ახალ ზელანდიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ახალ ზელანდიაში სამშაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 98-ს მიაღწია, ხოლო 238 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მიწისქვეშა ბიძგებმა, რომლის სიმძლავრემ რიხტერის შკალით 6.3 ბალი შეადგინა, ყველაზე მეტად ახალი ზელანდიის სიდიდით მეორე ქალაქი, ქრაისტჩერჩი დააზარალა. მიწისძვრისგან თითქმის მთლიანად დანგრეულ ქალაქში მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიებას კვლავ განაგრძობენ. ადგილობრივი მაშველების დასახმარებლად ახალ ზელანდიაში სამაშველო ბრიგადები ავსტრალიიდან, აშშ-დან და აზიის ქვეყნებიდან ჩავიდნენ.

სამშაბათს მომხდარი მიწისძვრა სპეციალისტებმა უკვე შეაფასეს, როგორც ახალ ზელანდიაში ბოლო 80 წლის მანძილზე მომდარი ყველაზე დიდი სტიქიური უბედურება. 1931 წელს მომხდარ მიწისძვრას ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე 256 ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერი მიწისძვრა ახალ ზელანდიაში გასული წლის 4 სექტემბერსაც მოხდა, თუმცა 7.1-ბალიან მიწისქვეშა ბიძგებს მაშინ მსხვერპლი არ მოჰყოლია.წინასწარი გათვლებით, 22 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის მიერ მიყენებულმა ზარალმა 13 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

კომენტარები