გაეროს რეზოლუციის მიღება ლიბიელმა ამბოხებულებმა საზეიმო ფეიერვერკით აღნიშნეს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/gaero.png##fbimage#
ევროპის რამდენიმე ქვეყანა და აშშ შეიარაღებულ ძალებს ამზადებენ, რათა გაეროს მიერ ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადების შესახებ მიღებული რეზოლუცია განახორციელონ. უცხოური მედიის ცნობით, ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საფრანგეთი მზად არის ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის პოზიციებზე საჰაერო დარტყმები რამდენიმე საათში დაიწყოს. სამხედრო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩართვის შესახებ მზადყოფნა დიდმა ბრიტანეთმა, ნორვეგიამ და იტალიამაც გამოთქვეს. გაეროს რეზოლუცია ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადებასთან ერთად, ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით ”ნებისმიერი ზომის” გამოყენებას გულისხმობს, სამხედრო მოქმედებების ჩათვლით.

ლიბიელმა ამბოხებულებმა გაეროს მიერ გუშინ გვიან ღამით მიღებული რეზოლუცია ფეიერვერკებით აღნიშნეს. ოპოზიცია და მათი მომხრეები ქალაქ ბენგაზის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. ტელეკომპანია ევრონიუსი იუწყება, რომ პოლკოვნიკ კადაფის ოპონენტები მთელი ღამის განმავლობაში სკანდირებდნენ და პატრიოტული შინაარსის სიმღერებს მღეროდნენ.

კადაფის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი  განაცხადეს, რომ გაეროს რეზოლუცია ”ლიბიის ერთიანობას საფრთხეს უქმნის.”  ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხალედ კაიმმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გაეროს რეზოლუციას უგულვებელყოფს, რადგან ”ეს დოკუმენტი ლიბიელებს ერთმანეთის ხოცვისკენ მოუწოდებს.” თუმცა, მან აქვე დასძინა, რომ ლიბიის ხელისუფლება მზად არის ამბოხებულების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები შეწყვიტოს. კაიმმა მადლობა გადაუხადა გაეროს იმ ქვეყნებს წევრ, რომლებმაც კენჭისყრის დროს თავი შეიკავეს. ესენია გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და ბრაზილია. ლიბიის ლიდერის ვაჟმა, საიფ ალ ისლამ კადაფიმ კი განაცხადა, რომ ლიბიის ხელისუფლება რეზოლუციის გამო შეშინებული არ არის. მან ასევე აღნიშნა, რომ ლიბიის შეიარაღებულ ძალებს სამოქალაქო ობიექტები არ დაუბომბავს. 

კომენტარები