კოსოვოს საპრეზიდენტო არჩევნები სასამართლომ არაკანონიერად სცნო

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/pakoli.png##fbimage#
კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2011 წლის თებერვალში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არაკანონიერად სცნო. ამის შესახებ სააგენტო როიტერი იუწყება. სარჩელი სასამართლოში კოსოვოს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა შეიტანეს, რომლებმაც 22 თებერვლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს კოსოვოს პარლამენტი ირჩევს. ჯერჯერობით უცნობია, ხელახალი კენჭისყრა გაიმართება თუ პრეზიდენტ ბეგჯეტ პაკოლის პოსტის დატოვება მოუწევს.
 
პაკოლი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ალბანელად ითვლება. 1953 წელს დაბადებულმა  პაკოლიმ სახელი რამდენიმე გახმაურებული სკანდალით გაითქვა. 1990 წელს მან კომპანია მაბეტექსი შექმნა, რომელიც ძირითადად რუსეთთან თანამშრომლობს. კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის არის კრემლის, ასევე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს და ფედერაციული საბჭოს შენობების რესტავრაცია. რუსი სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ სარფიანი კონტრაქტები მან ”ასტრონომიული რაოდენობის” ქრთამების გადახდით მიიღო. 2007 წელს კი ევროპულმა მედიასაშუალებებნა გერმანიის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პაკოლის, შესაძლოა, კოსოვურ-ალბანურ მაფიასთან ჰქონდეს კავშირი. თავად პაკოლი ყველა ბრალდებას უარყოფს. 

კომენტარები