ლიგა გუშინ და ხვალ

0 კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურმა ეტაპმა დაადასტურა დღევანდელ ევროპულ ფეხბურთში შესამჩნევი ტენდენციები.

კონტინენტის უძლიერესმა ლიგებმა თავიანთი უპირატესობა კიდევ ერთხელ დაგვანახეს. ინგლისური კვარტეტიდან სამმა გადალახა ბარიერი, ესპანური ტრიოდან – ორმა.
 
ჩელსის რეალური შესაძლებლობების საზომად კოპენჰაგენი არ გამოდგება, საგნობრივი მსჯელობისთვის უმჯობესია მანჩესტერ იუნაიტედთან მის მეოთხედფინალურ ჯახს დაველოდოთ. თავის მხრივ, ალექს ფერგიუსონის გუნდმა არად ჩააგდო შიდა პირველობაზე (იმავე ჩელსისთან და ლივერპულთან) მიჯრით განცდილი მტკივნეული მარცხი და უპრობლემოდ დაძლია მარსელის წინააღმდეგობა. შეცდომაში ნუ შეგიყვანთ საერთო ანგარიში 3:2 – საბოლოო შედეგი ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ.
 
ახლა ბევრს საუბრობენ ბარსელონასა და არსენალის საპასუხო თამაშის მსაჯზე და საწყალ მასიმო ბუსაკას ლამის კაცობრიობის წინაშე დამნაშავედ აცხადებენ. ნება მომეცით, კატეგორიულად არ დავეთანხმო ამ “კუდიანებზე ნადირობას”. რატომღაც, ადამიანებს საოცარი გულმავიწყობა გვახასიათებს. ჯერ ერთი, ბარსელონას ლონდონშიც დიდი ანგარიშით უნდა მოეგო! მარტო ლეო მესის უნდა გაეტანა სამჯერ, მაგრამ მანაც და მისმა პარტნიორებმაც მომენტები უხვად ფლანგეს. მერე ხოსეპ გვარდიოლამ მოხსნა თამაშიდან დავიდ ვილია და არსენ ვენგერის გუნდს ამოასუნთქა. სწორედ მაშინ შეძლო არსენალმა 2 ნახევარმომენტის ამდენივე გოლად ქცევა და დაიწყო ბარსას არაკეთილმოსურნეთა აღლუმი! არიქა, დასრულდა ბარსას ჰეგემონია, ეგენი ნოუ კამპზეც ვერას გახდებიანო. ბოლოს კი ვან პერსის გაძევებაზე გადაირივნენ... 
 
მე, ბავშვობიდან რეალის ქომაგი ვარ და კატალონიელთა წარმატებები სულაც არ მახარებს, მაგრამ არსებობს ობიექტური რეალობა – ბარსელონა ათჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ბავშვური განვითარების დონეზე დარჩენილი, სრულიად უნიათო და უთავმოყვარეო ლონდონური გუნდი. ერთი მითხარით, როგორ უნდა მოიგოს გუნდმა, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე კარში ვერ არტყამს, ბურთის ფლობის 20%-საც კი ვერ აღწევს და ვერც ერთ შეჯიბრებაში ვერ ახერხებს გადამწყვეტი მატჩისთვის სათანადოდ განწყობას?! 
 
მოკლედ, აღარ მინდა ბარსელონას ამდენი დაცვა, ისევე როგორც ჩემთვის საყვარელი რეალის შესახებ საუბარი. ლიონს ახლაც რომ მოეგო სამეფო კლუბისთვის და არ გაეშვა მეოთხედფინალში, ალბათ ჩემპიონთა ლიგას საერთოდ აღარ შევხედავდი! ახლა კი, თუ ყველაფერი ლოგიკურად მოხდა, ნახევარფინალში კიდევ ორი სუპერკლასიკო გველის და გამოდის, რომ აპრილში ესპანური ფეხბურთის გრანდები ლამის კვირაში ორჯერ ითამაშებენ.
იტალიელთა გამოსვლამ კი გაორებული შთაბეჭდილება დატოვა. ერთი მხრივ, რომას სრულიად სამარცხვინო განადგურება მეშახტეთა მხარის ბრაზილიურ კრებულთან მთლიანად ჯდება კლუბის მიერ წარმოებული უაზრო მენეჯმენტის ლოგიკაში. პირადად მე, არც მილანის მარცხი გამკვირვებია, რადგან მასიმილიანო ალეგრი არ მიმაჩნია ამ დონის გუნდისთვის შესაფერის მწვრთნელად და არც პატო-რობინოს დუეტის ტრფიალი გახლავართ. უფრო მეტიც, ჩემი აზრით, მილანს იტალიის ჩემპიონობის მოპოვებაც გაუჭირდება და რომ არა რაფა ბენიტესის სულელური სტრატეგია, ინტერს იქაც დიდი ხნის გარკვეული ექნებოდა ყველაფერი.
 
ამდენად, იტალიური ფეხბურთის პრესტიჟს ევროპაში ისევ თასის მფლობელი დაიცავს. თუ მიუნხენის ბაიერნთან ნანახით ვიმსჯელებთ, ლეონარდოს საკმაოდ კარგი პერსპექტივები გაუჩნდა. ხუმრობა საქმეა, განახევრებული შემადგენლობით ალიანს არენაზე გავეშებული მასპინძლების შეჩერება და შინ გაცემული ჰანდიკაპის ამოქაჩვა?! 
 
თავად ბაიერნი ცალკე საუბრის თემაა. ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალისტის კრახი მთლიანად ლუის ვან გაალის ყეყეჩობის შედეგია. ჯერ კიდევ ბარსელონადან მოყოლებული, ამ კაცს აწყობილი საქმის გაფუჭებისა და წამყვან ფეხბურთელებთან კონფლიქტში შესვლის გასაოცარი უნარი გამოარჩევს. შედეგად, რეკორდმაისტერი გავარდა და ესტაფეტა სამსახურიდან გაგდებული ფელიქს მაგათისა და პერმანენტულად ტრავმირებული ლევან ყენიას შალკეს გადასცა.
 
ჯერი მეოთხედფინალებზეა. აპრილი ბევრ დაუვიწყარ მატჩს გვპირდება და სასაუბროც უთუოდ მეტი გვექნება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები