანიპულირების შესაძლებლობას. სამაუწყებლო მედიის საკუთრების წესები აუცილებელია, რადგანაც მაუწყებლობა, განსაკუთრებით კი ტელემაუწყებლობა, აზროვნების სტილს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ის აყალიბებს ჩვენს დამოკიდებულებას როგორც საკუთარი საზოგადოების, ასევე დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. მიუხედავად ახალი მედიის განვითარებისა და მისი გავრცელების უსაზღვრო არეალისა, ტელევიზია საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე ინფორმაციის მთავარ წყაროდ რჩება. ჩვენ გვინახავს, რა შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლებებისა და ოლიგარქების მიერ საინფორმაციო წყაროების კონტროლს. არც ისე დიდი დროა გასული საბჭოთა ეპოქის დასრულებიდან და არც ისე შორსა ვართ გეოგრაფიულად – ჩრდილოეთით, სამხრეთითა თუ აღმოსავლეთით – ისეთი ხელისუფლებებისგან, რომლებიც სამაუწყებლო მედიას სათავისოდ იყენებენ. ისინი ცდილობენ, აკონტროლონ, რას ხედავენ და ისმენენ მოქალაქეები მათი მთავრობის  შესახებ.

საქართველოში მიმდინარე საჯარო დისკუსია ძირითადად იმ უცხოური კომპანიების მფლობელების გაუმჭვირვალობას ეხება, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ოფშორულ ზონებშია დარეგისტრირებული. ასეთ ზონებში მოქმედი კანონები ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ, საქართველოში სამაუწყებლო კომპანიების მესაკუთრეთა ვინაობის განსაჯაროებას აფერხებს. ეს შეშფოთება საფუძვლიანია, მაგრამ ასეთივე ყურადღება ადგილობრივი მფლობელების ფარულ ინტერესებსაც უნდა დაეთმოს. ცოტა რამ არის ცნობილი იმ ძალების შესახებ, რომლებიც მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების უკან რეალურად დგანან. ასევე, არც ისე ბევრი ვიცით ამ ძალების ზეგავლენის შესახებ სარედაქციო პროცესებსა და პროგრამების შინაარსზე.

მაუწყებლობის საკუთრების გამჭვირვალობა როგორც საქართველოში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში სერიოზული პრობლემაა. ქვეყნები ცდილობენ სათანადო ბალანსის დაცვას ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ინტერესსა და მეორე მხრივ, თავისუფალ ბაზარზე კონკურენციის ინტერესებს შორის. კონფლიქტი დამახასიათებელია ნებისმიერი სამთავრობო სისტემისთვის, რომელიც მედიას არეგულირებს. გაზრდილმა სახელმწიფო რეგულირებამ შეიძლება სამაუწყებლო მედიაზე კონტროლის გამკაცრებასთან მიგვიყვანოს. თუმცა, მედიის საკუთრების სტრუქტურული წესები მედიის თავისუფლებაში ყველაზე ნაკლებად იჭრება, ვინაიდან მაუწყებლობის საკუთრებას არეგულირებს და არა სამაუწყებლო პროგრამებს. საკუთრების გამჭვირვალობა სარედაქციო დამოუკიდებლობას იმ ფარული ინტერესებისაგან იცავს, რომლებიც მიმდინარე მოვლენების და პოლიტიკური თუ ეკონომიკური ამბების გაშუქებას თავის მიკერძოებულ კვალს ამჩნევს.

წარსულის იმ საკანონმდებლო ინიციატივებისაგან განსხვავებით, რომლებიც დონორების მიერ იყო ნაკარნახევი და რომლებითაც ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები საქართველოს კითხვებს პასუხს სცემდნენ, მაუწყებელთა საკუთრების გამჭვირვალობა ადგილობრივი ინიციატივაა. მისი მეშვეობით ქართველები უცხოელი ექსპერტების „პასუხებს” კითხვის ქვეშ აყენებენ. ასეთი ცვლილება სამართლიანია. არც საკუთრების ევროპული წესები და არც მაუწყებლობის ამერიკული რეგულაციები არ უზრუნველყოფენ პასუხს კითხვაზე, როგორ გაუმჯობესდეს ქართული სამაუწყებლო მედიაგარემო. დასავლეთში, მაუწყებლობის საკუთრება რამდენიმე მძლავრი მრავალეროვნული და ტრანსინდუსტრიული მედიაკონგლომერატის ხელშია კონცენტრირებული. კორპორატიული მედია ფინანსურ ანგარიშებს ეყრდნობა და არა მაღალ პრინციპებს – მედიის პლურალიზმზე უფრო კორპორატიული მოგება აინტერესებს. ამერიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ დამოუკიდებელი სატელევიზიო არხების რაოდენობა შეერთებულ შტატებში მაშინ გაიზარდა, როდესაც საკუთრება უფრო მკაცრად რეგულირდებოდა, ვიდრე ახლანდელ გარემოში იზრდება. მსგავსი რამ მოხდა ევროპის ზოგ ქვეყანაშიც.

სამაუწყებლო მედიის საკუთრების გამჭვირვალობა იმ ბარიერებს მოშლის, რომლებიც მედიის მრავალფეროვნებასა და პლურალიზმს ეღობება – დამოუკიდებელი და ჯანსაღი სამაუწყებლო გარემოს ორ ძირითად მახასიათებელს. საკუთრებისა და ფინანსური გამჭვირვალობის შორსმჭვრეტელური და ფრთხილად შემუშავებული წესები ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც იდეების ბაზარზე დამოუკიდებელ მაუწყებლებს მრავალფეროვანი მოსაზრებების გამოხატვის საშუალებას აძლევს. ჩრდილოვანი ინტერესების „მზის სხივით დეზინფექცია” მაუწყებლობის მიერ მრავალფეროვანი და ღრმა შინაარსის მქონე პროგრამებით უფრო ფართო აუდიტორიის მოცვას უზრუნველყოფს.

ახლა, საქართველოს რეალური პრობლემა მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა საკუთრების და ფინანსური გამჭვირვალობის მოთხოვნებთან შესაბამისობაა. ის, რომ საქართველოში მაუწყებლობის საკუთრება არ არის გამჭვირვალე, ნაწილობრივ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების შედეგია – ძირითადად კი იმისა, რომ მარეგულირებელი უწყება არ ასრულებს საკუთარ საქმეს, რაც კანონის აღსრულებას გულისხმობს. საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა იმ ცვლილებებს განიხილავენ, რომლებითაც ამ ხარვეზების გამოსწორება სარედაქციო დამოუკიდებლობის, პირადი ხელშეუხებლობის უფლების ანდა კომერციის თავისუფლების შეულახავად შეიძლება. თუმცა, საკუთრებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების ახალი წესები იმოქმედებს იმ შემთხვევაში და ისე, როგორც მათი აღსრულება მოხდება. პარლამენტს შეუძლია დაამტკიცოს, რომ რეალური გამჭვირვალობა სურს. კანონმდებლებმა, შესწორების შემდეგ, მარეგულირებელი ორგანოს მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნების შესრულება უნდა უზრუნველყონ.

კომენტარები