მარდალან ფარბუდის პაგანი სეი – უკეთესი, ვიდრე პაგანი ჰუაირა?

მსოფლიოში რამდენი ავტოდიზაინერიცაა, იმდენივე ხედვა არსებობს. დიზაინერი სწორედ იმისთვისაა, რომ მანქანის გარეგნობის ნებისმიერი დეტალი თავისებურად დაინახოს და თუ შესაძლებლობა აქვს, თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს კიდეც. ამის საშუალება კი მხოლოდ ერთეულებს აქვთ, მხოლოდ იმათ, ვისაც კონკრეტული ავტომობილის დიზაინის შემუშავება ევალება.
 
თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც არსებული ავტომობილების მათეულ დიზაინს ქმნიან და არცთუ იშვიათად, მათი ნამუშევარი ავტომოყვარულთა მოწონებას იმსახურებს. ასეთთა შორისაა თურქული წარმოშობის ბრიტანელი დიზაინერი არდალან ფარბუდი, რომელმაც სუპერავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია პაგანის უახლესი მოდელის, ჰუაირას მისეული კონცეპტუალური ვერსია შეიმუშავა.
ფარბუდმა ქოვენთრის (ბრიტა-ნეთი) უნივერსიტეტის დიზაინის სრული კურსი გაიარა და უკვე რამდენიმე ცნობილ პროექტზე მუშაობა მოასწრო, ამჯერად კი პაგანი ჰუაირას დიზაინის საკუთარი ვერსია შეიმუშავა და კონცეპტუალური პროექტი საზოგადოებას ინტერნეტით გააცნო. თავის ქმნილებას მან სეი (იტალიურად ექვსი) უწოდა.
 
„ექვსიანი” უჟანგავი ფოლადის მილებისგან შეკრული ორი სუბჩარჩოსგან შედგება, რომელთაგან ერთი კარბონის კომპოზიტით გაძლიერებული მონოკოკის საფუძველს წარმოადგენს და ავტომობილის ძირითადი მზიდი სტრუქტურაა. მეორე კი ძრავის ჩარჩოა, რომელზეც მთავარი აგრეგატი და ტრანსმისიაა დამაგრებული. ძარაც კარბონის კომპოზიტისგან მზადდება და ის ჩარჩოებზე ხისტად მაგრდება.
 
ძარას ინდივიდუალური დიზაინი გამოარჩევს, ის პაგანის არც ერთ მოდელს არ ჰგავს. იტალიური კომპანიის სუპერავტომობილებთან ყველაზე დიდი მსგავსება, უკანა ნაწილის ცენტრში განლაგებული გამოსაბოლქვი ოთხი მილია. სამაგიეროდ, პაგანის ავტომობილებზე ვერ ნახავთ სამხედრო თვითმფრინავის ტიპის მომრგვალებულ სანთელს, რომლის ქვეშაც მხოლოდ ორი გაბედული ადამიანისთვისაა ადგილი. გაბედულის იმიტომ, რომ მათგან ერთს – მძღოლს, არც მეტი, არც ნაკლები, 1 200 ცხენის ძალის გამკლავება მოუწევს. ეს კი, ადვილი ნამდვილად არაა.
ძრავი გერმანულ კომპანია AMG-ს მიერაა შექმნილი. ესაა 4.8-ლიტრიანი V8, რომელსაც ორი ტურბოკომპრესორი ემსახურება. ძრავთან 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, რომელიც საფეხურების შეცვლას სულ რაღაც 80 მილიწამს ანდომებს. ამ ტანდემის დახმარებით, სეის ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა სულ რაღაც, 2.9 წამში შეუძლია.
 
პროექტის მიხედვით, ავტომობილი1 100 კილოგრამზე მძიმე არ უნდა იყოს. დაბალ წონას კი ალუმინისა და კარბონის კომპოზიტის ფართოდ გამოყენება უზრუნველყოფს. „ექვსიანის” უკანა საკიდარი რეგულირებადია. ისე კი, წინა და უკანა საკიდარიც, მზიდ ელემენტს ორმაგი ჩანგლების მეშვეობით უკავშირდება. ბორბლების ზომებია 19X9.5 წინ და 20X12.5 უკან. შესაბამისად, ისინი 265/35ZR19 და 335/30ZR20 ზომის საბურავებითაა შემოსილი.
უნდა ითქვას, რომ ეს ავტომობილი ჯერ მხოლოდ ესკიზური კონცეპციის სახით არსებობს, თუმცა მისი რეალურ პროტოტიპად დამზადება, ტექნიკურად არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს...

კომენტარები