ჩაქუჩა-ტორნადო მსოფლიოს ჩემპიონია

პროფესიონალი ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე საშუალო წონით კატეგორიაში IBO-ს (International Boxing Organization) საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდა. მან თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ დაპირისპირებაში ქულებით პოლონელი მარიუშ სენდროვსკი დაამარცხა.

ქუთაისელი მოკრივისათვის ეს საქართველოში გამართული პირველი შერკინება იყო. ალბათ მისი ნერვიულობის მიზეზი ესეც იყო. თავისი ტრადიციული სტილისგან განსხვავებით, ამჯერად ხურციძე გაცილებით პრაგმატულად მოქმედებდა. მეტოქეს თორმეტივე რაუნდში ქულებით აჯობა და მოგება ერთი წამით არ დაუყენებია ეჭვქვეშ.

თორმეტი რაუნდის შემდეგ რინგზე მყოფმა რეფერიმ გამარჯვებულად ქართველი მოკრივე გამოაცხადა. რინგთან მყოფმა სამივე მსაჯმა გამარჯვება ხურციძეს მიაკუთვნა - 117:111, 120-108, 116:112. ორი მსაჯი ამერიკიდან იყო, ერთი კი ბელგიიდან.

ეს ორთაბრძოლა და კრივის საღამო ქართველ გულშემატკივარს უკრაინულმა კომპანიამ Elite Boxing Promotion-მა აჩუქა. სწორედ ეს კომპანია უწევს პატრონობას ქართველ მოკრივეს. მათთან ერთად შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო  და  საქართველოს პროფესიული კრივის ფედერაცია იღებდა.

სწორედ ორგანიზების მხრივ იყო გარკვეული ხარვეზები. რაც ალბათ გამოუცდელობის ბრალია. პირველი ოთხი ორთაბრძოლიდან ორი ვადამდე, ნოკაუტით დასრულდა. მეხუთე და მეექვსე ორთაბრძოლა კი პირდაპირ სატელევიზიო ეთერში უნდა გადაცემულიყო. აქედან გამომდინარე, თითქმის 45 წუთით დარბაზში შეკრებილი მაყურებელი უსაქმოდ აღმოჩნდა და უკამყოფილებას აქტიურად გამოხატავდა. ასეთი შემთხვევისათვის რაიმე უნდა ყოფილიყო მოფიქრებული.

ამასთან ერთად, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა რინგის გამომცხადებელი. ჯერ ერთი მისი ტექსტები კომუნისტური წარსულიდან გადმონაშთს ჰგავდა, რაზეც მაყურებელი კარგად ხალისობდა. თუმცა ავთანდილ ხურციძის ბრძოლის დასრულების შემდეგ გამარჯვებულად ავანდულ კურტანიძის!!! გამოცხადებას მაყურებელთა მხრიდან  სიცილთან ერთად აგრესიაც მოჰყვა.

თუმცა ყველაფერს დრო და გამოცდილება გამოასწორებს. მთავარია სამომავლოდ კიდევ მოხერხდეს საქართველოში ასეთი დონის შეხვედრის ორგანიზება.

დღეიდან თამამად შეგვიძლია ვთქვათ, საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონი ყავს პროფესიონალურ კრივში. ჩაქუჩა, იგივე ტორნადო - ავთანდილ ხურციძე.

კომენტარები