მეტი კონკურენტუნარიანობისკენ კონკურენციის გარეშე



ბერლინმა და პარიზმა გლობალური ფინანსური კრიზისის დასაძლევად ახალი გეგმა შეიმუშავეს. ევროზონისა და უფრო ფართოდ, მთელი ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და ვალთან დაკავშირებული კრიზისის აღმოსაფხვრელად, ევროზონის პოლიტიკის განმსაზღვრელმა ორმა მთავარმა ქვეყანამ კონკრეტული პუნქტები გაწერა. ეს ითვალისწინებს: დაწესდეს ზღვარი ვალის დონეზე, რომელსაც დაარეგულირებს თითოეული ქვეყნის კანონმდებლობა; გაიზარდოს საპენსიო ასაკი, თითოეული ქვეყნის დემოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით; გაუქმდეს ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია ინფლაციასთან; შემუშავდეს საერთო მექანიზმები საბანკო კრიზისის გადასაჭრელად და კორპორატიული გადასახადი მინიმუმამდე შემცირდეს. ევროკავშირის 17 ქვეყანა ამ ზომების წინააღმდეგია.

ამ ჰარმონიზაციის ინიციატორი ანგელა მერკელია, კონკრეტული პუნქტები კი ზუსტად იმეორებს ე.წ. ბერლინის ქამრების მოჭერის მოდელს.

ბერლინის მოდელი ძირითადად წესების ორ წყებას ეყრდნობა: პირველი, დეფიციტის შემცირება მშპ-ს 5%-დან სულ მცირე 3%-მდე 2013 წლამდე. მეორე – ბიუჯეტის დაბალანსება და შემოსავლებსა და ხარჯებს შორის განსვლის შემცირება არსებული 70 მილიარდიდან 60 მილიარდამდე ანუ 2011 წლიდან, ყოველწლიურად 10 მილიარდი ევროთი.

თუმცა ბერლინის ეკონომიკურ მოდელს უარყოფითი მხარეებიც აქვს, მაგალითად, გადასახადები მაღალია, საგადასახადო კოდექსი რთულია, ხოლო შრომის ბაზარი – ზედმეტად რეგულირებული. მერკელ-სარკოზის პაქტი კი ზუსტად კორპორატიული საგადასახადო რეჟიმების, შრომის რეგულირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და საპენსიო ასაკის ჰარმონიზებას მოითხოვს.

  მერკელი ფისკალურ ჰარმონიზაციაზე აკეთებს აქცენტს, ნიკოლა სარკოზის კი უფრო პოლიტიკური ამბიციები აქვს: საფრანგეთის პრეზიდენტს ერთიანი ევროპული ეკონომიკური მთავრობის შექმნა და მისი მეშვეობით ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკის კოორდინირება სურს.

რეფორმატორებს ევროპის კონკურენტუნარიანობის მიღწევა უნდათ, მაგრამ პარადოქსულია, რომ ქვეყნებს შორის კონკურენციის გარეშე. კონკურენტუნარიანობის პაქტი მთელი ევროპის ფრანკო-გერმანულ თარგზე მოჭრას ისახავს მიზნად. თუმცა გერმანია წინა პლანზეა, რადგან მისი გავლენა სულ მცირე 440 მილიარდი ევრო ღირს.

ევროზონის დახმარების ფონდის – ევროპის ფინანსური სტაბილურობის მექანიზმი ( EFSF) – ქამარი ბერლინის ხელშია: ბაზარზე ობლიგაციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოტანა მხოლოდ ვალის მენეჯმენტის გერმანიის ოფისის მხარდაჭერით ხდება. ფინანსური დახმარების, ე.წ. bail-out-ის ფონდში 440 მილიარდი ევროა. მის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე დისკუსია უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. საქმე ისაა, რომ რეალური სასესხო თანხა 250 მილიარდ ევროს არ აჭარბებს, რადგან დანარჩენი 190 მილიარდი ევრო ფონდის იმ გარანტიებს ხმარდება, რომლებმაც მისი მაღალი საკრედიტო რეიტინგი უნდა შეინარჩუნონ. მოზიდული თანხებით ფონდი ივსება და ევროზონის იმ ქვეყნებზე ნაწილდება,  რომელთაც ფინანსურად ყველაზე მეტად უჭირთ – მაგალითად, სჭირდებათ ბანკების რეკაპიტალიზაცია ან სუვერენული ვალის გამოსყიდვა. ამდენად, ბერლინს შეუძლია იმ მიმართულებით მოუჭიროს ამ ქამარს, საითაც დასჭირდება.

