ფსიქიატრი სამზარეულოში

 შეფ-მზარეული შარბელ ოუნი უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება. ის რესტორან მარჯანოვ ექსპრესის სამზარეულოს უდგას სათავეში. პირველი მიშლენის ვარსკვლავი და კულინარიულ წრეებში განსაკუთრებული რეპუტაცია მას, ჰოლანდიურ რესტორან Auberge-სთან თანამშრომლობამ დაუმკვიდრა. გარდა ამისა, 12 წლის განმავლობაში შარბელი საკონსულტაციო მოღვაწეობას ეწეოდა. მისი კოორდინაციითა  და რჩევებით მსოფლიოს მასშტაბით 70-მდე რესტორანი გაიხსნა. იტალიური და ფრანგული სამზარეულოს სპეციალისტი –  შარბელ ოუნი მოლეკულური გასტრონომიის ოქროს შეფის სერტიფიკატისა და მიშლენის ორი ვარსკვლავის მფლობელია. 

 
დავიბადე ბეირუთში 1980 წელს, ხოლო შემდეგ მთელი ცხოვრება სტოკჰოლმში გავატარე. 14 წლის ვიყავი, საზაფხულო სამსახური რომ დავიწყე რესტორანში, საკუთარი ჯიბის ფულისთვის. საერთოდ ევროპაში ყველა ახალგაზრდა ასე იქცევა. ვმუშაობდი ოფიციანტად. კულინარიული გამოცდილება არ მქონდა, იმავე ზაფხულს გავიცანი იტალიელი შეფ-მზარეული სილლა ლუჩიანო, სწორედ მან შემიყვანა სამზარეულოში და მზარეულების დამხმარედ დავიწყე მუშაობა.  ეს მხოლოდ საზაფხულო სამუშაო იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ სტოკჰოლმის უნივერსიტეტში ჩავაბარე, ფსიქიატრობაზე ვოცნებობდი და ასეც მოხდა.
 
ფსიქიატრიიდან –  შეფ-მზარეულობამდე
დღემდე ძალიან მიყვარს ფსიქიატრია, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჩემი საქმე მზარეულობა იყო. ტრენინგებს გავდიოდი მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ რესტორნებში, გამოცდილება მივიღე ისეთ რესტორნებში, როგორებიცაა: La Casa chele, La Plaza Gourmet, Belagio’s, Carino’s, La Gazette  და ვთანამშრომლობდი საქვეყნოდ ცნობილ შეფ-მზარეულებთან. 
 
საქართველო

უკვე რამდენიმე თვეა თბილისში ვიმყოფები, კონტრაქტის მიხედვით 3 წელი რესტორან მარჯანოვ ექსპრესის სამზარეულოს გავუძღვები. გავეცანი ქართულ სამზარეულოს, ნამდვილად გემრიელი კერძები გაქვთ, მაგრამ საკმაოდ მსუყე და ბევრ ინგრედიენტს იყენებთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, მოსულ სტუმრებს შეცვლილი მენიუ შევთავაზოთ, სადაც დახვეწილ სამზარეულოს (fine dining) გავაცნობთ. მინდა აღვნიშნო, რომ რესტორანში მოსულ სტუმრებს ახალ მენიუზე კარგი რეაქცია ჰქონდათ და კერძების დაგემოვნების შემდეგ მოწონება გამოხატეს. როდესაც კერძი სტუმრისთვის მიმაქვს, ყოველთვის მის სახეს ვუყურებ, რადგან აუცილებლად მიხვდები, მოეწონა თუ არა – პირველ რიგში ხომ თვალი ჭამს.
დიდი იმედი მაქვს, რომ დახვეწილი სამზარეულოს იდეა საქართველოშიც ისე გაამართლებს, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. ერთადერთი პრობლემა რაც მაქვს, არის მასალა, რომელიც საქართველოში არ იყიდება – ამიტომაც ინგრედიენტების იმპორტს ვაწარმოებთ. 
 
რესტორანი მარჯანოვ ექსპრესი გთავაზობთ იტალიურ და ევროპულ კერძებს – ლანჩსა და სადილს. 
მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 8. ტელეფონი: 95 03 23

კომენტარები