ირაკლის იავნანა

(მეფე ირაკლის ლექსები და სიმღერების ტექსტები, კრებული, სიესტა, თბილისი, 2011 წელი) ფასი 10 ლარი

თუ პოეზია მუსიკაა, მაშინ ირაკლი ჩარკვიანის – აწ უკვე მეფედ ცნობილის – სახელის წინ პოეტი იმთავითვე იგულისხმება. 
 
მაგრამ, რახან პოეზია ტექსტიცაა და გამომცემლობა სიესტამ პოსტსაბჭოური საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი ამ კუთხითაც წარმოგვიდგინა – ჩვენც ირაკლის ლექსებზე ვისაუბრებთ.
 
შეიძლება დღეს ბევრმა არ იცოდეს, რომ 90-იან წლებში რეაქტიული კლუბი, ერთგვარი არტ-ჯგუფი შეიქმნა. მისი წევრები სხვა იმდროინდელი ორდენ-გაერთიანებების (ქრონოფაგები, პოლილოგი) მხარდამხარ, ქართულ კულტურაში, კერძოდ კი ლიტერატურაში გამეფებული ერთი მხრივ საბჭოური და მეორე მხრივ ურაპატრიოტული ნარატივის ინერციას ებრძოდნენ. ირაკლი მისი დამფუძნებელთაგანი გახლდათ – რეაქტიულ კლუბს ასევე წარმოადგენდნენ პაატა ქურდაძე და კოტე ყუბანეიშვილი. თუ ამ არტისტების ნაწარმოებებს, თუნდაც გვიანდელს, გადავხედავთ, განსხვავდებიან – კოტეს ლექსების დიდი ნაწილი ემოციური, დეკლამაციური ხასიათისაა, ე.წ. საზრისის, დადუღებულ პოეზიას ნაკლებად შეხვდებით, რადგან ამგვარი მედიტაცია შეგნებულად უარყო – ის ტარიელ ჭანტურიას ცდების საინტერესო გამგრძელებელია. ირაკლის ნაწარმოებები კი შედარებით უფრო ფრაგმენტულია (ამ სიტყვის პოზიტიური გაგებით) ანუ მათში თითქმის ყველა ხერხია მოსინჯული – ვერლიბრი, ვერბლანი, კონვენციური ლექსი – სენტიმენტალური, სოციალური – უკიდურესად ტროპული ანაც ნეოლოგიზმებით სავსე.
 
პაატა ქურდაძემ ჩარკვიანის ლექსწყობას „ანარქიული სიზუსტით” გამართული დაარქვა.
 
გავიხსენოთ ერთი უცნაური ტექსტი, რომელიც კარგად ავლებს ზღვარს დედისადმი მიძღვნილ, „ხელისგულზეერბოკვერცხისებრ” დითირამბებს (თითო-ოროლა გამონაკლისი  სამოციანების ბოლოს გაკრთა და ეროვნული მასშტაბით, გადაიფარა) და ახალ მიმართებას შორის – გემუდარები/ ნუ ხოცავ ტარაკანებს, დედა,/ დაე, იცოცხლონ” (დაე, იცოცხლონ).
 
ირაკლი   ლირიზმის   დაკარგვის   შიშით    არ   უფრთხოდა ურბანულ ანაც ტექნოლოგიურ თემებზე წერას და თუნდაც, ერთი (ჩვენთან დამკვიდრებული) შეხედვით, არაპოეტური სიტყვების გამოყენებას – „ამერიკის მუცელში მოწყენილობაა, კომპიუტერული მოთმინება” (უსათაურო). ეს მერე უფრო მძაფრდება, სტერილურ ახალმეტყველებაში გადადის – „სრული სტალინიფიკაციაა სულის,/ აქსელერაციაა სურვილის” (გოელრო) და  უცებ გვესმის – „ცები – დაფლეთილი, ძველი ქოლგები,/ აირეკლავენ ვერცხლისფერ უდაბნოს”  (ჯიუტი სული).
 
ან სულაც უცნაური სინთეზის მცდელობა: „ტუჩებს – გამცვდარი საბურავების,/ ღრძილებს – დატეხილ წითელ აგურებს,/ ფოლადის კისერს, ბნელ სახურავზე/ მთვარე ჰკიდია ოქროს საყურედ” (მკვდარი სადგური).
 
ირაკლის ლექსებში ტრაგიზმი და ცინიზმი ერთმანეთში ირევა, თუ დააკვირდებით, მისი მუსიკალური ხაზის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც ეს მომენტია და ტექსტებშიც იმავე გზას ადგას. აი, თუნდაც ირიბი მაგალითი – ეს ფუტურისტული იავნანა ირონიული ფინალით, რომელიც თითქოს საკუთარ თავს უმღერა:
 
„ბარუმ სამბე გარდი მან,/აბონამო სიმგანი,/ლიბუნ, დაბო ლარდივან,/ გარუმსაბე ინბანი./ორამ სალუმ არამი,/ არ უმბანე გამანა./ადამბარუმ გვარანი,/არ ამბორემ რამანა,/სანდი ბანდი გერანდო,/არ-დასანდო ბანდალი./ინესენდო ვერანდო/ ა, დანდალი, დანდალი”.

კომენტარები