თიხისფეხება კოლოსი

ევროპის უმეტესი ქვეყნები დეფიციტის აღმოსაფხვრელად ხარჯებს ამცირებენ, ნავთობზე მზარდი ფასი კი რუსეთს ფულის ფლანგვის დამატებით საშუალებას აძლევს. უკანასკნელ კვირას პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა 678 მილიარდი გამოყო ახალი თავდაცვითი ხარჯებისთვის მომავალი ათწლეულის განმავლობაში. ამ თანხის მეოთხედი რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის მოდერნიზაციას მოხმარდება. კრემლის შენაძენთა სიაშია: 20 ახალი გემი, რაკეტული წყალქვეშა ნავები, ფრეგატები და ავიამზიდები.

 

თითქოსდა ამ ხარჯების მიზანი იმის ჩვენებაა, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს ძალოვან თამაშს წყნარ ოკეანეში. მაგრამ კრემლს ხარჯების გაწევა ქვეყნის დაბეჩავებული სამხედრო წარმოების გამოსაცოცხლებლადაც მოუწევს. რუსეთის სამხედრო წარმოებაში დასაქმებულთა რიცხვი 3 მილიონს უახლოვდება და ყველა წარმოებაში მომუშავეთა 80%-ს შეადგენს. რუსეთის ფედერაცია  ჩვეულებრივი შეიარაღების მეორე უდიდესი ექსპორტიორია აშშ-ის შემდეგ, თუმცა მისი თავდაცვითი წარმოება სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. უკანასკნელ წელს რუსეთმა გაყიდა დაახლოებით 10 მილიარდის შეიარაღება – უმეტესად უცხოელ კლიენტებზე. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის  თავდაცვითი საწარმოების 25% გაკოტრების წინაშეა და საბჭოთა სამხედრო წარმოების გადმონაშთია. თვით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად საზღვარგარეთს მიაშურა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, რომლის წარმოების უნარიც თავად რუსეთს არ აქვს. მაგალითისთვის გამოდგება 20-ათასტონიანი მისტრალის ტიპის ვერტმფრენმზიდები, რომელიც კრემლმა საფრანგეთს შეუკვეთა – თითოეული 1 მილიარდ ევროდ.

რუსეთის არმიაც არაა უკეთეს მდგომარეობაში. მოსკოვში მდებარე ანალიზის და სტრატეგიული ტექნოლოგიების ცენტრმა ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ თეორიულად 1.1 მილიონი სამხედროსგან შემდგარი შეიარაღებული ძალებიდან, რეალურად ოპერაციაზე გასვლა  მხოლოდ ორ ბრიგადას – 9 ათას კაცს – შეუძლია. 

რეფორმების გარეშე თავდაცვით სფეროში ფულის ფლანგვა რუსეთის არმიას თანამედროვე საბრძოლო ძალად ვერ აქცევს, მაგრამ მილიონზე მეტი ჯარისკაცი, მეზღვაური და სამხედრო წარმოების მუშაკი ნამდვილად შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ კრემლის მიერ თავდაცვაზე გაღებული დანახარჯები არაერთ ბიუროკრატს და თავდაცვის კონტრაქტების შემსრულებელს გაამდიდრებს. პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი თვითონვე ამბობდა, რომ უკანასკნელ წელს რუსეთს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ბიუროკრატებმა ტრილიონი რუსული რუბლი ანუ 33 მილიარდი დოლარი მოპარეს. ამ ფონზე, კრემლმა მედვედევისთვის შეძენილი ახალი, 35-მილიონიანი სუპერიახტის დემონსტრირება მოახდინა. ჩაითვლება კი ეს რუსეთის ფლოტის ძლიერებაში შენატან წვლილად?

კომენტარები