მიშელ პლატინი უეფას პრეზიდენტია

0 კომენტარი
#fbimage#http://www.tabula.ge/media/platin(2).png##fbimage#

მიშელ პლატინი მეორე ვადით აირჩიეს უეფას პრეზიდენტად. ის 2015 წლის ჩათვლით უხელმძღვანელებს ორგანიზაციას.

ფრანგი ექსვარსკვლავი ევროპული ფეხბურთის მმართველი სახლის თავკაცი პირველად 2007 წლის იანვარში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გახდა, ამჯერად კი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ უეფას XXXV კონგრესზე მოიპოვა დელეგატთა სრული მხარდაჭერა.

ოთხი წლის წინ ჩვენ ევროპულ ფეხბურთში ცვლილებები დავიწყეთ. შედეგებს უკვე ვხედავთ და ამით ყველა კმაყოფილია. მომდევნო წლებში დაწყებულ საქმეს გავაგრძელებთ - ჩვენი მიზანი ფეხბურთის ყველა ევროპულ ქვეყანაში განვითარებაა, - განაცხადა პლატინიმ კონგრესზე.

განვლილი ოთხი წლის მანძილზე მისი ინიციატივით შეიცვალა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების წესები, ხოლო უეფას თასის გათამაშება ევროპის ლიგამ ჩაანაცვლა.

პარიზში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებიც აირჩიეს: ესპანელი ანხელ მარია ვილიარ ლიონა, თურქი სენეშ ერზიქი, შვეიცარიელი პეტერ ჟილერონი, უკრაინელი გრიგორი სურკისი, ბულგარელი ბორისლავ მიხაილოვი, რუსი სერგეი ფურსენკო და რუმინელი მირჩა სანდუ.

კონგრესის გადაწყვეტილებით, ფიფას აღმასრულებელ კომიტეტში ვიცე-პრეზიდენტების მიშელ პლატინის და ანხელ მარია ვილიარ ლიონას მხარდამხარ წევრის სტატუსით გერმანიელი ტეო ცვანციგერიც შევა.

ევროპულ ფეხბურთში ხანგრძლივი მოღვაწეობისთვის უეფას საპატიო წევრის წოდება იტალიელ ანტონიო მატარეზეს და მალტელ ჯოზეფ მიფსუდს მიენიჭათ. უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ლალის ღირსების ორდენი ფრანგ ჟან-პიერ ესკალეტს, ისლანდიელ ელერტ შრამს და შვეიცარიელ რალფ ცლოშოვერს გადასცა, ხოლო ზურმუხტის ღირსების ორდენით, გარდაცვალების შემდეგ, სლოვაკი იან პოპლუხარი დააჯილდოვა.

სპეციალური პრიზით აღინიშნა ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის, მწვრთნელის და ფუნქციონერის ფრანც ბეკენბაუერის მოღვაწეობა ფეხბურთში.

უეფას XXXVI კონგრესს 2012 წლის 22 მარტს თურქეთის ქალაქი სტამბული უმასპინძლებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები