ბევრი გამოწვევა – ერთი დიდი შესაძლებლობა

 რაღაც მნიშვნელოვანი ხდება ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ზუსტად რა – ჯერჯერობით  ნათელი არ არის. მოვლენათა განვითარება და ღრმა ანალიზი ნამდვილად გაახუნებს ზოგიერთ იარლიყს, რომელიც დასავლელმა რეპორტიორებმა იქ მიმდინარე მღელვარებას უცებ მიაწებეს – დემოკრატიული ხანძარი, Twitter-ის პირველი რევოლუცია და ა.შ. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მთავარი მიზეზი საკვებზე ფასების მატება გახლდათ, რომელმაც განვითარებული სამყაროდან ახლო აღმოსავლეთის ჩიხში შესულ ეკონომიკებში შეაღწია. და იმ დროისათვის, როდესაც ჟურნალის ეს ნომერი გამოვა, გაცილებით მეტი რამ მოხდება და მათ შორის ბევრი სიურპრიზიც იქნება. მიუხედავად ამისა, არც ისე ნაადრევია იმ გავლენაზე დაფიქრება, რომელსაც, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთის მოვლენები დასავლეთსა და საქართველოზე მოახდენს. 

ამ სტატიის წერის დროს, ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ საკუთარი ქვეყანა – ტრაიბალისტური შეტაკებებით, სამხედრო მოქმედებებით და სუბსაჰარული აფრიკიდან დაქირავებული მებრძოლებით – სამოქალაქო ომში გახვია. 2 ათასი ადამიანი მოკლეს, 140 ათასმა კი ქვეყანა დატოვა. ლიბიის ნავთობწარმოება 50%-ით შემცირდა და სიცილიამდე მიმავალი მწვანე ნაკადის მილსადენი გადაიკეტა.

დასავლეთით, ალჟირში, სადაც საპროტესტო გამოსვლები უფრო ადრე, საკვებზე გაზრდილი ფასების გამო გაიმართა, 19-წლიანი საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. ამან დემონსტრანტებს გამბედაობა შემატა, დედაქალაქ ალჟირში უკანონო მსვლელობები მოეწყოთ.
 
ბაჰრეინი მეტ გეოპოლიტიკურ შეშფოთებას იწვევს. იქ უმრავლესობაში მყოფი შიიტი მუსლიმები უმცირესობაში მყოფი სუნიტი მუსლიმების მმართველობას აპროტესტებენ. მეფე ჰამად იბნ ისა ალ ხალიფას მთავრობა ხან ძალას იყენებს პროტესტის ჩასახშობად და ხან მოლაპარაკებებს მართავს. 750-ათასიანი მოსახლეობით ბაჰრეინი სპარსეთის ყურის გეოპოლიტიკური ღერძია – იქ ამერიკის მე-5 სამხედრო ფლოტია განლაგებული – ქუვეითთან, ერაყთან, ირანსა და ჰორმუზის სრუტესთან ახლოს. გარდა ამისა, 25-კილომეტრიანი მაგისტრალი ბაჰრეინს საუდის არაბეთის ძირითადად შიიტებით დასახლებულ ნავთობმწარმოებელ რეგიონთან აკავშირებს. ეს რეგიონი არა მარტო ერ-რიადში მყოფი სუნიტი მმართველების, არამედ მსოფლიოს ენერგოკომპანიების სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს.
 
ეს უბრალოდ მოკლე აღწერაა იმ ფენომენისა, რომელიც შეერთებულ შტატებს და დასავლეთის სხვა წამყვან ქვეყნებს დააინტერესებთ, მსოფლიო ეკონომიკაზე იმოქმედებს და რუსეთს გააძლიერებს.
 
უკვე აშკარაა, რომ დასავლეთმა მეტი ყურადღება მიაპყრო ახლო აღმოსავლეთს. მაგალითად, მიუხედავად თავისუფალი სამხედრო რესურსების ნაკლებობისა, აშშ-ის სამხედრო ფლოტს თავისი მართვის გემი Mount Whitney, ავიამზიდი Enterprise და უნივერსალური სადესანტო გემი Kearsarge ლიბიის სანაპიროებისაკენ გადაჰყავს. ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალიაც, რომლებიც ასევე არიან ავღანეთის ოპერაციებში ჩართულნი, მსგავს ნაბიჯებს დგამენ.
 
ლიბიის კრიზისი, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში დასრულდეს. მაგრამ, რაც არ უნდა ხდებოდეს დღეს ახლო აღმოსავლეთში, ის ფართომასშტაბიანი და შორსმიმავალი იქნება. უსაფრთხოების სრულიად ახალი ლანდშაფტი დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ყურადღებას საკმაო ხნით დაიპყრობს.
სამწუხაროდ, ეს რუსეთის ოინებისადმი ყურადღებასაც შეასუსტებს და მოსკოვთან რბილ ურთიერთობებსაც წაახალისებს, მათ შორის ახალ ძალას შეჰმატებს ობამას ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკას.
 
ახლო აღმოსავლეთის არეულობის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები დასავლეთის კაპიტალსაც შეუცვლის მიმართულებას.
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, უკვე 30 ათასმა ჩრდილო აფრიკელმა ევროპაში გაქცევით უშველა თავს. მოსალოდნელია, რომ კიდევ მეტი მიაშურებს ბებერ კონტინენტს. ამ მიგრაციულ პროცესთან გამკლავება ევროკავშირში და მის 27 ქვეყანას შორის პოლიტიკური უთანხმოების საგანი გახდება. 
 
