თვის ყველაზე ეროტიკული ნეკროლოგი

თებერვალში სამი, ერთმანეთზე ეროტიკული როლის შემსრულებელი მსახიობი გარდაიცვალა: მარია შნაიდერი (3-ში, 58 წლის), ლენა ნაიმანი (4-ში, 66 წლის) და ტურა სატანა (4-ში, 72 წლის). თითოეული ერთი ფილმითაა ცნობილი, მაგრამ ეს იმდენად საკულტო სურათებია, რომ მათთან ერთად ქალბატონებიც კინემატოგრაფის ველური დეკადის განუყოფელ ნაწილებად იქცნენ.

1960-70-იანი წლები – ვიეტნამი, კენედის მკვლელობა, მონოკინი, “ბითლზი” იესოზე პოპულარულია, საფრანგეთში სტუდენტური რევოლუციაა, ადამიანი მთვარეზე. პურიტანულ ამერიკაში კი ოსკარებს, ისევ “მუსიკის ჰანგებს” აძლევენ.

და სწორედ იმ ხანებში, ახალგაზრდებმა აღმოაჩინეს, რომ სხეულის გამომზეურება ძველ თაობასთან კავშირის გაწყვეტის ერთ-ერთი საშუალება იყო.
ყველაფერი საიდანღაც იწყება...

ტურა სატანა

ტურამ სახელი მეიერის 1965 წლის ფილმით, “სწრაფად, ფისუნია! მოკალი! მოკალი!” გაითქვა. მეიერი თავისი დროის როდრიგესია – უტრირებული ძალადობა და სექსი, ირონიულ-აბსურდული ჰორორი. სატანას გმირი, ვარლა გოგონების ბანდის ლიდერია. გოგონებს კალიფორნიის გზებზე სწრაფი მანქანებით სიარული იტაცებთ. ერთხელაც წყვილს გადააწყდებიან. ბიჭს ვარლა შიშველი ხელებით კლავს... თავგადასავალიც შესაფერისად გრძელდება.
ამ როლისთვის ტურას ბიოგრაფია უმაგრებს ზურგს. მისი ნამდვილი გვარი იამაგუჩია. 9 წლისა ხუთკაციანმა ბანდამ გააუპატიურა. ის აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებას დაეუფლა და დაიფიცა, რომ მოძალადეებზე შურს იძიებდა. სკოლიდან გარიცხეს. ბანდის ლიდერი გახდა. 13 წლისამ ლოს ანჯელესში ბლუზის სიმღერა სცადა. მერე შიშველი პოზირებდა. მალე წარმატებული მოცეკვავე გახდა. ელვის პრესლის ხვდებოდა, მაგრამ მისთვის ცოლობაზე უარი უთქვამს...

“ფისუნია” ერთადერთი ფილმი იყო, რამაც დიდება მოუტანა.

ლენა ნაიმანი

შვედი მსახიობის კარიერა 50 წელს ითვლის. მართალია, მას გაუმართლა და ინგმარ ბერგმანის ფილმში “შემოდგომის სონატა” ლივ ულმანის დის როლი შეასრულა, თუმცა ლენას ვარსკვლავობა უფრო ადრე, შემანის ორი ფილმით იწყება: 1967 წლის “მე ცნობისმოყვარე ვარ (ყვითელი)” და 1968 წლის “მე ცნობისმოყვარე ვარ (ლურჯი)” (შვედეთის დროშის ფერები). “ყვითელმა” 60-იანი წლების შვედურ კინოს თავისი სიტყვა ათქმევინა. ფილმი თითქოს სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებს ეხებოდა, თუმცა, ისიც ყველამ იცოდა, რომ მაყურებელს ვერ მოიზიდავდი იმაზე მსჯელობებით, შვედეთი საკმარისად სოციალისტურია თუ არა. მაგრამ აი, ორალური სექსის სცენებით ამას თავისუფლად მოახერხებდი. სწორედ ამიტომ ფილმში მსგავსი ეპიზოდები იმდენად უხვად შევიდა, რომ ამერიკაში, ზოგი სცენა ამოიღეს, მასაჩუსეტსში კი – მთლიანად აკრძალეს. 100 ათასზე ნაკლებ დოლარად შექმნილმა ფილმმა ამერიკაში 20 მილიონი გააკეთა.

ლენამ კი უქარიშხლო კარიერა გააგრძელა.
 
მარია შნაიდერი

ბერტოლუჩის 1972 წლის ფილმს “უკანასკნელი ტანგო პარიზში” ნაკლები წარდგენა სჭირდება. მცირედ პოპ-ფსიქოლოგიურ ფონს თუ არ ჩავთვლით, მასში მთავარი ეროტიკის სცენებია. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სურათს ორაზროვანი რეაქციები მოჰყვა. როდესაც “ტანგოს” ჟურნალ TIME-ში მთავარი გვერდები მიუძღვნეს, ზოგ მკითხველს, პროტესტის ნიშნად, ჟურნალის გამოწერაც კი შეუწყვეტია. განსაკუთრებული ხმაურის საგანი კარაქის სცენა იყო, რაზეც, 2007 წლის ინტერვიუში მარიას უთქვამს – სცენარში არ ეწერა და გადაღებამდე ცოტა ხნით ადრე, ბრანდომ მოიფიქრა. მართალია, რასაც მარლონი აკეთებდა, არ იყო ნამდვილი, მაგრამ მე მართლაც ცრემლებით ვტიროდი. დამცირებულად და გაუპატიურებულადაც ვიგრძენი თავი, როგორც მარლონის, ისე ბერტოლუჩის მხრიდანო.

“ტანგოს” მერე მას სექს-სიმბოლოდ უფრო აღიქვამდნენ, ვიდრე მსახიობად, რაც აღიზიანებდა. 1975-ში ანტონიონის “პროფესია: რეპორტიორშიც” ითამაშა, მაგრამ ნარკოტიკებმა და დეპრესიამ მის კარიერას გასაქანი არ მისცეს. ორმოცამდე როლიდან დღემდე “ტანგოთი” იცნობენ.

ალბათ ამიტომაც თქვა მისი გარდაცვალების მერე ბერტოლუჩიმ: “მარია თავისი ახალგაზრდობის მოტაცებაში მადანაშაულებდა, სიკვდილი ძალიან მალე ეწვია, რომ მისი ნაზად ჩახუტება მომესწრო, რომ ერთხელ მაინც მეთხოვა პატიება”.

“ტანგო” New Yorker-ის ერთ-ერთმა ცნობილმა კრიტიკოსმა მოიხსენია ფილმად, რომელზეც იქამდე იკამათებენ, ვიდრე კინო იარსებებს

 

კომენტარები