დომინო ჩერდება აქ

 „საზოგადოებას ცვლილებები სურს, ძირს დიქტატურა!” – ამ ლოზუნგებით ხალხი ახლა მაროკოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გამოვიდა. დედაქალაქის მთავარ მოედანზე  ფართომასშტაბიანი საპროტესტო მარში მოეწყო. აქცია საბოლოოდ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა – ქვეყნის ჩრდილოეთით  მომხდარ დაპირისპირებას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, მაროკოში მომიტინგეების მთავარ მიზანს მონარქის, მუჰამედ VI-ის გადაყენება არ წარმოადგენს. მათი ძირითადი მოთხოვნა მთავრობის შეცვლაა. „ხალხი გრძნობს, რომ მუჰამედი მაროკოსთვის შრომობს და ზრუნავს; მთავარი პრობლემა მთავრობაა. საქმის კეთების ნაცვლად მთავრობის წარმომადგენლები დროს უსაქმურობაში ატარებენ”, – განაცხადა ერთ-ერთმა მანიფესტანტმა. მთავრობასთან ერთად ისინი ელიტარული გაერთიანების, მახზანის, გაუქმებასაც მოითხოვენ. ეს უკანასკნელი სამეფო კარის წარმომადგენელთა ალიანსია, რომელიც ქვეყანაში მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს წყვეტს. მმართველობით იერარქიაში მახზანი მეფის შემდეგ მეორეა. პარლამენტი უკვე დიდი ხანია მახზანის ინტერესების გამტარებელ ორგანოდ იქცა. გავრცელებული აზრით, მახზანის წყალობით მაროკოში დიქტატურა დემოკრატიის ნიღაბსაა ამოფარებულ. 

1956 წელს, საფრანგეთის იმპერიისაგან გათავისუფლების შემდეგ მაროკოში აბსოლუტური მონარქია დამყარდა. მეფე აქ თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობს – იგი ქვეყნის უზენაესი რელიგიური ლიდერიცაა. მორწმუნე მუსლიმები თავიანთ პოლიტიკურ ლიდერს წინასწარმეტყველი მუჰამედის შთამომავლად მიიჩნევენ. ეს მის წონას საზოგადოებაში კიდევ უფრო ზრდის. 

ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ გაერთიანებებს პრობლემების მოგვარების ეფექტიან გზად მმართველობის არსებული ფორმის შეცვლა მიაჩნიათ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, „ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის დამყარებით, პოლიტიკური და სოციალური მოვლენების კონტროლი ბევრად უფრო მარტივი იქნება”.
 
რამდენიმე დღის წინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოსული 40 ათასი მაროკოელი, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოითხოვდა. პოლიტოლოგებისა და ექსპერტების განცხადებით, მაროკოს მთავარი ეკონომიკური სირთულეების აღმოფხვრა უმოკლეს ვადებში  შეუძლია.
 
ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად ექსპორტზეა დამოკიდებული. მსოფლიოში ფოსფატის ყველაზე დიდი მარაგებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების წყალობით მაროკოს ბიუჯეტში ყოველწლიურად 14,49 მილიარდი დოლარი შედის. ქვეყნისთვის კარგად განვითარებული ტურისტული ცენტრების არსებობაც დამატებითი შემოსავალია. მიუხედავად ამისა, უმუშევრობა ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. ოფიციალური მონაცემებით, მაროკოში დაუსაქმებელთა რაოდენობა 10%-ია, არაოფიციალური წყაროების თანახმად კი ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ მეხუთე მაროკოელს მინიმალური საარსებო პირობები არ აქვს. მნიშვნელოვანი პრობლემაა კორუფციაც. გატარებული რეფორმებისა და ღონისძიებების მიუხედავად მისი აღმოფხვრა ქვეყნის პოლიტიკურ, სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოებში ვერ მოხერხდა. Heritage Foundation-ის შეფასებით მაროკოში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი ძალიან დაბალია. ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიო რეიტინგში 93-ეა და 59,6 ქულით ფასდება. Freedom House-ი ქვეყანაში პოლიტიკურ თავისუფლებას 5-ბალიან შკალაზე 3 ქულით აფასებს. Human Development Index-ის მიხედვით კი მაროკო 114 ადგილზეა. 
 
მანიფესტანტების მთავარ მოთხოვნებს ქვეყნის პირველი პირი უკვე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე იმუშავებს. მუჰამედ VI-მ ხალხს დაშლისაკენ და ამ კომისიასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მონარქის განცხადებით, იგი არ დაუშვებს საპროტესტო აქციების გამო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეფერხდეს.

კომენტარები