სააკაშვილი: დანაკარგების მიუხედავად, საქართველომ ავღანეთის მისიაში მონაწილეობა უნდა განაგრძოს

ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს განცდილი დანაკარგების მიუხედავად, საქართველო ”არ უნდა შედრკეს” და მისიაში მონაწილეობა უნდა განაგრძოს. ეს განცხადება დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან სტუმრობისას გააკეთა. ”ჩვენ გვქონდა მსხვერპლი ავღანეთში. ბოლო მებრძოლი ვინც იქ დაიღუპა ვანში გუშინ დავასაფლავეთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ შეიარაღებული ძალებისთვის ყველა ასეთი დანაკარგი უფრო მეტი გაძლიერების და სულისკვეთების საწინდარი უნდა იყოს,” აღნიშნა პრეზიდენტმა ”არ უნდა შევდრკეთ და არ უნდა შევეშვათ ამ ყველაფერს. ჩვენი საქმე არის სამართლიანი,” დასძინა მან.

22 თებერვალს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი კაპრალი, გიორგი ავალიანი დაიღუპა. სამინისტროს ცნობით, ავალიანი, რომელიც 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა, სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა. კაპრალი  ავალიანი მეექვსე ქართველი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა. 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, მუხრან შუკვანი 2010 წლის 6 სექტემბერს დაიღუპა. კაპრალი ნუგზარ კალანდაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე და პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი კი - 30 სექტემბერს. სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში ათასამდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. 

კომენტარები