ისტორია

ამბობენ, მცირერიცხოვან ერებს ხშირად ძალზე ხანგრძლივი ისტორია ტანჯავთ. ამ ჰიპოთეზის სისწორე არსად დასტურდება ისე, როგორც საქართველოში. აქ ერს წარსულის ტვირთი ხშირად ძალიან ამძიმებს. ხშირად უთქვამთ ჩემი ამერიკელი მეგობრებისთვის – შეფარული ქედმაღლობით – რომ ბოლომდე ვერასდროს გაუგებენ საქართველოს, ვინაიდან ისინი „ახალგაზრდა” ქვეყნის შვილები არიან. „ჩემს ბაღში ზოგი ხე უფრო მეტი ხნისაა, ვიდრე მთელი თქვენი ერი”, ამას წინათ ერთმა ჩემმა ქართველმა ნაცნობმა ამერიკელს ნიშნისმოგებით უთხრა. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი 21 წლის ახალგაზრდა ამჟამად არსებულ საქართველოს სახელმწიფოზე უფროსია.

ცუდად არ გამიგოთ. საქართველოს მართლაც უაღრესად მდიდარი და საინტერესო ისტორია აქვს, მაგრამ გადამლაშება არ არის საჭირო. ბევრი ჩემი ქართველი მეგობარი შეშფოთდა, შეურაცხყოფილადაც კი იგრძნო თავი, როდესაც BBC-ის ვებგვერდზე ამას წინათ გამოქვეყნებული სტატიიდან შეიტყო, რომ ღვინის დამზადების უძველესი მოწყობილობა სომხეთში აღმოეჩინათ. „მერე, რა”, თქვეს მათ, „სამაგიეროდ, დადასტურებულია, რომ ვაზის კულტურა ყველაზე ადრე საქართველოში მოჰყავდათ”. თითქოს ვაზის უძველესი ნერგი სომხეთში რომ აღმოაჩინონ, ამით საქართველოს ღვინის მეურნეობას ჩრდილი მიადგება, მეორე დღესვე შევწყვეტთ ყველა საფერავის სმას და სუფთა სომხური კონიაკის, „არარატის”, გარდა, სხვა სასმელს აღარ გავეკარებით.
 
ამას დმანისის ჰომინიდები, საყოველთაოდ ცნობილი „პირველი ევროპელები”, ემატება. ყოველ ჯერზე, როცა კი ტაქსიში ჩავჯდები, ერთი და იმავე ამბის მოსმენა მიწევს: „იცი, რომ ჩვენ, ქართველები, პირველი ევროპელები ვართ. ეს დადასტურებული ფაქტია”. და ყოველ ჯერზე, როცა ამას ვისმენ, უბრალოდ, სიმწრით მეღიმება და ხასიათიც მიფუჭდება. არ ვაპირებ, ლექცია წაგიკითხოთ ადამიანის ევოლუციის შესახებ, მაგრამ ნება მომეცით, ერთი რამ აღვნიშნო – ისინი, რაც დმანისში აღმოაჩინეს, არ არიან ევროპელები – ისინი სრულყოფილი ადამიანებიც კი არ არიან. თუ დროში უკუსვლით წავალთ და ჰომინიდ წინაპრებს პოლიტიკურ-გეოგრაფიული სახელების დარქმევას დავუწყებთ, ისინი „პირველი აზიელებიც” კი აღმოჩნდებიან. იცით რა არიან ისინი? უბრალოდ პირველები იმ უძველეს ჰომინიდებს შორის, რომლებიც კი არქეოლოგებს აფრიკის მიღმა აღმოუჩენიათ. ეს უდავოდ საინტერესო ფაქტია, მაგრამ გთხოვთ, ამის გამო ნუ შემოვკრავთ „ოდა სიხარულს” და ნუ გამოვფენთ ევროკავშირის დროშებს. ჰო, ის თუ ვთქვი, რომ ჩვენ მათი შთამომავლები არა ვართ? ჩვენ იმ აფრიკელებისგან წარმოვიშვით, რომლებმაც კონტინენტი ზეზვასა და მზიას მერე, ერთ მილიონზე მეტი ხნის შემდეგ, დატოვეს.
 
როგორც ადამიანი, რომელსაც უსაზღვროდ აინტერესებს წარსული, ვფიქრობ, კარგია, რომ ქართველთა უმეტესობას საკუთარი ქვეყნის ისტორია ასე კარგად ესმის, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ლაქები და უზუსტობები მაინც არსებობს (სხვათა შორის, ქართული ანბანი მეფე ფარნავაზს არ შეუქმნია. ან თუ შექმნა და, მაშინ საგულდაგულოდ გადაუმალავს ისე, რომ რამდენიმე ასწლეული ვერავინ იპოვა). მაგრამ კარგი ისტორია ისეთი რამ არის, რისთვისაც წარსული ამბავია, რომელიც უნდა გაიგო და არა რესურსი პოლიტიკური მობილიზებისთვის. რაც უნდა ბევრი ამტკიცოს საქართველომ, რომ პირველი ევროპელების ქვეყანაა, ამით ის ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მიმავალ გზას ვერ შეამოკლებს. საქართველოში, წარსულისკენ ცქერით, ხალხი ხშირად აწმყოს ხედვას იბუნდოვანებს.

კომენტარები