საქართველოს მხარდაჭერა კვლავ პრიორიტეტულია

მოუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების შემცირებას გეგმავს, საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა თითქმის უცვლელი დარჩა. მისთვის განკუთვნილი 67 მილიონი დოლარი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის განკუთვნილ დახმარებას აღემატება. ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მხარს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებისთვის უჭერენ. გარდა ამისა, საქართველო ამავე ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის განკუთვნილი საერთო თანხიდან ნახევარზე მეტს – 18 მილიონს – მიიღებს.
 
ბარაკ ობამამ 3,7-ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტი კონგრესს 14 თებერვალს გადაუგზავნა. მის მიხედვით, 2012 წლისთვის კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის დასახმარებლად განკუთვნილი საერთო თანხა 232 მილიონ დოლარამდე შემცირდება – ეს 4%-იანი კლებაა. 8%-ით შემცირდება სამხედრო სფეროსთვის გათვალისწინებული დახმარება და 34 მილიონი დოლარი გახდება. თავის მხრივ, თანხების განაწილება, ობამას ადმინისტრაციის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე მიგვითითებს.
 
დახმარება საგრძნობლად შეუმცირდა აზერბაიჯანს – 2010 წელს მიღებულ 22 მილიონ დოლართან შედარებით თითქმის 25%-ით. ცენტრალურ აზიაში მხოლოდ ყაზახეთი მიიღებს გაზრდილ თანხას, რომელიც შარშან გამოყოფილ 10,4 მილიონს 35%-ით აღემატება. ამის მიუხედავად, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთისთვის განკუთვნილი დახმარება ცენტრალურ აზიაში კვლავ ყველაზე დიდი იქნება.
 
რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამ ქვეყნებისთვის უცვლელი დარჩა, ან ოდნავ შემცირდა. უზბეკეთისთვის კი, რომელმაც, როგორც სატრანზიტო ქვეყანამ ავღანეთისაკენ, აშშ-ს მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური დახმარება გაუწია – სამხედრო სფეროში 100 ათასი დოლარია გათვალისწინებული. 2005 წლის შემდეგ ეს პირველი პრეცედენტია – მაშინ ქვეყანას დახმარება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ცუდი ვითარების გამო შეუწყდა.
 
ობამას ადმინისტრაციის შეთავაზება კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. კონგრესს მასში ცვლილებების შეტანა შეუძლია. ეს ბიუჯეტი 2012 წლის ფისკალური წლიდან ამუშავდება, რომელიც, თავის მხრივ, 2011 წლის ოქტომბერში იწყება.

კომენტარები