იემენში 30 დემონსტრანტი მოკლეს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/iemeni.png##fbimage#
დღეს იემენის დედაქალაქში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების დროს 30 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაიჭრა. უცხოური მედიის ცნობით, სანას მთავარ მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები საპროტესტო მარშის გამართვას აპირებდნენ, როცა სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს.

პარასკევის ლოცვების შემდეგ იემენის სხვადასხვა ქალაქში მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომის მოთხოვნით, რომელიც ქვეყანას 32 წელია მართავს. ტელეკომპანია ალ ჯაზირა იუწყება, რომ დღეს სანაში შეკრებილი დემონსტრანტებს სავარაუდოდ, სნაიპერები ესროდნენ, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ საავადმყოფოში მიყვანილი აქციის მონაწილეების უმეტესობა ყელში და თავშია დაჭრილი.

ალი აბდულა სალეჰის გადადგომით საპროტესტო აქციები იემენში უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. სალეჰმა დემონსტრაციების დაწყებისთანავე პირობა დადო, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ვადამდე ადრე გადადგომაზე კატეგორიული უარი განაცხადა. იემენის პრეზიდენტის ოპონენტები კი ამბობენ, რომ თავდასხმებისა და დევნის მიუხედავად, სალეჰის გადადგომამდე საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ. 

კომენტარები