მითები და რეალობა

0 კომენტარი

2010 წლის მონაცემებით, სოფლად საქართველოს მოსახლეობის 47% ცხოვრობს. მათგან თითქმის ყველა დასაქმებულად ითვლება. აგრარული სექტორი აერთიანებს ხორბლის, სიმინდის, კარტოფილის, ბოსტნეულის, ყურძნის, ხილის, ხორცის, რძის და კვერცხის წარმოებას. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების წილმა ოჯახური მეურნეობის ფულად შემოსავლებში 2009 წელს მხოლოდ 6% შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სუბსიდირება საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკაა. სწორედ დიდი რაოდენობით სუბსიდირება განაპირობებდა იმას, რომ საქართველოდან სხვა ქვეყნებში, საბჭოთა კავშირის დროს მრავალი უხარისხო სოფლის მეურნეობის პროდუქტი გადიოდა. სუბსიდირება არ წყდება დღესაც, თუმცა დადებითი ეფექტი მაინც არ ჩანს. 

მითი: სუბსიდირება განავითარებს სოფლის მეურნეობის სექტორს. 
 
რეალობა: სოფლის მეურნეობის სუბსიდირება არაეფექტიანია.
ბოლო წლების მანძილზე ინტენსიურმა სახელმწიფო დახმარებებმა ვერ შეძლო აგრარული სექტორი გაეუმჯობესებინა და ზრდის ტენდენცია ეჩვენებინა. უარესიც, 2006 წელს სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 11.2%-ს შეადგენდა, ხოლო 2009 წელს ეს მაჩვენებელი 8.3%-მდე დაეცა. ევროკავშირში სოფლის მეურნეობის წილი საშუალოდ 1.9%, ხოლო აშშ-ში 1.2%-ია. განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში სოფლის მეურნეობა სექტორების მიხედვით ბოლო ადგილზეა და საშუალოდ 5%-ზე მეტს არ იკავებს.
 
მითი: სუბსიდია იცავს მცირე ოჯახური მეურნეობების ინტერესებს.
 
რეალობა: გამოყოფილი თანხები ძალიან მცირე გავლენას ახდენს მცირე მეურნეობების განვითარებაზე.
ნებისმიერ შემთხვევაში, სუბსიდირების მეშვეობით გამოყოფილი თანხები უმეტესწილად მსხვილ მწარმოებლებზე მიდის, მცირე მეურნეობებს კი ნაკლები თანხა ხმარდებათ. დღეს მეურნეობა კი არ სუბსიდირდება, არამედ ფული ქარხანაში მიდის, რომელმაც შედარებით მაღალ ფასში უნდა ჩაიბაროს გადასამუშავებელი პროდუქტი. პირდაპირი გავლენა სუბსიდირებიდან არ არსებობს.
მითი: სოფლის მეურნეობის სუბსიდირება სამართლიანია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
 
რეალობა: სუბსიდირება, ეს არის სიმდიდრის რედისტრიბუცია და მოქალაქეებისათვის იმთავითვე უსამართლოა. 
როდესაც სახელმწიფო სუბსიდირებისთვის ირჩევს რომელიმე სექტორს, ფულს იღებს ერთი ჯიბიდან და დებს მეორეში. რატომ შეიძლება იყოს ცუდი ასეთი გადანაწილება? პასუხია  –  უსამართლობის გამო – როდესაც ერთს ართმევ შემოსავლის ნაწილს და აძლევ მეორეს. 2009 წელს სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკაში 8.3%-ს შეადგენდა. არამომგებიანი სფეროს შენარჩუნება კი საქართველოს მოსახლეობას ძალიან ძვირი უჯდება. 2011 წლისთვის დამატებითი 150 მლნ ლარი გამოიყო მოცემული სფეროს განვითარებისთვის.
 
მითი: სოფლის მეურნეობის სტიმულირებას დადებითად შეაფასებს მთელი ქვეყანა.
 
რეალობა: რომელიმე სექტორის სუბსიდირება სხვა დარგების წარმომადგენლების მხრიდან უკმაყოფილებას იწვევს. 
რატომ სოფლის მეურნეობა და არა მრეწველობა? – შეიძლება იკითხოს მაგალითად ტანსაცმლის მწარმოებელმა. რატომაა აუცილებელი სოფლის მეურნეობის  და არა სხვა ინდუსტრიის განვითარება? ხომ შეიძლება ტანსაცმლის წარმოებაზე დახარჯულმა იმავე რაოდენობის თანხამ მეტი მოგება ნახოს, მეტი სამუშაო ადგილი შექმნას, ქვეყნის ექსპორტი გაზარდოს და სხვა დადებითი შედეგები მოიტანოს. ასეთი მოქცევა სახელმწიფოს მხრიდან უმეტეს შემთხვევაში უკმაყოფილებას იწვევს. შესაძლოა, გამოვიდნენ სასტუმროს მეპატრონეები და გააპროტესტონ, რომ სხვა რომელიმე მრეწველობას ეხმარებიან, მათ მიმართ კი გულგრილები არიან.
 
