10 საუკეთესო ციტატა მუამარ კადაფის მწვანე წიგნიდან

1975 წელს, ლიბიის ლიდერმა, პოლკოვნიკმა მუამარ კადაფიმ თავისი პოლიტიკური პრინციპები მწვანე წიგნში ჩამოაყალიბა. ამ წიგნის წაკითხვა ლიბიის ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა. ბრიტანელმა ისტორიკოსმა და მწერალმა, ენდრიუ რობერტსმა ლიბიელი ლიდერის მწვანე წიგნიდან ათი საუკეთესო ციტატა ამოკრიბა. ციტატები გამოცემა The Daily Beast-მა გამოაქვეყნა.

1. „ქალები, კაცების მსგავსად, ადამიანები არიან. ეს უდავო სიმართლეა. ქალები მამაკაცებისგან ფორმით იმიტომ განსხვავდებიან, რომ მდედრობითი სქესის არიან. მდედრობითი სქესის ყველა მცენარე და ცხოველი განსხვავდება მამრობითი სქესის იმავე სახეობისგან. გინეკოლოგების მიხედვით, ქალებს, კაცებისგან განსხვავებით მენსტრუალური ციკლი აქვთ ყოველ თვე. იქიდან გამომდინარე, რომ კაცებს არ შეუძლიათ დაფეხმძიმდნენ, ისინი არ განიცდიან იმ ავადმყოფობებს, რომელსაც მდედრობითი სქესის ადამიანები. ქალები შვილებს ძუძუთი კვებავენ დაახლოებით ორი წლის განმავლობაში.”

2. „არსებობს სოციალური ისტორიის გარდაუვალი ციკლები: ყვითელი რასის დომინირება მსოფლიოზე, როცა ის აზიიდან წამოვიდა, და თეთრი რასის მცდელობა მსოფლიოს ყველა კონტინენტის დიდი ნაწილის კოლონიზაციისა. ახლა შავი რასის ჯერია, რომ იბატონოს მსოფლიოში.“

3. „მაშინ, როცა დემოკრატიული თვალსაზრისით, მიუღებელია რომ ინდივიდი ფლობდეს რაიმე საინფორმაციო ან საგამომცემლო მედიუმს, ყველა ინდივიდს აქვს ნებისმიერი სახით თვითგამოხატვის ბუნებრივი უფლება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოხატვის გზები გიჟურია ან ადასტურებს ადამიანის სიგიჟეს.“

4. „სავალდებულო განათლება არის იძულებითი განათლება, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს. კონკრეტული სასწავლო მასალების შემოღება დიქტატორული ქმედებაა.“

5. „თუ ადამიანთა ერთი ჯგუფი ატარებს თეთრ ტანისამოსს გლოვის ნიშნად, ხოლო მეორე ჯგუფი გლოვის დროს შავით იმოსება, მაშინ ერთ ჯგუფს ეყვარება თეთრი ფერი და არ ეყვარება შავი, ხოლო მეორეს ეყვარება შავი და არ ეყვარება თეთრი. უფრო მეტიც, ეს მიდგომა ფიზიკურ გავლენას ახდენს სხეულის უჯრედებზე, ისევე როგორც გენებზე.“

6. „სპორტული კლუბები, რომლებიც ტრადიციულ სპორტულ ინსტიტუტებს წარმოადგენენ დღეს მსოფლიოში მტაცებელი სოციალური ინსტრუმენტებია. საჯარო სპორტული მოედნები სინამდვილეში მხოლოდ იმისთვის არის აშენებული, რომ ამ მოედნების ხელმისაწვდომობა შეაფერხოს.“

7. „ბავშვის საბავშვო ბაღში მოთავსება იძულებითი და ტირანული ქმედებაა და არღვევს მის თავისუფალ და ბუნებრივ მიდრეკილებას.“

8. „შრომა ხელფასის სანაცვლოდ ფაქტობრივად იგივეა, რაც ადამიანის დამონება. სოციალისტურ საზოგადოებაში ადამიანი არ უნდა ფლობდეს გადაადგილების კერძო საშუალებებს  სხვებზე გაქირავების მიზნით, რადგან ეს სხვების საჭიროებების კონტროლს წარმოადგენს.“

9. „დემოკრატიული სისტემა შემაკავშირებელი სტრუქტურაა, რომლის საძირკვლის ქვები ერთმანეთზე მტკიცედ დევს - ხალხთა ძირითადი კონფერენცია, ხალხთა კონფერენციები და ხალხთა კომიტეტები, რომლებიც საბოლოოდ ერთად ხალხთა საერთო კონფერენციაზე იყრის თავს. არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოების სხვა კონცეპცია, გარდა ამ სისტემისა.“

10. „ხალხის წარმომადგენლობითობა სიცრუეა. პარლამენტის არსებობა ხაზს უსვამს ადამიანების არყოფნას, იმიტომ, რომ დემოკრატიას მხოლოდ ხალხის ყოფნის შემთხვევაში შეუძლია არსებობა და არა ხალხის წარმომადგენლების ყოფნის დროს.“

 

კომენტარები