თეირანის უხერხემლო დემონსტრაციები

რამდენიმე კვირის წინ ”სეკულარული, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი” მმართველების –  ბენ ალისა და ჰოსნი მუბარაქის დამხობას ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ხამენეი 1979 წლის რევოლუციასა და ”ისლამურ გამოღვიძებას” ადარებდა. ამავე აზრს იზიარებდა პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადიც – ახლო აღმოსავლეთში ”განახლება იწყება” და ამ რევოლუციების შემდეგ რეგიონში აშშ-ს აღარ დაედგომებაო. თუმცა, ისლამური რესპუბლიკის ლიდერების რიტორიკა თეირანის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციის გამართვისთანავე შეიცვალა. 

14 თებერვალს ირანის დედაქალაქში ხალხმრავლობა იყო. ერთი შეხედვით, ქვეყნის ოპოზიციური მწვანეთა მოძრაობის ათობით ათას მხარდამჭერს ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან ვერაფრით გამოარჩევდით. მანიფესტანტები მდუმარე აქციას მართავდნენ. თავისუფლების მაძიებელი ეგვიპტელი და ტუნისელი ხალხის მხარდამჭერი საპროტესტო მარში ირანული ოპოზიციის ლიდერებმა – ჰოსეინ მუსავიმ და მეჰდი ქარუბიმ მოიწვიეს. მდუმარება მხოლოდ ირანის უშიშროების სამსახურების ჩარევის შემდეგ დაირღვა.

ირანის ლიდერები არ მოელოდნენ, რომ არაბულ ქვეყნებში აგორებული საპროტესტო ტალღა მათაც გადასწვდებოდა. გასული წლის განმავლობაში აჰმადინეჟადი 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის – ”დასავლეთის მიერ შეცდომაში შეყვანილი ირანელების” – მარცხს ზეიმობდა. ქვეყნის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი კი აცხადებდა – საზოგადოება ”აცრილია” ამ ”ბაქტერიების” წინააღმდეგო. რეჟიმმა მუსავი და ქარუბი შინაპატიმრობაში გამოამწყვდია, ხოლო 2009 წლის აქციების ათასობით მონაწილე დააპატიმრა და აწამა.

მიუხედავად ამგვარი წნეხისა, პროდემოკრატიულმა ძალებმა მაინც მოახერხეს საპროტესტო აქციის გამართვა. ხელისუფლების რეაქციამ არც ამჯერად დააყოვნა – პოლიციამ და ბასიჯის  წევრებმა (ირანელი მოხალისეების სამხედრო დაჯგუფება) ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით დაარბიეს მომიტინგეები. ხელისუფლების მტკიცებით, ისინი მას შემდეგ ჩაერივნენ მოვლენებში, რაც მანიფესტანტებმა უშიშროების ძალების ორი წევრი მოკლეს. თვითმხილველთა განცხადებით კი მომიტინგეები პოლიციამ დახოცა.

2009 წელს გამოთქმული ”შეშფოთებებისგან” განსხვავებით, ამჯერად დასავლეთი უფრო მკაცრი იყო ირანში მიმდინარე მოვლენების შეფასებებისას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეთრინ ეშტონმა ირანის მთავრობას მოუწოდა „ბოლომდე პატივი სცეს და დაიცვას“ თავისი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები – მათ შორის, გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების უფლება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, ირანელი დემონსტრანტების „სიმამაცესა“ და „მისწრაფებებზე“ ისაუბრა. მან ქვეყნის მთავრობას მოუწოდა ეგვიპტის მაგალითს მიბაძოს და პოლიტიკურ სისტემა უფრო ღია გახადოს.

ირანის ბედი მეტწილად ქვეყნის შიგნით არსებული დემოკრატიული ძალების ხელშია, თუმცა, პროდემოკრატიული მოძრაობა საკმაოდ დაუცველი და სუსტია. უკვე წელიწადზე მეტია, ჰოსეინ მუსავიმ და მეჰდი ქარუბიმ ვერ შეძლეს ირანის რეფორმის დამაჯერებელი პროგრამის წარმოდგენა. გარდა ამისა, ისედაც შინაპატიმრობაში მყოფი ლიდერები ახლა, შესაძლებელია, ”ამბოხის” მოწყობის ბრალდებით გაასამართლონ. რადიკალმა პარლამენტარებმა ”ამერიკელების და სიონისტთა მიზნების” გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის მათი სიკვდილით დასჯაც კი მოითხოვეს.

კომენტარები