დღეს დეფოლტის ყველაზე რეალური რისკის ქვეშ ორი ქვეყანა – პორტუგალია და ესპანეთია. პორტუგალიას 9.5 მილიარდი ევროს რეფინანსირება უწევს ორ ტრანშად – აპრილსა და ივნისში. ქვეყნის მთლიანი ვალი დაახლოებით 150 მილიარდი ევროა. აქედან 40% – დაახლოებით 60 მილიარდი ევრო ესპანურ ბანკებზე მოდის. ამდენად, ორივე ქვეყანა  ჩაკეტილ წრეში მოყვა: პორტუგალია შეიძლება იძულებული გახდეს, ესპანურ ბანკებს ვალის რესტრუქტურიზაცია სთხოვოს. თუ ესპანური ბანკებისთვისაც აუცილებელი იქნება რეკაპიტალიზაცია – სხვადასხვა გათვლით, კაპიტალის სახით, შეიძლება 50 მილიარდი ევრო დასჭირდეთ – მაშინ არა მხოლოდ პორტუგალიის, ესპანეთის ვალის რესტრუქტურიზაციაც ავტომატურად დადგება დღის წესრიგში.

დღევანდელი გათვლებით, თუ საბოლოოდ გაკოტრების ზღვართან ყველაზე ახლოს მყოფ ორ ქვეყანას – პორტუგალიასა და ესპანეთს ერთდროულად დასჭირდებათ გამოსყიდვა, ფონდში საკმარისი სახსრები ვერ მოიძებნება.

მეორე მხრივ, თვითონ ამ ქვეყნების შიგნით, სულ უფრო მატულობს კონსენსუსი, რომ გამოსყიდვა რეალურად გამოსავალი არ არის: ამით კარგა ხნით შენელდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა – გაძვირდება კორპორატიული კრედიტი, რაც კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ოჯახების შემოსავალს.

ესპანეთსა და პორტუგალიას – ევროკავშირის სხვა მსხვილ და პატარა ქვეყნებთან ერთად – ბელგიითა და ავსტრიით დაწყებული და ირლანდიით, პოლონეთითა და ლუქსემბურგით დასრულებული – ფისკალური ჰარმონიზაციის ფრანკო-გერმანული არც მეთოდები მოსწონთ და არც პუნქტებად გაწერილი შეთავაზების შინაარსი. ირლანდია აპროტესტებს კორპორატიული გადასახადის ზღვარის ჰარმონიზებას, ბელგია, ესპანეთი და პორტუგალია – ინფლაციას მიბმული სახსრების გაუქმებას, ხოლო საპენსიო ასაკის ზრდის წინააღმდეგი ყველა ის ქვეყანაა, სადაც ძლიერი პროფკავშირები და ლობისტები ჰყავთ.

თუმცა არავინ დავობს იმაზე, რომ სტაგნაციაში მოყოლილ, გადახარჯვებს გადაყოლილ ბებერ კონტინენტს რეფორმირება მართლაც სჭირდება. მაგრამ მნიშვნელოვანია რა გზით მოხდება ეს. საერთო ბაზარი საერთო ეკონომიკურ მოდელს არ მოითხოვს. ესპანეთი შეიძლება არასდროს გახდეს გერმანიასავით ინდუსტრიის ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა, თუმცა ვერც გერმანია შეძლებს ტურისტებისთვის ესპანეთივით მიმზიდველი გახდეს. თითოეული ასეთი კონკურენტუნარიანი უპირატესობა ევროპის, როგორც ერთი მთლიანის, ძალაა. მეტიც, გაცილებით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ევროპის ყველა ქვეყანა ერთდროულად დადგება ეკონომიკური საფრთხის წინ, თუკი, ერთიანი სტრატეგიის ჰარმონიზების ნაცვლად, თითოეული მათგანი დამოუკიდებლად  ეკონომიკური ზრდის მიღწევის კონკურენტუნარიან მოდელს შეიმუშავებს.

ევროზონა თავის დროზე ერთ დიდ ეკონომიკურ ლაბორატორიად ჩაიფიქრეს, სადაც წევრ ქვეყნებს შორის ბიზნესსა და ეკონომიკურ ზრდაში თავისუფალი კონკურენცია იქნებოდა. ეს კონკურენცია ნიშნავს, რომ რაღაც ეტაპზე აუცილებლად გამჟღავნდებიან წარმატებული და წარუმატებელი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. ყველა გერმანია (ან საფრანგეთი) ვერ იქნება. თუმცა ზოგს ეს არც უნდა.

კომენტარები