ნავთობზე მსოფლიო ფასებიც გაიზარდა. ერთი ბარელი Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასმა 24 თებერვალს 119 აშშ დოლარს მიაღწია. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ლიბიის ნავთობს შეეხო, რომელზეც მსოფლიო ნავთობწარმოების 2%-ზე ნაკლები მოდის. მაგრამ ნავთობტრეიდერები უფრო დიდი პრობლემისაგან იზღვევენ თავს – მათ ძალიან აშინებთ არეულობა საუდის არაბეთში, რომელიც მსოფლიო ნავთობის 10%-ს აწარმოებს. 1 მარტის ევროკავშირის ანგარიშით, 2011 წელს ნავთობის პროგნოზირებული საშუალო ფასი 101 აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა, როგორც ევროკავშირის ანგარიშში წერია, „გეოპოლიტიკური დაძაბულობის გავრცელებამ”, შეიძლება „ნავთობის ფასის პროგნოზირებულზე მეტად ზრდა გამოიწვიოს”.
 
ბარელში 100 აშშ დოლარზე მაღალი ნავთობის ფასი დასავლეთის ეკონომიკებს დაარტყამს, რომლებიც გაჭირვებით გამოდიან კრიზისიდან და სავარაუდოდ, სტაგფლაციას – ანუ ეკონომიკური სტაგნაციისა და ინფლაციის კომბინაციას გამოიწვევს.
რასაკვირველია, მსოფლიო ტენდენციები საქართველოშიც აისახება, განსაკუთრებით ენერგომატარებლებზე ფასების, ინფლაციისა და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების კუთხით.
 
მეტიც, ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკის არასაიმედოობა რუსეთს უფრო გააძლიერებს. მაგალითად, მწვანე ნაკადის მილსადენის გადაკეტვისთანავე გაზპრომმა ეს დანაკლისი შეავსო და იტალიას გაზის მიწოდება დღიური 65-დან 81 მილიონ კუბურ მეტრამდე გაუზარდა. როგორც ჩანს, ევროპა რუსეთის ენერგორესურსებზე მეტად დამოკიდებული გახდება. 
 
მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთი ერთი კრიზისიდან მეორე კრიზისში გადადის, კრემლი შეიძლება უფრო სანდო პარტნიორი აღმოჩნდეს ევროპელებისათვის. ამას კი კონკრეტული შედეგები მოჰყვება, მაგალითად, ტრანსსაჰარის გაზსადენზე უარის თქმა, რომლითაც ნიგერიის ბუნებრივი აირი ნიგერიიდან ალჟირს და იქიდან, ხმელთაშუა ზღვაში გამავალი მილსადენებით, ევროპას უნდა მიეწოდოს.
 
რუსეთი უკვე გაყოყოჩდა – 24 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის შეკამათება ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან შემთხვევითი არ ყოფილა. „აქ საუბარია ქონების კონფისკაციაზე”, თქვა პუტინმა ენერგობაზრის ლიბერალიზების ევროკავშირისეული გეგმის შესახებ, რომელიც ენერგოკომპანიების მიერ მილსადენების მონოპოლიზების აკრძალვას ითვალისწინებს. ელოდეთ მაგარ ვაჭრობას მოსკოვისგან ევროპაში თბილი სახლების და შეუჩერებელი წარმოების სანაცვლოდ. 
 
რამდენადაც რუსეთი მოახერხებს ევროპაში ენერგომატარებლების ექსპორტის გაზრდას, იმდენად გაიზრდება მისთვის ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის ენერგორესურსების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა. ამით იგი აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანზე, ანუ, საქართველოზე გეოპოლიტიკურ ზეწოლას შეინარჩუნებს ან გაზრდის. ამის იდეალური გზა საქართველოს დადანაშაულება ნებისმიერ იმ არეულობაში, რომელიც შესაძლოა სომხეთში, აზერბაიჯანსა ან რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მოხდეს და ქვეყნაში შიდა დაძაბულობის გამოწვევა იქნება.
 
შესაძლოა, ეს ნაკლებ რეალისტურად ჟღერდეს, მაგრამ სახელმწიფოებმა – დიდმაც და პატარამაც, საქართველო კი არ არის გამონაკლისი – უნდა იბრძოლონ საერთაშორისო გარემოში იმ ძირეულ ცვლილებებთან გასამკლავებლად, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთის მოვლენები იწვევს. იმ დროს, როდესაც დასავლეთის ყურადღება ახლო აღმოსავლეთზეა გადატანილი, საქართველომ ძალა არ უნდა დაიშუროს ამ რეგიონში გეოპოლიტიკური პროცესების განსამარტავად და ხაზი გაუსვას აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მნიშვნელობას. საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, იგი საიმედო მოკავშირედ უნდა დარჩეს ევროკავშირისა თუ NATO-ს ნებისმიერ ძალისხმევაში მონაწილეობით. რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანამ უნდა ისარგებლოს ამ დიდი შესაძლებლობით, რათა იმედის გზავნილი ახლო აღმოსავლეთში ყველა იმ ადამიანს მიაწოდოს, ვისაც საკუთარი ერის ძლიერ და სიცოცხლისუნარიან დემოკრატიად გარდაქმნა სურს.

კომენტარები