მითი: სოფლის მეურნეობის სუბსიდირება კარგია ქართველი გადასახადის გადამხდელისთვის და მომხმარებლისთვის.
 
რეალობა: სუბსიდირება ორმაგ დარტყმას აყენებს გადასახადის გადამხდელს და მომხმარებელს.
პირველი დარტყმა რედისტრიბუციაა. მეორე – ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მაღალი ფასები, რაც მძიმე ტვირთად აწვება მომხმარებელს. სუბსიდირება და ტარიფები იმპორტზე პროდუქტის ფასს ზემოთ წევს, რადგან სხვა ქვეყნიდან შემოსული კონკურენტის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე, სახელმწიფოს მიერ შექმნილი დაბრკოლებების გამო, ფასი იზრდება. ამის თვალსაჩინო მაგალითი აშშ-ში შაქარზე ფასია. შაქრის სუბსიდირება ხდება და საზღვარზე დამცავი მექანიზმები მოქმედებს. ამის გამო მომხმარებელს მსოფლიოს საშუალო ფასზე 10-ჯერ მაღალ ფასად უწევს შაქრის შესყიდვა.
 
მითი: სოფლის მეურნეობის სტიმულირება გაზრდის ექსპორტს. 
 
რეალობა: არსებობს საფრთხე, რომ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებამ შეიძლება გააფუჭოს საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან.
 
დღეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ძირითადი იმპორტიორები თურქეთი და ირანია. ქვეყნების უმეტესობა, რომელიმე სექტორის წასახალისებლად, ორ ძირითად მექანიზმს მიმართავს. პირველი, ეს არის სუბსიდირება, მეორე – სატარიფო ბარიერები. ტარიფები და სხვა პროტექციონისტული პოლიტიკა საკმაოდ არაეფექტიანია, ამას მოჰყვება ანალოგიური დაბრკოლებების შექმნა პარტნიორი ქვეყნის მხრიდან. საერთაშორისო ვაჭრობაში არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს ამა თუ იმ სექტორის სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან. როდესაც სუბსიდირებას უკეთებ პროდუქციას და გაგაქვს სხვა ქვეყანაში, მას ადგილობრივ წარმოებასთან კონკურენტული უპირატესობა აქვს. მოცემული ნაბიჯის საპასუხო რეაქცია ყოველთვის მტკივნეულია იმ ქვეყნების მხრიდან, სადაც ექსპორტს ეწევი. სტიმულირების დროს საქართველოს შემთხვევაში დიდია იმის შანსი, რომ სავაჭრო ურთიერთობები გაუარესდეს იმ ქვეყნებთან, ვისთანაც ბიზნესურთიერთობები გვაქვს. 
 
მითი: სოფლის მეურნეობის სუბსიდირება განავითარებს საქართველოს ეკონომიკას.
 
რეალობა: სოფლის მეურნეობის სუბსიდირება ამახინჯებს ეკონომიკას. 
 
ქვეყანაში სხვადასხვა ინდუსტრიის საბაზრო ფასებს და მოთხოვნის რაოდენობას მოთხოვნა-მიწოდება აბალანსებს. მოგების მასშტაბები ინვესტორებს სიგნალს აძლევს – ჩადონ მეტი ამა თუ იმ სექტორში, თუ შეკვეცონ დანახარჯები, თუ ეს უკანასკნელი დაღმასვლას განიცდის. მეწარმეები ისწრაფვიან ინოვაციისაკენ, რათა უკეთესი პროდუქტი მცირე დანახარჯებით და, აქედან გამომდინარე, ნაკლებ ფასად მიაწოდონ. მთელი ეს საბაზრო მექანიზმი, მთავრობის მიერ კონტროლირებად ინდუსტრიაში, დამახინჯებულია ან საერთოდ არ არსებობს. ფერმერები იღებენ მთავრობისგან დახმარებას, დანახარჯების შემცირების ნაკლები განცდა აქვთ და შეიძლება ფული არაეფექტიანად გაიფლანგოს. მათ ნაკლებად სურთ ეკონომიკური ეფექტის მიღწევა, რაც დანახარჯების შემცირების გზით, მოგების გაზრდას გულისხმობს. შედეგად, სახელმწიფო სუბსიდიები სოფლის მეურნეობაში  დანაკარგებს წარმოშობს, ეს კი საქართველოს მოქალაქეების შემოსავალს ამცირებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები